Saturday, 16 December 2017

სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერთა აზრის შესწავლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ

 

მადონა კაპანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, ავერსის კლინიკის სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სამსახურის ამბულატორიული მიმართულების მენეჯერი

 

შესავალი

 

ჯანდაცვის სისტემის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მისი დაცვა ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული ფინანსური ხარჯებისგან. ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ეფექტური ხელმისაწვდომობა, რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემთხვევები, როდესაც პაციენტი ვერ გადაიხდის თანხას სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებისათვის, ან საჭირო სახსრების გაღება განაპირობებს მის გაღარიბებას.

 

2013 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. შედეგად, ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება უნივერსალური მოცვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორში უნივერსალური მოცვის მაჩვენებლების მიღწევა გულისხმობს არამხოლოდ მთელი მოსახლეობის დაზღვევას, ან მოცვას წინასწარი გადახდის სქემებში (მაგალითად, სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები), არამედ დაზღვევით მოცული სამედიცინო სერვისების  მაქსიმიზაციას,  უმთავრესად  მოსახლეობის  საჭიროებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს  ჯანდაცვის  სისტემის  დაფინანსებაში  განხორციელებული ბოლოდროინდელი ცვლილება, უდაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხში, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოცულ იქნა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ადრე ხელი არ მიუწვდებოდა ჯანმრთელობის სერვისებზე და შესაბამისად, მათ მიეცათ საშუალება ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების სარგებლის პაკეტით.

 

ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გავლენა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ ასევე აქტუალურია პროგრამის შეფასება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კუთხით. კვლევის მიზანია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შედეგად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა.

 

კვლევის მეთოდოლოგია

 

კვლევის დიზაინი მოიცავს პოლიტიკის დოკუმენტებისა და კვლევის საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების მეორად ანალიზს, რომელიც ეყრდნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველწლიურად საჯაროდ მოწოდებულ ინფორმაციას; ასევე, გამოყენებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის   N36   და   N165   დადგენილებები (საყოველთაო   ჯანდაცვის   პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტები). 

 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერების ჩაღრმავებული ინტერვიუ.

 

კვლევა  ჩატარდა   ქ.  თბილისში,  2015  წლის  12  მაისიდან  25  მაისამდე (ჩათვლით) პერიოდში.

 

კვლევაში სამედიცინო დაწესებულებების ჩართვის კრიტერიუმები:

 

• საკუთრებრივი  ფორმის  მიხედვით  კლინიკა  მიეკუთვნება  ამბულატორიული ტიპის/სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებას;

•    სამედიცინო  დაწესებულება  ჩართულია  საყოველთაო  ჯანდაცვის  სახელმწიფო პროგრამაში;

•    დაწესებულების ხელმძღვანელი თანახმაა გასცეს ინფორმირებული თანხმობა;

•    დაწესებულების ხელმძღვანელი  თანახმაა მისცეს ინტერვიუ.

 

კვლევის   ინსტრუმენტს   წარმოადგენს   წინასწარი   შედგენილი   კითხვარი   

კვლევაში ჩართვის პროცედურა: კვლევაში  მონაწილეობდა  თითო  დაწესებულებიდან  თითო  წარმომადგენელი. მათი თანამდებობა (დირექტორი, მოადგილე, მენეჯერი) და სამუშაო გამოცდილება (აღნიშნულ თანამდებობებზე   მინიმუმ   2   წლიანი   პრაქტიკული   გამოცდილება)   საშუალებას იძლეოდა დასმულ კითხვებზე გათვითცნობიერებული პასუხების მიღებისა.

 

სულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6 სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა. მათგან სამი საავადმყოფოს და სამი პოლიკლინიკის წარმომადგენელი.

 

ეთიკური საკითხები: კვლევაში მონაწილე ყველა დაწესებულების ხელმძღვანელისთვის შემუშავდა თანხმობის ფორმის დოკუმენტი, რომელშიც ნათლად არის მითითებული კვლევის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ. 

