Thursday, 19 October 2017

 

ქორწინება და მასზე  მოქმედი სტრეს-ფაქტორები

 

ნანა ჯუღელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებეთა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრი

 

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 3, 2017

 

შესავალი

 

ქორწინება ადამიანის ემოციურ განწყობაზე დადებითად აისახება, რაც ასევე პოზიტიურად მოქმდებს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა გარდა დადებითი მხარეებისა, არსებობს ქორწინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემა. ის შეიძლება აღმოჩნდეს ხანგრძლივი სტრესის და დეპრესიის წყარო. სტრესი ორგანიზმის ზოგადი რეაქციაა მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებელზე [1]. ქორწინებისას სტრესის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია ინტერპერსონალური ურთიერთობები. ინტერპერსონალური ურთიერთობები გულისხმობს ადამიანთა შორის ურთიერთობებს, ემოციებსა და რეაქციებს, რომლებსაც გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ. ინტერპერსონალური ურთიერთობებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახურ ურთიერთობებს. მაგალითად, ქალებისთვის ქორწინებასთან დაკავშირებული დეპრესია მჭიდრო კავშირშია პირველ ორსულობასთან და მშობიარობასთან. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ მამაკაცს, ისევე როგორც ქალს, დამატებითი პასუხიმგებლობები და მოვალეობები უჩნდება, რაც ასევე ერთგვარ სტრესთან არის დაკავშირებული. 

 

დეივ ვილისმა ქორწინებისას სტრესის გამომწვევი შემდეგი მიზეზები გამოყო: ფიანსური პრობლემები, არაჯანსაღი ურთიერთობები, წყვილებს შორის ნაკლები კომუნიკაცია, სექსუალური ცხოვრება, სამუშაოსგან მიღებული სტრესი, აზრთა შეუთავსებლობა, ჯანმრთელობის პრობლემები. [7.გვ1]

 

კვლევის მიზანია თუ რამდენად არის დაკავშირებული ქორწინება სტრესთან და დეპრესიასთან.

 

კვლევის ამოცანებია: 

 

•ქორწინებისას ქალებში და მამაკაცებში რა ძირითადი სტრესორები გამოიკვეთება;

•რომელი სქესის წარმომადგენელში უფრო მეტად ვლინდება სტრესის ნიშნები.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით, კვლევის დროს გამოყენებული იყო ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი. შერჩევის მეთოდს წარმოადგენს ,,თოვლის გუნდის“ პრინციპი.

 

კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იგი ვერ იქნება რეპრეზენტატული. რამდენიმე ინტერვიუს მონაცემს ვერ განვაზოგადებთ მთლიან პოპულაციაზე, რადგან ახალდაქორწინებულ წყვილებს შეიძლება სრულიად განსხვავებული აზრები და შეხედულებები ჰქონდეთ.

 

შედეგები

 

კვლევის ფარგლებში ჩატარდა 6 ახალდაქორწინებულის გამოკითხვა, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებოდნენ არაუმეტეს 12 თვისა. იმ მიზნით, რომ გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო გამოვკითხე 3 მდედრობითი და 3 მამრობითი სქესის წარმომადგენელი. მდედრობითი სქესის რესპონდენტთაგან 2-ის ასაკი იყო 22-25 წლამდე, ხოლო 1-ის - 34-37 წლამდე. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ასაკი მერყეობდა 22-25 წლამდე. რესპონდენტები ამჟამადაც იმყოფებიან ქორწინებაში.

 

ყველა რესპონდენტმა ქორწინების იდეალურ ასაკად მიიჩნია 25 წელი, რადგან ამ დროს აღარ ხარ დამოკიდებული ოჯახზე, გააზრებული გაქვს პასუხისმგებლობები, უფრო ჩამოყალიბებული ხარ. რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო რთულია ქორწინებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავება. თუმცა, მხოლოდ ასაკზე არ არის დამოკიდებული სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, ხასიათიც დიდ როლს ასრულებს. 

