Thursday, 19 October 2017

  

პალიატიური ზრუნვის პრობლემები საქართველოში

(თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი)

 

მარიამ ქვათაძე, მარიამ ტურიაშვილი, ცოტნე ფულარია, დიმიტრი ჭილაია, ლაშა ხიჯაკაძე, გურამ სოლოღაშვილი - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრები

 

თენგიზ  ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. 

 

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 3, 2017

 

შესავალი

 

პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს „აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. მისი უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა და ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერა. პალიატიური მზრუნველობის მიზანია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევა“ [1].

 

ცხადია, პალიატიური ზრუნვის მიზანი არ არის პაციენტის გამოჯანმრთელება, მისი განკურნება. მისი მიზანია ასეთ ავადმყოფთათვის ტკივილის მოხსნა და სულიერი თანადგომა ცხოვრების უკანასკნელ დღეებში. ასევე მნიშვნელოვანია ავადმყოფთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან ხშირ შემთხვევაში მძიმე დაავადება განაპირობებს სამედიცინო მომსახურებაზე კატასტროფულ ხარჯებს და შესაბამისად პაციენტთა გაღარიბებას.

 

პალიატიური ზრუნვა ხორციელდება როგორც სპეციალიზებულ ჰოსპისებში, ასევე ბინაზე [2]. ბინაზე ავადმყოფთა ოჯახის წევრებს ასწავლიან, თუ როგორ მოუარონ პაციენტს. როგორც ავღნიშნეთ, პალიატიური ზრუნვა მრავალპროფილური მომსახურებაა. მულტიდისციპლინურ გუნდში ჩართულია არა მხოლოდ ექიმი, ექთანი და სანიტარი, არამედ ფსიქოლოგი, სოცმუშაკი, ასევე ეკლესიის წარმომადგენლები.

 

ჰოსპისური მოძრაობის დამფუძნებლად  მიიჩნევენ სესილი საუნდერსს (1948 წ.).  იგი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში 1980-იანი წლებიდან. დღეისათვის, მთელს მსოფლიოში ყველგან არის ჰოსპისების ფართო ქსელი.

 

საქართველოში ფუნქციონირებს რამოდენიმე ჰოსპისი. „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარი მოხუცებულების პალიატიური ჰოსპისი“ (მდებარეობს ხეივნის ქ. N 15) განთავსებულია კერძო საკუთრებაში მყოფ შენობაში, რომელშიც მოქმედებს, როგორც ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე, პალატა  პალიატიური პაციენტებისათვის (7 საწოლი პალიატიური პაციენტებისთვის და 16- ხანდაზმულებისთვის). პალატა აღჭურვილია მძიმე პაციენტების მოვლისთვის საჭირო აპარატურით და ფუნქციური საწოლებით.

 

ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე (ლისის ტბასთან) ფუნქციონირებს პალიატიური ზრუვის სამსახური. ჰოსპისს აქვს  ერთ, ორ და სამ საწოლიანი  პალატები (სულ 32 საწოლი ონკოლოგიური და შიდსით დაავადებულთათვის. მათ შორის, 2-2 საწოლი ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.). ცენტრი დაკომპლექტებულია სამედიცინო პერსონალით, მათ შორის დღის და ღამის მორიგე ექიმები და ექთნები, მომვლელები, ფსიქოლოგი. ცენტრს არ გააჩნია ბინაზე მოვლის სერვისები.

 

საქართველოში ასევე მოქმედებენ პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის ბინაზე დახმარების მობილური ბრიგადები (ფუნქციონირებენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში). ისინი წელიწადში კურირებენ 300-ზე მეტ ავადმყოფს და ახორციელებენ 6000-მდე ვიზიტს. ასევე, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია და ონკოპრევენციის ცენტრი ახორციელებს შიდსით დაავადებულ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობას ბინაზე და სტაციონარში.

 

პალიატიურ ზრუნვას ახორციელებს, აგრეთვე, თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი (ურბნისის 7, დარეჯანის სასახლე). იგი საქველმოქმედო ორგანიზაციაა და ხორციელდება ონკოლოგიური პროფილის პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა. ძირითადად ემსახურებიან დედათა მონასტრის მრევლზე [3].

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოში ოჯახის წევრების ჩათვლით, 75 ათასი ადამიანი მეტ-ნაკლებად საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას; სხვა განუკურნავი  სენით დაავადებულთა რაოდენობის დამატებით, დღეს საქართველოში 150 ათასამდე ადამიანი ექვემდებარება პალიატიურ მზრუნველობას [4].

