Thursday, 19 October 2017

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სასურველი ორგანიზაციული ფორმა

 

ქეთი ზურაბიშვილი -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი

 

შესავალი 

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმებმა და სადაზღვევო სისტემის განვითარების აუცილებლობამ განაპირობა  1997 წელს „დაზღვევის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც რიგი ცვლილებებით დღესაც მოქმედებს. ამ კანონისა და საქართველოს  პრეზიდენტის 1997 წლის 29 ივნისის ბრძანებულების თანახმად, სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირებისათვის შეიქმნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. იგი საწყის ეტაპზე წარმოადგენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას (4). 

 

2001 წლის 20 ივნისის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებისა და ამავე წლის 16 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (4).

 

2007 წლის 11 ივლისს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებების თანახმად სამსახურმა, როგორც დამოუკიდებელმა საჯარო სამართლის იურიდიულიმა პირმა,  ამგვარი ფორმით შეწყვიტა ფუნქციონირება და მის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (4).

 

 2008 წლის 14 მარტს კვლავ განხორციელდა ცვლილება–დამატებები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში და სადაზღვევო სექტორზე საზედამხედველო ფუნქციები შეითავსა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილმა ორგანომ, რომელიც ახორციელებდა ზედამხედველობას  ზოგადად საფინანსო სექტორზე (4).

 

2009 წლის 24 სექტემბერს გატარდა ცვლილება-დამატებები „დაზღვევის  შესახებ“ საქართველოს კანონში და სადაზღვევო  სექტორზე საზედამხედველო ფუნქცია შეითვისა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ხოლო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გადაიქცა ეროვნული ბანკმის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად (დეპარტამენტი) (4).

 

ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით (1), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში  გაერთიანებამ განაპირობა უარყოფითი შედეგი, კერძოდ არ ხდებოდა სადაზღვევო კომპანიების სათანადო დონეზე რეგულირება. აღნიშნული განსაკუთრებით შეინიშნებოდა სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ისინი ვერ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებას, აგვიანებდნენ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას. შედეგად შემცირდა მოსახლეობის და სამედიოცინო პერსონალის ნდობა სადაზღვევო კომპანიებისადმი. მათი აზრით, შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად გადაწყდა სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება (1; 2).

 

2012 წელს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ დავით  ონოფრიშვილმა განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი დაზღვევის ზედამხეველობის ორგანოს შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს უნდა ჩამორთმეოდა სადაზღვევო ბაზრის რეგულირების ფუნქცია და შექმნილიყო დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო. 

 

2013 წლის 20 მარტს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი  სტრუქტურული ერთეულიდან (დეპარტამენტი) გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო. 

 

დაზღვევის საზედამხედველო სამსახურის მთავარი მიზანია სადაზღვევო ბაზრის სრულყოფილი ფუქნციონირების, მისი გადახდისუნარიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოის ხელშეწყობა, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი ბაზრის ინტერესების - სადაზღვევო კომპანიებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვა (3).

 

   დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, თუმცა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით. მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

 

    ზედამხედველობის სამსახურის მიზნები და ფუნქციებია:

 

  • დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
  • სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;
  • კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მისი შესრულების კონტროლი;
  • ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავება;
  • სახელმწიფო ხელისუფლების და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების შეთანხმება.

 

როგორც ვხედავთ, წლების განმავლობაში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, რომელიც შეიქმნა სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირებისათვის, რამდენჯერ განიცადა რეორგანიზაცია. საწყის ეტაპზე იგი წარმოადგენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. შემდგომ გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამჟამად იგი ისევ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია. კვლევის მიზანია, გავარკვიოთ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რომელი ორგანიზაციული ფორმაა ეფექტური?

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის დროს მოცემული ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა დოკუმენტების შესწავლისა და თვისობრივი კვლევის მეთოდები. თვისობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროში მოღვაწე ექსპერტების სიღრმისეული გამოკითხვა.