 

თიკო: „ვფიქრობ, სტრესი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ასაკზე, მასზე გავლენას ახდენს ხასიათიც“.

 

ნიკა: „ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები“.

 

ანი :„თუ ადრეულია ქორწინება, მეტია პრობლემა, მეტია სტრესული სიტუაცია“.

 

ქალებისათვის უფრო რთული აღმოჩნდა ოჯახის ახალ წევრებთან შეგუება. 

 

ანი: „ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა მეუღლის მშობლებთან ცხოვრება. ამიტომ ყველანაირი ზომა მივიღე იმისთვის, რომ მარტო გადავსულიყავი საცხოვრებლად და ფინანსურადაც მათზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული“.

 

მარიამი: „ვუვლი მეუღლის ასაკოვან მშობლებს, ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“. 

 

თიკო: „შეიძლება ოჯახის ახალი წევრისთვის უცხო აღმოჩნდეს ამ ოჯახის წევრების ურთიერთობების სტილი“. 

 

თანაცხოვრების დასაწყისში 6 წყვილიდან მხოლოდ 1 ცხოვრობდა მარტო. იგი მარტო ცხოვრებას საკმაოდ დადებითად აფასებს და ამბობს, რომ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და შეუძლია გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რასაც ადრე გაურბოდა, ან უბრალოდ თავის არიდებას ცდილობდა. ხოლო დანარჩენები ამბობენ, რომ მშობლებთან ერთად ცხოვრება კარგია, რადგან პასუხისმგებლობა დანაწილებულია ოჯახის წევრთა შორის. 

 

ექვსივე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ქორწინება და სტრესი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. 

 

თიკო: „როცა უკვე იაზრებ, რომ თანაცხოვრება გიწევს სხვა ადამიანებთან, იწყება ახალი პასუხიმგებლობები“.

 

ლაშა: „ქორწინება, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია სტრესთან, მე ჯერ კიდევ თაფლობის თვე მაქვს, მაგრამ უკვე მაშინებს იმის გაფიქრება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ავიკიდე“.

 

ნიკა: „პირდაპირ კავშირშია, აბა რა არი, ყველაფერი შენი მოსაგვარებელია“.

 

ზურა: „პირველი რამდენიმე თვე ხარ ტკბობის პროცესში, თაფლობისთვეა რა, გსიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს მთელი რიგი პრობლემები“

 

რესპონდენტებმა ასაკი და სტრესი ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირში განიხილეს. 

 

ანი: „ადრეულ ასაკში ალბათ უფრო ითრგუნები ამ ოჯახური ცხოვრების დროს წარმოქმნილი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით“.

 

ზურა: „აი, რავი, დაახლოებით 25 წლიდან, ალბათ, ხო, ქალს უფრო აქ გააზრებული თავისი ნაბიჯი და რაღაც-რაღაც დათმობებზე მიდის და შეიძლება სკანდალი არ ატეხოს იმის გამო, თუ ოჯახის წევრი თხოვს რომ საჭმელი გაუმზადოს“.

 

თიკო: „ნუ, მე მეშინოდა, რომ რაღაცეებს თავს ვერ გავართმევდი, ამის გამო პრობლემები შემექმნებოდა. მეჩვენებოდა, რომ ადრე გადავწყვიტე დაქორწინება და საოჯახო საქმეების კეთებაც მაინცდამაინც არ მინდოდა“.

 

მამაკაცთათვის სტრეს ფაქტორებს წარმოადგენდნენ მეგობრებთან ნაკლები დროის გატარება, არეული სექსუალური ცხოვრება, მეუღლის ფეხმძიმობა, გაზრდილი საზრუნავი და პასუხისმგებლობები.

 

ნიკა: „იმის მაგივრად, რომ მეგობრებთან ერთად ვიყო ბირჟაზე, სახლში მიწევს ყოფნა და ტელევიზორის ყურება, რადგან მეუღლე ფეხმძიმედაა და მარტო ვერ ვტოვებ, თან რაღაც შეუძლებელ რაღაცებს მთხოვს“. 