 

კვლევის შედეგები

 

კვლევის ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გადამხდელთან ურთიერთობა სჯობია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას, რადგან სადაზღვევო კომპანიებს ჯერ კიდევ დიდი დავალიანება აქვთ მათი დაწესებულების მიმართ. მათი აზრით, „სოციალური მომსახურების სააგენტოს გადახდის დისციპლინა გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე კერძო სადაზღვევო კომპანიებს“.

 

როგორც პოლიკლინიკების ასევე საავადმყოფოების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს სოციალური დაცვის სააგენტოსთან ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ თანხების მიღების პროცესი გამარტივებულია და ყოველთვიურად მიეწოდებათ თანხა, შეფერხებების გარეშე. 

 

მოსარგებლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის თაობაზე, რესპოდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთხმად აღნიშნა პაციენტთა ნაკადების მატების ტენდენცია. მათი აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უპირატესობა სხვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებთან მიმართებაში გამოიხატება ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიმწოდებლის არჩევის თავისუფლების მინიჭებით.

 

რაც შეეხება რესპოდენტთა მოსაზრებებს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით, კვლევაში ჩართული ყველა დაწესებულების  მენეჯერის  აზრი  მკაფიო  და  ცალსახაა.  მათ მიაჩნიათ,  რომ მოსახლეობას  სამედიცინო  მომსახურების  ღირებულება  გაუიაფდა,  რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები ის პირები გახდნენ, ვისთვისაც აღნიშნული   პროგრამის   ამოქმედებამდე   სამედიცინო   მომსახურების   ღირებულება 100%-ით ჯიბიდან იყო გადასახდელი.

 

დაწესებულებების  ხელმძღვანელების  აზრით  მოსახლეობა  კმაყოფილია ჯანდაცვის დაფინანსებაში განხორციელებული ცვლილებებით. მათი ინფორმაციით, დაუზღვეველი კონტიგენტისთვის ეს ცვლილებები დიდი სიკეთის მომტანია. თუმცა როგორც  ისინი  აღნიშნავენ  არსებობს  მოსახლეობის  კონტიგენტი,  რომელსაც გარკვეული  უკმაყოფილების  გრძნობა  უჩნდება  კონკრეტული  სერვისის  მიღებაზე უარის  თქმის  შედეგად  (რომელიც  საყოველთაო  ჯანდაცვის  პროგრამით  არ ფინანსდება), ან როდესაც თანაგადახდის წილს შეეხება საქმე. რესპოდენტები მოსახლეობის ამგვარ დამოკიდებულებას საინფორმაციო კამპანიის ცუდად მუშაობით ხსნიან, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია სარგებლის პაკეტით მოცული სერვისების თაობაზე და თანაგადახდით გათვალისწინებული მომსახურების საფასურიდან პროცენტული თანაფარდობის შესახებ.

 

რაც შეეხება უშუალოდ დაწესებულებების ხელმძღვანელების და მათი თანამშრომლების კმაყოფილებას დაფინანსების ცვლილებით, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები ერთხმად გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მოლოდინები მაქსიმალურად ვერ იქნა გამართლებული. განსხვავებული მდგომარეობაა საავადმყოფოების ხელმძღვანელებისა და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების მხრივ. კერძოდ, ამ შემთხვევაში საავადმყოფოების მენეჯერები უკმაყოფილონი არიან და მათი დამოკიდებულება განპირობებულია შესრულებული სამუშაოს შემდეგ თანხების გადმორიცხვასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობით და ამასთანავე პროგრამის მუშაობის ძალიან სკულპულოზური და შეუვალი მოთხოვნებით, რომლებიც საბოლოო ჯამში კვლავ თანხების  გადმორიცხვის  პრობლემებს  განაპირობებს.  