 

შედეგები

 

    წლების განმავლობაში, დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულ ფორმასთან დაკავშირებით, ექსპერტებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია  იგი რაიმე სტრუქტურას იყოს დაქვემდებარებული. სხვების აზრით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სრულყოფილი საქმიანობისთვის უმჯობესია, მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არსებობა. გარდა ამისა, სრულიად განსხვავებული შეხედულებაც გვხვდება, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ზედამხედველობის  სამსახურის  ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად იგი მაინც არ ფუნქციონირებს ეფექტურად. თითოეული ექსპერტი თავისი აზრის  სისწორეს გარკვეული არგუმენტებით ადასტურებს.

 

ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ვინაიდან სადაზღვევო ორგანიზაციები წარმოადგენენ ფინანსურ ინსტიტუტებს უმჯობესია მათ აკონტროლებდეს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზოგადად, ცალკე მარეგულირებელი ორგანოები გამოირჩევიან და ხასიათდებიან  მაღალხარჯიანობით, ეს პირდაპირ უწყობს ხელს ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვას. არაეფექტურს იმიტომ რომ სადაზღვევო ბაზარი არ არის საკმარისად კარგად განვითარებული, მიუხედავად მისი მრავალწლიანი არსებობისა. აუცილებელია ერთიანი სისტემის შექმნა, რომელსაც დაექვემდებარება ყველა მარეგულირებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების დაზოგვას და  ამასთან ნაკლებად იქნება კორუფციის, გარიგებებისა და ლობირების საშიშროება.

 

ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, საქართველოში სადაზღვევო ბაზარს მცირე ხნის ისტორია აქვს. საწყის ეტაპზე სადაზღვევო ბაზრის უკეთ განვითარებისავის მიზანშეწონილია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება. გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიების ლობირებასთან ერთად დაზღვეულთა უფლებების დაცვაზეც უნდა ფიქრობდეს. იმ პერიოდში, როდესაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, იგი უფრო მეტად ლობირებდა სადაზღვევო კომპანიის ინტერესებს და შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა დაზღვეულთა უფლებებს. მათი მტკიცებით, საზოგადოებისთვის უცნობია, თუნდაც ერთი პრეცედენტი, როდესაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანია არასწორი ქმედების გამო დაეჯარიმებინა, ან შეეზღუდა მისი მონოპოლიური მდგომარეობა. სადაზღვევო ბაზრის უკეთ განვითარებისავის მიზანშეწონილია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც სრულად განახორციელებს სადაზღვევო ბაზრის  რეგულირებას და მონიტორინგს. 

 

ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, მიუხედავად  საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციული ფორმისა, ის ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას ეფექტურად. სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ ზედამხედველობის ორგანიზავიული ფორმა წლების განმავლობაში იცვლებოდა მაგრამ ამას ზეგავლენა არ მოუხდენია ბაზრის განვითარებაზე. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ დღემდე არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს რომლის მიხედვითაც რომელიმე სადაზღვევო კომპანია დაჯარიმებულიყო, მიუხედავად რეალურად არსებული არაერთი დარღვევისა.  საკუთარი გამოცდილებითაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადაზღვევო კომპანიები ხშირად არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და სამწუხაროდ ამას სრულიად არ აკონტროლებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

 

დისკუსია, დასკვნა

 