 

ზურა: „მთელი პასუხიმგებლობა მე დამაწვა, გაზრდილი საზრუნავი იწვევს ჩემში სტრესულ მგომარეობას“.

 

ლაშა: „აუ, ჩემი მთელი ხელფასი კომუნალურ გადასახადებს და პროდუქტებს სჭირდება, საკუთარი თავისთვის ვაფშე ვეღარ ვიტოვებ ვერაფერს“.

 

მდედრობოთი სქესის წარმომადგენელთათვის სტრესული იყო ის ფაქტი რომ მთელი საოჯახო საქმე მათი გასაკეთებელი იყო, ახალი ოჯახის წევრებთან შეგუების პროცესი, პასუხისმგებლობები, ფინანსური პრობლემები. 

 

მარიამი: „ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდი, ნეტა საერთოდ არ შემექმნა ოჯახი ამ ასაკში (34 წლის ასაკში). დავიღალე მეუღლის მოხუცი მშობლების მოვლით, ეს ფაქტი მანადგურებს“.

 

ანი: „მთელი საოჯახო საქმე ჩემზე გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვცხოვრობ, მთელი საზრუნავი  მაინც ჩემზეა“.

 

თიკო: „ყველაფერი ჩვენი მოსაგვარებელია. ფინანსურადაც არავინ გვეხმარება“.

 

სტრესული მდგომარეობის დაძლევაში მდედრობითი სქესის რესპონდენტებს ძირითად შემთხევაში დაეხმარათ ფიქრი მხოლოდ კარგსა და პოზიტიურზე.

 

თიკო: „ვცდილოვდი მეფიქრა მხოლოდ კარგზე“.

 

ანი: „ჩვენი ოჯახური თანაცხოვრების კარგ მხარეებზე ვფიქრობდი“.

 

მარიამი: „ახლაც სტრესულ მდგომარეობაში ვარ და რწმენის საშუალებით ვცდილობ ამ ყველაფრის დაძლევას“.

 

მამრობითი სქესის წარმომადგენელ რესპოდენტებს სტრესული მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარათ მეუღლის გვერდში დგომა და ფიქრი იმაზე, რომ ერთად ყველაფერს შეძლებდნენ.

 

ლაშა: „ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე“.

 

ნიკა: „ჩემი მეუღლე სულ იმას ცდილობდა, რომ მცირედით მაინც გავეხარებინე, ხშირად მიმეორებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყველაფერს დავძლევდით, ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის“.

 

ორივე სქესის წარმომადგენელთათვის საერთო იყო იმ ადამიანთა წრე, რომლებიც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარნენ. ესენი იყვნენ: მეუღლე, მშობლები, და-ძმები, მეგობრები, მოძღვარი.

 

თიკო: „ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე და ჩვენი მშობლები, მეგობრები, მეზობლები არა ოღონდ“.

 

 რესპონდენტების აზრით, სტრესი გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, იწვევს ცუდ ფიქრებს, განწყობას აფუჭებს, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებს შენს ირგვლივ. 

 

ანი: „კი, ახდენს გვალენას, იწვევს ნეგატიურ ფიქრებს, აფუჭებს განწყობას“.

 

ზურა: „ადამიანის ვიზუალზეც აისახება ეს ყველაფერი, საბედნიეროდ ჩემ შემთხვევაში ასე შორს არ წასულა“.

 

ნიკა: „აი, მე პირადად სულ ცუდზე ვფიქრობდი, საშინელება იყო“.

 

რაც შეეხება სტრესთან ბრძოლის მეთოდებს ქალების შემთხვევაში ჭორაობითა და სარწმუნოების საშუალებით  ახერხებენ დაძლევას. ბევრი საუბრები ერთგვარი თერაპიაა მათთვის, მარტივად განიმუხტებიან, დაქალებთან იოხებენ გულს.