 

უმრავლესობა  აცხადებს,  რომ „სამედიცინო პერსონალი არ  არის მიჩვეული იმ  მკაცრ    და  შეუვალ მოთხოვნებს, რომელსაც სახელმწიფო აყენებს“, „მაგალითად, შემოდის მძიმე მდომარეობით ბავშვი და მოყვება დედა. ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა, დედას პირადობა არ აქვს თან. ამ შემთხვევაში გაწეული  სამუშაო  არ  გვიფინანსდება, რადგან  არ  არის  პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვურეკავთ მშობელს მაგრამ არ  მოაქვს დოკუმენტაცია, თუმცა ჩვენს მიერ სამუშაო შესრულებულია და ანაზღაურებას ვერ ვღებულობთ“.  „ძალიან პატარა წვრილმანებს გაეკიდებიან ხოლმე, „გარკვეული მომსახურებები არ არის პროგრამაში ჩართული და  დაწესებულებები პერიოდულად ამატებენ ასეთ სერვისებს. ამ  შემთხვევაში, როდესაც პაციენტი შემოდის სამედიცინო დაწესებულებაში და მისთვის გასაწევი მომსახურება არ არის კოდით ასახული მომსახურებების ჩამონათვალში, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავაპროექტოთ ეს სერვისი, მივუჩინოთ ფასი, გავაგზავნოთ სააგენტოში. მაგრამ ეს არ ესწრება 24-საათში. ამიტომ შეტყობინება გაგზავნილია დაუზუსტებლად - რა არის სერვისის საბოლოო დიაგნოზი, გაგზავნილია ცნობილი სერვისი, რომელიც შეიძლება შემდეგ შეიცვალოს. ახლა შეტყობინება რომ გავიდეს ჩვენ  ცნობილი სერვისით ვაგზავნით შეტყობინებას, მაგრამ დახურვას არ ვაკეთებთ, სანამ ეს  არ  აიტვირთება და  „ხელოვნური კოდი“ არ  მიენიჭება. თუმცა, სააგენტოს მიერ  აღნიშნული კოდების  მინიჭების პროცესი  დროში  იწელება,  რაც თანხების გადმორიცხვას აფერხებს.“

 

სახელმწიფოს მიერ მიმწოდებლებისთვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მომსახურების ერთეულზე დაწესებული ფიქსირებული ტარიფების მიხედვით. კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება დაავადების მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი სამედიცინო დაწესებულების ფაქტიურად გაწეულ ხარჯებს, რესპოდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი სამედიცინო დაწესებულების ფაქტიურად გაწეულ ხარჯებზე დაბალია. მომსახურების მიმწოდებლები იძულებულნი არიან შეამცირონ მომსახურების ტარიფები, რათა უფრო მეტი ბენეფიციარი მიიზიდონ და შესაბამისად, მათ მიერ გაწეულ მომსახურებაში სახელმწიფოსგან ანაზღაურების კუთვნილი პროცენტული წილი გარანტირებულად მიიღონ. 

 

რესპოდენტთა აზრით, სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და მათზე დაწესებული ფასი სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ფასეულობებთანაა დაკავშირებული. სერვისების ტარიფების ხელოვნური დაწევა პრობლემას უქმნის სამედიცინო დაწესებულებაში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სერვისების ხარისხზე და შესაბამისად კლინიკურ გამოსავლებზე.

 

რესპოდენტთა აზრით, ბენეფიციარების მიერ მომსახურების მიმწოდებლის არჩევანის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მომწოდებელთა მიერ სერვისის ღირებულების განსხვავებული თანხების არსებობის შემთხვევაში. რადგან სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღებისას თანაგადახდის პროცენტული წილი აჭარბებდეს დადგენილ 30%-ს.  შესაბამისად  სახელმწიფო  პაციენტს  უბიძგებს  (ან  აიძულებს)  მომსახურეობა დაბალტარიფიან დაწესებულებაში მიიღოს.

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შეფასების ყოველი მცდელობა და შეფასების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია საინტერესო და მნიშვნელოვანია პროგრამის დამგეგმავი და განმახორციელებელი ერთეულებისთვის, ისევე როგორც პროგრამის მოსარგებლე მოსახლეობისთვის.