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის რაოდენობაზე გათვლით, პალიატიური ზრუნვისათვის  საქართველოში საჭიროა დაახლოებით 330 ადგილი, მაშინ როდესაც გამოყოფილია მხოლოდ 45 ადგილი, შეიძლება ითქვას, რომ ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი ავადმყოფთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, ავადმყოფები მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას განიცდიან.

 

კვლევის მიზანია, შევისწავლოთ თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის პალიატიური ზრუნვის სერვისები. კერძოდ, თუ როგორ ხდება პაციენტების შერჩევა, მათზე ზრუნვის დაფინანსება, რა სახის სერვისებს ახორციელებენ?

 

მეთოდოლოგია

 

პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის წარმომადგენლების სიღრმისეული გამოკითხვა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით.

 

შედეგები

 

თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი დაარსდა 2003 წლის იანვარს. თუმცა, დედათა მონასტერი 1997 წლიდან ეწეოდა შეჭირვებულ ავადმყოფთა დახმარებას საკვებით და ტანისამოსით. 2004 წელს მოწყალების სახლს სამედიცინო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. 

 

მოწყალების სახლი რამოდენიმე სახის სპეციფიური დანიშნულების მქონე დაწესებულებაა:

 

•წმინდა ნინოს სახელობის სასნეულო  სახლი (ჰოსპისი);

•მოწყალების დების სასწავლებელი;

•ფუნქციონირებს უფასო ამბოლატორიული ტიპის მომსახურეობა, მიუსაფართათვის;

•უფასო სასადილო.

 

სასნეულო სახლი (ჰოსპისი) გათვლილია 6 საწოლზე, სადაც თავსდებიან IV კლინიკური ჯგუფის პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პალიატიური (შემამსუბუქებელი) მკურნალობა და სპეციფიური მოვლა.

 

სასნეულო სახლი (ჰოსპისი) სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უკურნებელი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მოვლა/მზრუნველობა, მათი ძირითადი ჩივილების შემსუბუქება და სულიერი და მორალური მხარდაჭერა.

 

ხშირად სასნეულო სახლში ხვდებიან ისეთი პაციენტებიც, რომელთა მდგომარეობა სამედიცინო მოვლის მხოლოდ გარკვეული დროით ჩართვას მოითხოვს, მაგალითად, ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი, რომელიმე ქრონიკული დაავადების გამწვავების ფაზა და ა.შ. 

 

სასნეულო სახლში გადაჰყავთ ის პაციენტებიც, რომელთაც ბინაზე მოვლის სამსახურის, სასნეულო სახლის ექიმის და მოწყალების დების შეფასებით, 24-საათიანი მოვლა-მზრუნველობა სჭირდებათ.

 

სასნეულო სახლის პაციენტების 70 % ინკურაბელური, ანუ განუკურნავი ავადმყოფებია, ხოლო 30 % - ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდის და რომელიმე ქრონიკული დაავადების (ხშირად ნევროლოგიური) გამწვავების შემდგომი პერიოდის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას. მათი დაწესებულებაში ყოფნის დრო წინასწარ არ არის განსაზღვრული. ასეთ პაციენტებს სამედიცინო მოვლას უწევენ დაახლოებით 2 კვირიდან ერთ თვემდე. თუმცა, მათი დაყოვნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდა, თუ, პირიქით, გაუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარკვეული რეაბილიტაციის კურსის ჩატარების შემდეგ ასეთ პაციენტს სახლში აბრუნებენ.

 

სასნეულო სახლის პაციენტები ქალები არიან. ბინაზე მოვლის სამსახურის პაციენტები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. პაციენტების უმრავლესობას მოზრდილები და მოხუცები შეადგენენ; თუმცა პალიატიური მზრუნველობის დახმარების გაწევა უხდებათ ინკურაბელურ ბავშვებთანაც.

 

სასნეულო სახლის სერვისებით ძირითადად სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები. თუმცა, მკურნალობის სიძვირის გამო, ამ სერვისებით სარგებლობენ დაბალშემოსავლიანი ადამიანებიც.

 

სასნეულო სახლს ურთიერთობა აქვს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან. მის თანამშრომლებთან გადიან კონსულტაციებს.  

 

პაციენტებზე ზრუნვას ახორციელებენ მოწყალების დები. ისინი პროფესიონალი ექთნები არიან, სათანადო კვალიფიკაციით, საგანმანათლებლო დიპლომით და პალიატიური ზრუნვის სერთიფიკატით. მოწყალების სახლში დასაქმებულია 18 მოწყალების და. 