 

ლაშა: „დაქალთან მოიოხებს გულს“.

 

ნიკა: „ჭორაობენ რა, და უფო მარტივად გამოდიან“.

 

მარიამი: „სარწმუნოება ძალიან დამეხმარა“.

 

თიკო: “ლაპარაკი უმსუბუქებს ადამიანს ამ მდგომარეობას“.

 

 სტრესული მდგომარეობიდან გამოსავალს მამაკაცები სასმელსა და მოსაწევში ხედავენ, ცდილობენ სახლში ცოტა დრო გაატარონ. ასევე, ფსიქოლოგთან ვიზიტი ეხმარებათ სტრესის დაძლევაში.

 

ანი: „მამაკაცები ხშირად არ გამოუტყდებიან სხვას მათი პრობლემის შესახებ“.

 

ლაშა: „მამაკაცებში უფრო კარჩაკეტილი სიტუაციაა და ეს კიდევ უფრო აძლიერებს სტრესს“.

 

თიკო: „ნუ კაცი ბევრს ეწევა და შეიძლება სვამდეს“.

 

ნიკა: „სხვა გზა აღარ მქონდა. აუტანელი ვიყავი ყველა ოჯახის წევრისთვის და გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი“.

 

ორივე სქესის წარმომადგენელნი ერთხმად აღიარებენ იმას, რომ ქალები უფრო მარტივად ახერხებენ სტრესის დაძლევას, რადგან ქალები უფრო მეტს საუბრობენ ამის შესახებ თავიანთ მეგობრებთან და შესაბამისად, უფრო მარტივად თავისუფლდებიან ნეგატიური ფიქრებისგან. 

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

კვლევისას გამოყოფილ იქნა რამდენიმე კატეგორია:

 

 ასაკი და ქორწინება

 

ქორწინება და ასაკი საკმაოდ მჭიდროდ არიან ერთმანეთთან კავშირში. რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო რთულია ცხოვრების ახალ ეტაპთან შეგუება, გიწევს ბევრ დათმობაზე წასვლა და ბევრ რაიმეზე უარის თქმა, როგორიცაა მაგალითად: მეგობრებთან ერთად გასვლა და გართობა. ოჯახის შექმნა სასურველია ისეთ ასაკში, როცა ადამიანს გააზრებული აქვს ცხოვრების მიზნები, თუ რისი მიღწევა სურს. იდეალურ ასაკად რესპონდენტებმა 25 წელი მიიჩნიეს, რადგან ამ ასაკში ადამიანი უფრო რეალიზებულია, უფრო მეტად იცის თუ რა და როგორ უნდა, შედარებით მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე დავუშვათ, 20 წლის ასაკში. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება, ადამიანი 20 წლის იყოს და იმაზე მეტად ჰქონდეს ჩამოყალიბებული და გააზრებული ყველაფერი ვიდრე მასზე ბევრად უფროსს. 

 

ასაკი და სტრესი 

 

სტრესი დამოკიდებულია როგორც ასაკზე, ასევე ხასიათზე. თუ ადამიანი მიდრეკილია სტრესისა და დეპრესიისკენ, იგი ნებისმიერ ასაკში იჩენს თავს. თუმცა, რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო უჭირს იმ სირთულეებთან შეგუება, რაც ოჯახურ ცხოვრებას ახლავს თან და სწორედ ეს არის სტრესისა თუ დეპრესიის საფუძველი. როცა უფროს ასაკში ქმნიან ოჯახებს, უფრო გააზრებულად მოქმედებენ, გაცილებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, რაღაც უბრალო შელაპარაკების გამო არ ინგრევა ოჯახი, ანუ უფრო მეტად შესწევთ დათმობებზე წასვლის უნარი, მათი ურთიერთობა მხოლოდ მოჭარბებულ ჰორმონებზე არ არის დამყარებული. 