 

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ცვლილებამ, კერძოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებამ, დადებითი გავლენა მოახდინა დაუზღვეველ მოსახლეობაში  სამედიცინო  მომსახურების  ხელმისაწვდომობაზე.  სახელმწიფომ მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტის (არადაზღვეული ადამიანები) ბაზისური სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო სექტორის წილის გაზრდის ხარჯზე. 

 

როგორც ვიცით, დაუზღვეველ მოსახლეობას მიეკუთვნებოდა 6 წლიდან საპენსიო ასაკამდე ადამიანები, რომელთაც სამედიცინო მომსახურების მიღებისას უწევდათ თანხების ჯიბიდან გადახდა, რაც საბოლოო ჯამში მძიმე ტვირთად აწვებოდა ავადმყოფი ადამიანის ოჯახს. დაუზღვეველი ადამიანების აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მოსახლეობის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ჯგუფს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური რისკებისგან დაცვა კი საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე.

 

მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ცვლილების ზემოთაღნიშნული უმნიშვნელოვანესი დადებითი ზეგავლენისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვყოთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც, ჩვენი აზრით, განხილვას, დახვეწას და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან.

 

საყურადღებოა, საავადმყოფოებისთვის სტაციონარული სამედიცინო  მომსახურების  ანაზღაურების  დადგენილი  წესი,  რომლის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებები იძულებულნი არიან შეამცირონ მომსახურების ტარიფები, რათა უფრო მეტი ბენეფიციარი მიიზიდონ და შესაბამისად, მათ მიერ გაწეულ მომსახურებაში სახელმწიფოსგან ანაზღაურების კუთვნილი პროცენტული წილი გარანტირებულად მიიღონ. 

 

სამედიცინო მომსახურების სტანდარტები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ფასეულობებთანაა დაკავშირებული. ტარიფების შემცირება და სამედიცინო მომსახურების “გაიაფება” პრობლემას  უქმნის სამედიცინო დაწესებულებაში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სერვისების ხარისხზე და შესაბამისად კლინიკურ გამოსავლებზე.

 

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. 

 

დადებითი მხარეების გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოსახლეობას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას შემდეგ საკითხებს:

 

  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები არასაკმარისია ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად რაც ნეგატიურად იმოქმედებს როგორც პაციენტზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაზე;

 

  სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების დაბალი ტარიფები აზარალებს იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია რომ ინფრასტრუქტურის და დასაქმებული პერსონალის გამო ფასი მაღალი იყოს. შესაბამისად შეიძლება ახლო მომავალში სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაზარალდეს, ხოლო შორეულ პერსპექტივაში შემცირდეს ინვესტიციები და სიახლეები სექტორში. აღნიშნული საკითხი ღრმადაა შესასწავლი და საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას;

 აუცილებელია დაფინანსების ადმინისტრირების გაუმჯობესება და თანხების დროული გადარიცხვა.

 