 

მოწყალების დების გამოკითხვით ირკვევა, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის გარდა მათი მთავარი დანიშნულებაა პაციენტს გაუწიონ ფსიქო-ემოციური და სულიერი დახმარება. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწყალების დები გაწეული დახმარებისათვის არ ღებულობენ ანაზღაურებას. კითხვაზე, თუ რა არის მათი საქმიანობის მოტივაცია, ერთ-ერთმა მოწყალების დამ განმარტა: „პირადი ტრაგედიის შემდეგ გადავწყვიტე სხვა ადამიანზე მზრუნველობით შემევსო ეს დანაკლისი. მიხარია, როდესაც ადამიანს ჩემი დახმარებით და ღვთის წყალობით ტკივილი ეხსნება. ადამიანი მოწყალების გაღებისას საკუთარი სულის გადასარჩენად ზრუნავს. მოწყალება ადამიანის ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე მისი ცხოვრება ჭეშმარიტ აზრსა და დანიშნულებას კარგავს“. 

 

მოწყალების დების განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანის გვერდით იყვნენ სიცოცხლის ყველაზე მძიმე პერიოდში.

 

მონასტერთან არსებობს მოწყალების დების სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან. ისინი თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკას "სასნეულო სახლში" გადიან. არის. სასწავლებელს მთლიანად საპატრიარქო აფინანსებს.

 

სასნეულო სახლი და ბინაზე მოვლის სამსახური არ ფინანსდება რომელიმე სახელმწიფო პროგრამით. დაფინანსების წყაროა შემოწირულობები, გრანტები. დონორობას უწევენ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციები. ხშირად ადამიანები ანონიმურად ეწევიან ქველმოქმედებას. ინტერვიურების დროს მოწყალების დამ განაცხადა, რომ „ერთი ადამიანი, რომლის სახელი და გვარი ჩვენთვის უცნობია, ჩვენს ანგარიშზე რიცხავს თანხას, წელიწადში რამოდენიმეჯერ უზრუნველყოფს პაციენტებს საკვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით. ასევე, სასნეულო სახლის მედიკამენტებით მომარაგებას ახორციელებს "ავერსი". შემოწირულობის სახით, პაციენტს ან მის ოჯახს შეუძლია გარკვეული თანხის გადახდა. წელიწადში ერთხელ ტარდება საკონცერტო ღონისძიება, რომლიდანაც შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება პაციენტებზე ზრუნვას.

 

სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც მოწყალების სახლში მიიღეს ზრუნვა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოწყალების სახლში დარეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობა 18-დან 28-მდე გაიზარდა. 

 

ნახატი 1:

თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლში გატარებულ პაციენტთა რაოდენობის დინამიკა, 2014-2016 წელი.

 

 

წყარო: თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი.

 

მოწყალების სახლში პალიატიური მზრუნველობისათვის გამოყოფილი 6 ადგილი სრულად დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში. როგორც ინტერვიუდან შევიტყვეთ, არსებობს ისეთი მომენტებიც, როდესაც გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში მე-7 პაციენტს მოწყალების დის ოთახში აწვენენ. 

 

კითხვაზე, თუ რით აიხსნება მოწყალების სახლის სერვისების მიმართ პაციენტების მზარდი მოთხოვნა, მოწყალების დების აზრით, მათი სურვილია ავადმყოფობის პერიოდი საეკლესიო გარემოში გაატარონ. ამ დროს ხდება სიცოცხლის გადაფასება. ისინი გრძნობენ ღმერთის საჭიროებას და სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე გვაკითხავენ. გარდა მზრუნველობისა, მოწყალების სახლი აძლევს სულიერი მხარის შევსების საშუალებას. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი – ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი“.

 

მოწყალების დების განმარტებით, მოსახლეობის ფართო ფენებს არ აქვთ პალიატიური ზრუნვის შესახებ ინფორმაცია. არაინფორმირებულობის გამო ისინი ვერ იღებენ სათანადო პალიატიურ სერვისებს. 