 

მამაკაცი და სტრესი

 

 მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სტრესისკენ. შესაძლოა, რომ სრულიად უბრალო პრობლემამ მათში პანიკა გამოიწვიოს.  საყოველთაოდ აღიარებული აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცები ძლიერი არსებები არიან, უგულებელყოფილია მაშინ როცა საქმე სტრესს ეხება. მათი ძირითადი სტრეს ფაქტორი ეკონომიკური სიტუაციაა და ის რომ ისე თავისუფლად ვეღარ არიან, როგორც ოჯახის შექმნამდე იყვნენ. მეუღლის ფეხმძიმობა კიდევ უფრო ამძაფრებს მათ სტრესს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სექსუალური შეუთავსებლობა. როცა წყვილი სექსუალურად ვერ ეთავსება ერთმანეთს, იწყება მთელი რიგი პრობლემებისა თუ სტრესისა. მამაკაცებში ძირითადი სტრეს ფატორებია: ეკონომიკური სიტუაცია, მეუღლის ფეხმძიმობა, გაზრდილი პასუხისმგებლობა, გაზრდილი მოვალეობები, ნაკლები დრო მეგობრებთან ყოფნისთვის, სექსუალური შეუთავსებლობა.

 

ქალი და სტრესი

 

 ქალებს უფრო მეტად შეუძლიათ აკონტროლონ და მართონ თავიანთი ფიქრები, ემოციები. მათში, ძირითადად, სტრესს იწვევს: სამსახურის არ ქონა, საოჯახო საქმიანობები, პირველი შვილის გაჩენა, ეკონომიკური  სიტუაცია, ახალ ოჯახის წევრებთან შეგუება და მათზე მზრუნველობა. მამაკაცებთან შედარებით ქალები ნაკლებად სტრესულები არიან. ამ შემთხვევაში ქალები საკმაოდ ძლიერ არსებებად წარმოგვიდგებიან. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე როლი წარმატებით მოირგონ და გადაღლილობამ მათში სტრესი არ გამოიწვიოს, რადგან მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ თავიანთი ხასიათი აისახება ოჯახის სხვა წევრების განწყობაზე. მათ შეუძლიათ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ და არ ჩაიკეტონ ოჯახში არსებული პრობლემების გამო. 

 

ქალთა ბრძოლის მეთოდები სტრესთან

 

 ქალები სტრესთან გამკლავებას უფრო მარტივად ახერხებენ ვიდრე მამაკაცები. საკუთარი თავის ფსიქოლოგები, ხშირ შემთხვევაში, თავადვე არიან. მეგობრებთან საკუთარ პრობლემაზე ლაპარაკი საუკეთესო გამოსავალია სტრესული მდგომარეობის დასაძლევად, რადგან რაც უფრო ბევრს ლაპარაკობ, უფრო და უფრო თავისუფლდები და განიმუხტები უარყოფითი ენერგიისგან.  ფიქრი მხოლოდ კარგსა და პოზიტიურზე, როცა სტრესულ მდგომარეობაში ხარ ცოტათი რთულია, მაგრამ ვინც ამას ახერხებს ესეც საუკეთესო გზაა სტრესის დასაძლევად. მეგობრებზე, მშობლებზე, და-ძმებზე უკეთ ვერავინ შეძლებს დაგეხმარონ სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში. თუმცა, ყველაზე კარგი გამოსავალია საკუთარი თავის შთაგონება, რომ ასე ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანს და უნდა ირწმუნო, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ქალები უმეტეს შემთხვევაში ასე იქცევიან.