სადაზღვევო ბაზრის განვითარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს დარგი ზრდის ნელი ტემპით ხასიათდება, თუმცა აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და  მას ხელშეწყობა სჭირდება. ყველანი ვთანხმდებით რომ აუცილებელია სადაზღვევო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს არსებობა, თუმცა რა ორგანიზაციული ფორმით ეს საკამათოა. მთავარია სადაზღვევო ბაზარი განვითარდეს და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა სადაზღვევო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე აუცილებელია მომხმარებლის ნდობისა და კეთილგანწყობის ამაღლება, ამისათვის კი სადაზღვევო ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და გაზარდონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა. ცნობილია, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ორგანიზაციები წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ისინი ძალიან წარმატებით ახორციელებენ თავიან საქმიანობას. თუმცა, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სუბიექტად ფუნქციონირება დანახარჯების ზრდის გამო არახარჯთეფეტურია. შესაბამისად, მიზანშოწონილია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოდგენილ იქნას ეროვნული ბანკმის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, რომელიც შეიქმნა სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირებისათვის, წლების განმავლობაში რამდენჯერ განიცადა რეორგანიზაცია. საწყის ეტაპზე იგი წარმოადგენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. შემდგომ გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამჟამად იგი ისევ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია. კვლევის მიზანია, გავარკვიოთ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რომელი ორგანიზაციული ფორმაა ეფექტური? მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროში მოღვაწე ექსპერტების გამოკითხვა. შედეგები: დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულ ფორმასთან დაკავშირებით, ექსპერტებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. ერთი ნაწილის აზრით, აუცილებელია  იგი რაიმე სტრუქტურას იყოს დაქვემდებარებული. სხვების აზრით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სრულყოფილი საქმიანობისთვის უმჯობესია, მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არსებობა. გარდა ამისა, სრულიად განსხვავებული შეხედულებაც გვხვდება, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ზედამხედველობის  სამსახურის  ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად იგი მაინც არ ფუნქციონირებს ეფექტურად. დასკვნა, რეკომენდაცია: საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სუბიექტად ფუნქციონირება დანახარჯების ზრდის გამო არახარჯთეფეტურია. შესაბამისად, მიზანშოწონილია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოდგენილ იქნას ეროვნული ბანკმის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

 

Desired organizational form of State Insurance Supervision Service

Ketevan Zurabishvili -  Undergraduate Student at Ilia State University

 

Abstract

 

Introduction:  State Insurance Supervision Service, created to supervise and control  insurance activities, has been reorganised several times over the years. At the initial stage it was an independent state agency. Then it became one of the subdivisions of the National Bank of Georgia. Now   it is again an independent legal entity of public law. The research aims to find out which organizational form  of the State Insurance Supervision Service is effective. Methodology:  Within qualitative research economy and insurance experts  will be interviewed. Results: There are different opinions among experts about  organizational form of State Insurance Supervision Service. Some of them believe that it must be  under an authoritative body. Others believe that its better for the State Insurance Supervision Service  to have a status of  legal entity of public law. Moreover, a completely different point of view can also be found,  according to which irrispective of the organizational form the Insurance Supervision Service is anyway not functioning effectively. Conclusion, Recommendation:  Due  to the difficult economic conditions in Georgia, when the Insurance Supervision Service functions as an independent unit there are high operating costs. Because of this it would be better for the Insurance Supervision Service to be one of the subdivisions of the National Bank of Georgia.

 

ბიბლიოგრაფია:

 

  1. ლოლაშვილი მარიამ.  საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი For.ge. “დაზღვევის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს”. 2013.05.09 http://www.for.ge/view.php?for_id=23438&cat=3

 

2. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“. დავით ონოფრიშვილი: დამოუკიდებელი დაზღვევის საზემმწიფო ზედამხედველობუს სამსახურის შექმნა აუცილებელია!  17.12.2012 http://iverioni.com.ge/2935-davith-onofrishvili-damoukidebeli-dazghvevis-sakhelmtsfo-zedamkhedvelobis-samsakhuris-sheqmna-aucilebelia.html 

 

 3. სსიპ საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. (მოძიებულია 20/11/2015)

https://www.facebook.com/photo.php?fbid=886227751443047&set=pb.100001674928334.-2207520000.1448107978.&type=3&theater

 

4. სსიპ საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განვითარების მოკლე ისტორია. http://www.insurance.gov.ge/About-Us.aspx

 

 

5. ბუთბაია მაია. საინფორმაციო სამსახური, რადიო „კომერსანტი“. დაზღვევის საზედამხედველო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. 06.01.2015. http://commersant.ge/?m=5&news_id=17762&cat_id=5

 

Read 1215 times