Thursday, 19 October 2017

ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში

 

ბექა დანგაძე, ლევან სოფრომაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები.

 

 

სამაგისტრო პროგრამა "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა", კურსი "სადაზღვევო საქმე" 

 

ხელმძღვანელი - თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

 

შესავალი

 

სამედიცინო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში მცირე დროის პერიოდია რაც არსებობს, მედია საშუალებებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ექიმების შეცდომების შესახებ. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რამდენად განვითარებულია საქართველოში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. 

 

ჩვენი კვლევის მიზანია, საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პაკეტების შესწავლა, მათი შედარებითი ანალიზი, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული პასუხისმგებლობით დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ექიმთა დაცვას და დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.

 

ლიტერატურული მიმოხილვა

 

სამედიცინო სფეროში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას საფუძველი მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღევა აღმოცენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდგომში განვითარდა და გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგიერთ ქვეყანაში კი აღნიშნულმა დაზღვევამ სავალდებულო ფორმა მიიღო.

 

აშშ-ში, თავდაპირველად, ექიმთა ასოციაციები ცდილობდნენ დაეცვათ მათი კოლეგები საჩივრებისაგან. ამ ტიპის დაზღვევა, დღევანდელი ფორმით, 1960-იანი წლების შემდეგ განვითარდა. 1980-იან წლებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ფინანსური ხელმისაწდომობის თვალსაზრისით (1). 1990-იანი წლების ბოლოს სადაზღვევო პრემიების სიდიდის კატასტროფული ზრდის გამო, აშშ-ის სამმა ყველაზე დიდი ზომის პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო კომპანიამ ბაზარი დატოვა (2).

 

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარი ასევე კარგადაა განვითარებული ევროპაში, რომლის ზომაც აშშ-ის ბაზრის ზომაზე დაახლოებით ორჯერ მცირეა. ამასთან, ევროპაში ექიმთა პროფესიული დაზღვევა სხვა პროფესიებთან შედარებით უფრო მეტადაა განვითარებული, ხოლო მეორე ადგილზეა არქიტექტურისა და საინჟინრო სფეროს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (3)].

 

იაპონიაში სამედიცინო პასუხისმგებლობის სადაზღვეო სისტემა 1961 წლიდან არსებობს და მას შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია 1972 წელს განხორციელებული რეფორმები. კერძოდ, ჩამოყალიბდა იაპონიის სამედიცინო ასოციაცია, რომლის ერთ-ერთ მიზანს შეადგენდა ექიმების ინტერესების დაცვა. შემუშავდა მექამიზმები, რომელთა მეშვეობით საექიმო შეცდომების შეფასება შესაძლებელი გახდა სასამართლოს გარეშე, პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს კოოპერაციის მეშვეობით სადაზღვეო კომპანიებთან და ლოკალურ სამედიცინო ასოციაციებთან (4).

 

2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევის ზარალმა 3.9 მილიარდი დოლარი შეადგინა (5). ყველაზე მაღალი ზარალი აშშ-ს სადაზღვეო სისტემამ 2003 წელს განიცადა, როდესაც ამ რიცხვმა 4.8 მილიარდ დოლარს მიაღწია (6). 

 

ყველაზე მეტ შეცდომას ამერიკელი ექიმები დაავადების დიაგნოზის დასმაში უშვებენ (შემთხვევათა 33%), მეორე ადგილზე ქირურგიული შეცდომებია (შემთხვევათა 24%). საექიმო შეცდომების 30% პაციენტების სიკვდილით მთავრდება (5).

 

აღსანიშნავია, რომ 2009-2013 წლებში აშშ-ში განხილული საჩივრების საშუალოდ 48.2% შემთხვევაში მოხდა თანხის გადახდა სადაზღვეო კომპანიის მიერ და საშუალოდ ერთ შემთხვევაზე ეს თანხა 212 ათას დოლარს შეადგენდა (7).

 

ექიმთა სპეციალობათა კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი რაოდენობით საჩივრები არის ოჯახის ექიმების წინააღმდეგ, შემდეგ მოდიან გადაუდებელი სამედიცინო პერსონალი, ზოგადი ქირურგები, ტრავმატოლოგები და გინეკოლოგები. აღნიშნული ხუთი პროფესიის ექიმთა წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა საჩივრების საერთო რაოდენობის 52.7%-ს შეადგენს (7).

 

ასევე ზრდადი ტენდენცია შეინიშნება იაპონიის ბაზარზეც, სადაც 1996-დან 2004 წლამდე ექიმების წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. აშშ-სგან განხსვავებით იაპონიაში სხვა პროფესიის ექიმებს შორის საჩივრების რაოდენობით ლიდერობენ შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, მეორე ადგილს იკავებენ ზოგადი ქირურგები, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან კოსმეტიკური, პლასტიკური ქირურგები და გინეკოლოგები. დანარჩენი სპეციალობის ექიმების წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა საერთო მაჩენებლის მხოლოდ 19.8%-ია (4).

 

საქართველოში მედიკოსების პასუხისმგებლობის დაზღვევა ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა. მართალია, რამდენიმე კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პაკეტებს, მაგრამ ქართველ ექიმებს ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული მისი მნიშვნელობა.