აბსტრაქტი

შესავალი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. კვლევის მიზანს შეადგენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შედეგად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერების ჩაღრმავებული ინტერვიუ. შედეგები: რესპოდენტების  უმრავლესობა დადებითად აფასებს სახელმწიფო გადამხდელთან ურთიერთობას სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით, რადგან სადაზღვევო კომპანიებს ჯერ კიდევ დიდი დავალიანება აქვთ მათი დაწესებულების მიმართ. მათი აზრით, თანხების მიღების პროცესი გამარტივებულია და ყოველთვიურად მიეწოდებათ ფული, შეფერხებების გარეშე. შეინიშნება პაციენტთა ნაკადების მატების ტენდენცია. დადებითი მოვლენაა ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიმწოდებლის არჩევის თავისუფლების მინიჭება, მათი ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდა, შესაბამისად მოსახლეობის  კმაყოფილების გაუმჯობესება. თუმცა, დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობა პროგრამით მოცული სერვისების თაობაზე და თანაგადახდით გათვალისწინებული მომსახურების საფასურიდან პროცენტული თანაფარდობის შესახებ. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი სამედიცინო დაწესებულების ფაქტიურად გაწეულ ხარჯებზე დაბალია. მომსახურების მიმწოდებლები იძულებულნი არიან შეამცირონ მომსახურების ტარიფები, რათა უფრო მეტი ბენეფიციარი მიიზიდონ და შესაბამისად, მათ მიერ გაწეულ მომსახურებაში სახელმწიფოსგან ანაზღაურების კუთვნილი პროცენტული წილი გარანტირებულად მიიღონ. სამედიცინო მომსახურების სტანდარტები და მათზე დაწესებული ფასი დაწესებულებებში სხვადასხვა ფასეულობებთანაა დაკავშირებული. ტარიფების ხელოვნური დაწევა პრობლემას უქმნის ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სერვისების ხარისხზე და შესაბამისად კლინიკურ გამოსავლებზე. დისკუსია, რეკომენდაცია: საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ  პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები არასაკმარისია ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად რაც ნეგატიურად იმოქმედებს როგორც პაციენტზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაზე.  სახელმწიფოს მიერ დადგენილი მომსახურების დაბალი ტარიფები აზარალებს იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია რომ ინფრასტრუქტურის და დასაქმებული პერსონალის გამო ფასი მაღალი იყოს. შესაბამისად შეიძლება ახლო მომავალში სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაზარალდეს, ხოლო შორეულ პერსპექტივაში შემცირდეს ინვესტიციები და სიახლეები სექტორში. აღნიშნული საკითხი ღრმადაა შესასწავლი და საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას. 

 

Abstract

Introduction: Introduction of Universal Health Care Program is a significant step forward in the terms of enhancing the availability of health care services for general population. Purpose of this research is to analyze problems arisen before the health service providers after the Universal Health Care Program was introduced. Methodology: Within the scope of the research extensive interviews were conducted with managers of health care facilities. Results: Majority of respondents give positive evaluation to the relations with the state payers compared to the insurance companies, since they still have major outstanding debts towards their establishments. In their opinion the payment process is simplified and they get monthly payments without further delays. Increase in patient numbers can also be detected. Giving the free choice of service providers to the beneficiaries is assessed as positive development together with the financial availability of such services, which increases the comfort of the population. However, beneficiaries are not duly informed about the services covered by the program as well as about the percentage from the service fees which will be cofinanced. Fees established by the state are lower than the actual costs of medical facilities. Service providers are obliged to decrease the service fees in order to attract more beneficiaries and, therefore, receive from the state the guaranteed amounts of their share in the reimbursement. Standards and prices for medical services relate to various values of the medical facilities. Artificial decrease of the prices stands in the way of innovations, new technologies and approaches, which can affect the quality of the services and the clinical outcomes. Discussion, Recommendation: Introduction of Universal Health Care Program is a significant step forward in the terms of enhancing the availability of health care services for general population. However, it should be taken into account, that the budget funds accorded to the program are not sufficient to finance the undertaken obligations, which has a negative impact on patients as well as on medical facility. Low service prices set by the state damage those facilities, which could require higher prices due to their infrastructure and employed personnel. 

Therefore, the quality of the medical services may be damaged in the nearest future. The investments and innovations in the field may start to gradually decrease. The present issue needs to be further analyzed and additional researchs shall be conducte 

 

 

ბიბლიოგრაფია

[1]  WHO,   The World Health Report  2000. http://www.who.int/whr/2000/en/

 

[2]   WHO,   FIFTY-EIGHTH WORLD HEALTH ASSEMBLY,   „Resolution WHA58.33 Sustainable health financing, universal coverage and social   health  insurance“,   2005.

http://apps.who.int/gb/ebwha/pdf_files/WHA58-REC1/english/A58_2005_REC1-en.pdf

 

[3]  საქართველოს ეროვნული ბანკი, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები, 2012.