 

მამაკაცთა ბრძოლის მეთოდები სტრესთან

 

 მამაკაცებს ნაკლებად შესწევთ იმის ძალა, რომ სტრესული მდგომარეობა მარტივად დაძლიონ, ისინი გამოსავალს სასმელსა და თამბაქოს მოხმარებაში ხედავენ, ცდილობენ გაექცნენ არსებულ რეალობას, მაგრამ ეს უფრო ართულებს სიტუაციას და ხელს უწყობს სტრესული მდგომარეობის გაღრმავებას. მეუღლეები მათს ცხოვრებაში ძალიან დიდ  როლს თამაშობენ,  რადგან ერთგვარად ფსიქოლოგის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და არწმუნებენ რომ ყველაფერი მოგვარებადია, რომ ყველაფერს ეშველება, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს რაღაც გამოსავალი. მამაკაცები სტრესთან ბრძოლის მაგივრად ხელს უწყობენ მის გართულებას, უფრო ჩაკეტილნი ხდებიან, არავისთან საუბარი არ სურთ, მთელ დღეებს უაზრო ფიქრებში ატარებენ. მათ გარშემო მყოფ ადამიანებს არ ანახებენ იმას, რომ ისინი ცუდად არიან, არ უყვებიან არავის ამის შესახებ, ფსიქოლოგთან ვიზიტი კი რაღაცნაირად „უტყდებათ“.

 

 რეკომენდაციები

 

აღნიშნულმა კვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცებში უფრო მეტად ვლინდება სტრესის ნიშნები, რომ ქალებთან შედარებით, მათ ნაკლებად შეუძლიათ სტრესთან გამკლავება. 

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტრესული მდგომარეობის ჩამოყალიბება უფრო მეტად ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული, ვიდრე ასაკზე. ასევე, სტრესი პირდაპირ კავშირშია ქორწინებასთან. 

 

ქალები ნაკლებ სტრესულები არიან და სტრესის დასაძლევად ყველაზე მარტივ ხერხს, მეგობართან საუბარს ირჩევენ. მამაკაცები კი ამ გზას გაურბიან, ფსიქოლოგთან ვიზიტიც „უტყდებათ“.  საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც მამაკაცები მეტად ძლიერი არსებები არიან აღნიშნული კვლევით უგულებელყოფილია.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: ქორწინება და სტრესი საკმაოდ მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. საკმაოდ დიდი რიცხვია იმ წყვილებისა, რომლებიც ქორწინების შემდეგ სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კვლევის მიზანია იმის გაგება, თუ რამდენად არის ქორწინება დაკავშირებული სტრესთან. მეთოდოლოგია: პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ახალდაქორწინებული წყვილების ინტერვიურება. შედეგები, დისკუსია: ქორწინება პირდაპირ კავშირშია სტრესთან, მამაკაცები კი უფრო მეტად სტრესულები არიან და საკმაოდ უჭირთ სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლა, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. დასკვნა, რეკომენდაციები: სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას მიზანშეწონილია ფსიქოლოგთან მიმართვა, თვითშეგონება, სტრესის დაძლევის ხელშეწყობა.

 

Marriage and its current stress factors

 

Nana Jugheli - Ivane Javakhishvili Tbilisi State University the faculty of Social and Political Sciences, Bachelor of Sociology

Tengiz Verulava - MD, PhD, Professor

 

Abstract

 

Introduction: Marriage and stress are closely connected to each other. There’re quite a large number of couples who were in a stressful situation after their marriage. The research’s aim is to find out how much the marriage is connected to stress. Methodology: Within the framework of qualitative investigation the secondary data were analyzed, and we interviewed newly married couples. Results, Discussion: Marriage is directly related to stress, men are even more stressful. To recover from stress is especially hard for men, than female sex.  Conclusions and recommendations: While men are in stressful situation they should try not to contribute the soar of the process. They should go to the psychologist or they should try hard to become psychologists of themselves on their own.

 

ბიბლიოგრაფია

 

1.ვერულავა, თ (2016). ჯანდაცვის სოციოლოგია. სალექციო მასალები. 

2.Dave Willis . 12 CAUSES OF STRESS IN MARRIAGE. (30.12.2016)

http://sixseeds.patheos.com/davewillis/12-causes-of-stress-in-marriage/

Read 964 times