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი მნიშვნელოვან და საკეთილდღეო საქმეს აკეთებს. საჭიროა საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

მოწყალების სახლი ახორციელებს არა მხოლოდ პალიატიურ მზრუნველობას, არამედ სხვა სახის დახმარებებითაც შემოიფარგლება. პალიატიური ზრუნვისათვის გამოყოფილი 6 საწოლი სრულად დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოში პალიატიური ზრუნვისათვის  გამოყოფილია მხოლოდ 45 ადგილი,  მაშინ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობაზე გათვლით საჭიროა დაახლოებით 330 ადგილი და ბინაზე ზრუნვის ფართო ქსელი. შესაბამისად, ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი ავადმყოფთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. 

 

საქართველოში დაბალია პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის განათლება. მწირი ინფორმირებულობის გამო პაციენტები და მათი ახლობლები ვერ იღებენ სათანადო პალიატიურ მომსახურებას, განიცდიან ტკივილს, მძიმე ემოციურ მდგომარეობას. 

 

რეკომენდაციები

 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია:

 

•საქართველოში პალიატიური ზრუნვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. 

•პალიატიური ზრუნვისათვის  გამოყოფილი საწოლების ზრდა 

•ბინაზე ზრუნვის ფართო ქსელის განვითარება. 

•პალიატიური ზრუნვისათვის  საჭირო საკადრო რესურსების ზრდა

•პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლება. 

 

აბსტრაქტი

შესავალი: საქართველოში ფუნქციონირებს რამოდენიმე ჰოსპისი, რომლებიც ახორციელებენ ინკურაბელურ პაციენტებზე ზრუნვას. კვლევის მიზანია პალიატიურ ზრუნვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის მაგალითზე. მეთოდოლოგია: პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში მოხდა დარგის ექსპერტთა სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: წლიდან წლამდე იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც მოწყალების სახლში მიიღეს პალიატიური ზრუნვა. ამისათვის გამოყოფილი 6 ადგილი სრულად დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში. ქვეყანაში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა ავადმყოფთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ისინი ვერ იღებენ სათანადო პალიატიურ სერვისებს. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საქართველოში პალიატიური ზრუნვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, პალიატიური ზრუნვის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლება. 

 

Palliative care of the Mercy Center of Peristsvaleba Nunnery

 

Mariami Turiashvili, Tsotne Fularia, Dima Chilaia, Gurami Sologhashvili, Mariam Kvatadze, Lasha Khijakadze - faculty of the Social and political science, Bachelors of Sociology

Tengiz Verulava, Doctor of Medical Sciences, Professor

 

Introduction: There are several places in Georgia, where hospice and palliative care is provided for incurable ( terminally ill) patients. The aim of the research is to study the problems which are related to the palliative care and to  gather the needed information from the Mercy Center of Peristsvaleba Nunnery. Methodology:  In addition to studying the primary and secondary sources of literature we used narrative interview as a  method for qualitative research. We interviewed the experts of this field. Results, discussion: The amount of the patients who were accepted to be under palliative care is increasing annually.  There are six beds in the Mercy Center. Due to high demand of palliative care and a small ammount of beds, all of them are always taken. It is  hard to satisfy other patients, who are willing to join the Mercy Center. On the other hand, the reason of not getting the necessary services is a lack of information about the hospice and palliative care. Conclusion, recommendations: Spreading the information about hospice and palliative care, supporting the organizations which are willing to develop in this field are the best ways of solving this problem. 

 

ბიბლიოგრაფია

 

1. World Health Organization. Cancer pain relief and palliative care. Report of a WHO Expert Committee (WHO Technical Report Series, No. 804). Geneva: World Health Organization, 1990

2.Verulava, T., Adeishvili, I., Maglakelidze, T., (2016) Home Care Services for Elderly People in Georgia. Home Health Care Management Practice, 28 (3). С. 170-177. ISSN 1552-6739

http://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/1084822315627785 (წვდომის თარიღი 28.12.2016)

3.თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი. 

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/feriscvaleba/feristsvaleba.htm (წვდომის თარიღი 28.12.2016) 

4.სუვარიანი, ნ. (2008) საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ინერგება. პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ.

http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7245&lang=geo (წვდომის თარიღი 28.12.2016)

 5. თენგიზ ვერულავა (2016). ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 ციტირება:

 

მარიამ ქვათაძე, მარიამ ტურიაშვილი, ცოტნე ფულარია, დიმიტრი ჭილაია, ლაშა ხიჯაკაძე, გურამ სოლოღაშვილი, თენგიზ ვერულავა. პალიატიური ზრუნვის პრობლემები საქართველოში (თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლი). ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა, N 3, 2017

 

7 იანვარი. 2017 წელი

 

Read 1009 times