 

http://www.nbg.ge/index.php?m=489

 

[4]  WHO, Declaration of Alma-Ata, International Conference on Primary Health Care, Alma-Ata, USSR, 6-12 September 1978.

http://www.who.int/publications/almaata_declaration_en.pdf

 

 [5]  Closing the gap in a generation – health equity through action on the social determinants of health. Geneva, World Health Organization, 2008 .

http://whqlibdoc.who.int/hq/2008/WHO_IER_CSDH_08.1_eng.pdf

 

[6]   Social health protection: an ILO strategy towards universal access to health care. Geneva, International Labour Organization, 2008

http://www.ilo.org/public/english/protection/secsoc/downloads/policy/policy1e.pdf

 

[7]   Xu K et al. Protecting households from catastrophic health spending. Health Affairs (Millwood), 2007.

 

http://content.healthaffairs.org/content/26/4/972.long

 

 [8]  WHO, Global Health Expenditure Atlas,  2012. http://www.who.int/nha/atlas.pdf

 

[9]   ILO, World Social Security Report 2010/11. Providing coverage in times of crisis and beyond. http://www.ilo.org/global/publications/ilo-bookstore/order-online/books/WCMS_146566/lang-- en/index.htm

 

[10]   WHO, „The world health report: health systems financing: the path to universal coverage“, World Health Organization, 2010

 

http://www.who.int/whr/2010/en/

 

 [13]  შორენა ჯადუგიშვილი. საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია, ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება საქართველოში 1990-2010წწ.

 

http://www.psidiscourse.ge/files/files/pdfs/Insurance%20I%20Final.pdf

 

 [16]    საქართველოს მთავრობის დადგენილება N36 „საყოველთაო ჯანდაცვაზე

 

გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვალი.

http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/Kanonmdebloba/Dadgenileba/N36-2013.pdf

 

[17]    საქართველოს მთავრობის დადგენილება N165  „საყოველთაო ჯანდაცვაზე

 

გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს

მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის

 

თაობაზე  2013 წლის 28 ივნისი.

 

http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/Kanonmdebloba/Brdzanebebi/165.pdf

 

[18]    საქართველოს 2012, 2013, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტები.

 

http://www.mof.ge/GovBudget

 

 [19]    სტატისტიკური მონაცემები ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების შესახებ 2012, 2013 წწ.

 

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=771

 

 [20]    Global Burden of Disease profile Georgia, 2010

 

http://www.healthmetricsandevaluation.org/

 

[21]   Guide for using qualitative approaches to health system research.

 

http://curatiofoundation.org/projects/uploads/pdfFiles/Doc%203%20simple%20consent.pdf

 

[22]    WHO, Global Burden of Disease Study, 2010

 

[23]    კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) - მიოკარდიუმის ინფარქტი ST - სეგმენტის ელევაციის გარეშე /არასტაბილური სტენოკარდია.

http://www.moh.gov.ge/files/gaidline/protokoli/10.1.pdf

 

 [24]    კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) -მიოკარდიუმის

 

ინფარქტი ST ელევაციით STEMI

 

http://www.moh.gov.ge/files/gaidline/protokoli/11.1.pdf

 

[25]    კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) - სტაბილური სტენოკარდია

http://www.moh.gov.ge/files/gaidline/protokoli/12.1.pdf

 

 [26]    WHO,    Prevention of Cardiovascular Disease, Pocket Guidelines for Assessment and

 

Management of Cardiovascular Risk http://www.who.int/cardiovascular_diseases/guidelines/PocketGL.ENGLISH.AFR-D-E.rev1.pdf

[27]    Treatment of Coronary Heart Disease

 

http://www.nhlbi.nih.gov/health/health-topics/topics/cad/treatment.html

 

[28]    სამედიცინო კლასიფიკატორების მოდული, ელექტრონული ჯანდაცვა.

 

http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx

 

[29]    Cerebrovascular Disease – Facts, Diagnosis, and Treatment

 

http://www.disabled-world.com/health/neurology/stroke/cerebrovascular-disease.php

 

[30]    კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – ინსულტის

 

მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში

 

http://www.moh.gov.ge/files/gaidline/protokoli/81.1.pdf

 

[31]  კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – ფილტვის

 

ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში

http://www.moh.gov.ge/files/gaidline/protokoli/69.1.pdf

 

[32]  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტატისტიკა

 

https://www.facebook.com/mohgovge

Read 979 times