 

მეთოდოლოგია

 

დასახული მიზნების მისაღწევად, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, დოკუმენტების ანალიზისა და მეორადი ინფორმაციის შესწავლის მეთოდებით, განხორციელდა სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხებზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მოქმედი კერძო საპენსიო კომპანიების ბაზების, სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და პუბლიკაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების შესწავლა.  

 

შედეგები

 

საქართველოში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნაკლებადაა განვითარებული და შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა იკიდებს ფეხს (8).

 

ოფიციალურად, 2001 წლის საქართველოს კანონში საექიმო საქმიანობის შესახებ (მუხლი 97. პროფესიული შეცდომის დაზღვევის უფლება) მოცემულია, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგადაც პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი (16).

 

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 14 სადაზღვევო კომანიიდან 6 მათგანი სთავაზობს ექიმებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, ესენია ,,ჯი-პი-აი ჰოლდინგი’’, ,,არდი ჯგუფი’’, ,,უნისონი’’, ,, სტანდარტ დაზღვევა საქართველო’’ ,,ალდაგი ბი სი აი’’ და ,,აი სი ჯგუფი’’. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევას საქართველოში განვიხილავთ აღნიშნული კომპანიების მონაცემებით. (8)

 

აღნიშნული 6 სადაზღვეო კომპანიიდან ინდივიდუალური პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მომსახურებას თავაზობს 4 სადაზღვევო კომპანია: ,,ჯი-პი-აი ჰოლდინგი’’, ,,არდი ჯგუფი’’, „სტანდარტ დაზღვევა საქართველო’’ ,,ალდაგი’’, ხოლო 2 მათგანი: „აი სი ჯგუფი“ და „უნისონი“ კონცენტრირებულია მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებზე.

 

2014 წლის მონაცემებით სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი”  ლიდერია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით და ფლობს ბაზრის თითქმის 70%-ს. დღეისათვის, „არდი ჯგუფის“ მიერ დაზღვეულია 5000-ზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი მთელი საქართველოს მასშტაბით 135 სამედიცინო დაწესებულებაში (10).

 

“არდი ჯგუფი” -ს მიერ სამედიცინო პერსონალი დაყოფილია 4 კატეგორიად, რის მიხედვითაც ვარირებს სადაზღვეო პაკეტების თვისობრიობა და ღირებულება. პირველ კატეგორიაში შედიან: ქირურგები, რეანიმატოლოგები, ინვაზიონისტები, სადიაგნოსტიკო მიმართულების სამედიცინო პერსონალი. II კატეგორიას მიეკუთვნებიან თერაპიული მიმართულების სამედიცინო პერსონალი. Ш კატეგორიაში არიან პლასტიკური ქირურგები. ხოლო ბოლო კატეგორიაში შედიან ექთნები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. (10)

 

I, II და III კატეგორიის პერსონალს აქვს არჩევანი 4 ტიპის სადაზღვეო პაკეტს შორის. A, B და C ტიპის პაკეტები მოიცავს პაციენტის გარდაცვალებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მატერიალური ზიანს, ექიმის სერტიფიკატის შეჩერებას ან გაუქმებას, ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, უბედური შემთხვევის დაზღვევას, სერტიფიკატის შეჩერებას ან გაუქმების მოდულის გაფართოებას და სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურებას. ზემოთ აღნიშნული  პაკეტების გარდა თითოეულ კლიენტს შეუძლია არჩევანი გააკეთოს VIP პაკეტზე, რომელზეც ტარიფი და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზღვეულის მოთხოვნის მიხედვით. IV კატეგორიის სამედიცინო პერსონალს არჩევანი მხოლოდ 2 სადაზღვეო პაკეტს შორის აქვს. პაკეტი ‘’სტანდარტი’’ შეიცავს მხოლოდ პაციენტის გარდაცვალების, ჯანმრთელობის გაუარესების, მატერიალური ზიანისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. ხოლო პაკეტი VIP იმავე პირობებით გამოირჩევა, როგორც სხვა კატეგორიის პერსონალის შემთხვევაში: მისი ტარიფი და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზღვეულის მოთხოვნილების მიხედვით. (10)

 

“არდი ჯგუფი”-ს სადაზღვევო პოლისით ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი შემთხვევები, თუ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებული იქნა უნებლიე შეცდომა (მცდარი სამედიცინო ქმედება) ან დაუდევრობა: უშუალოდ დიაგნოზის დასმის დროს, ამბულატორიული მკურნალობის დროს, სტაციონარული მკურნალობის დროს, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების დროს, პაციენტის ბინაზე მომსახურების დროს, თუ ვიზიტი არის ოფიციალურად განხორციელებული. (10)

 

სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევის ანაზღაურებადი რისკებს “არდი ჯგუფ”-ში წარმოადგენს: პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის ხარჯები, პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები, პაციენტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი (ხარჯები), იურიდიული ხარჯები და საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში ხელფასის გარკვეული ოდენობის ხარჯები. (10)

 

ანაზღაურების გასაცემად აუცილებელი პირობაა: სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა (არა-განზრახი), მოქმედება სერტიფიკატით ნებადართულ ფარგლებში, პაციენტის მიმართვის აღრიცხვა სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტაციაში, პასუხისმგებლობის დადგენა სასამართლოს მიერ ან აღიარება მზღვეველთან შეთანხმებით. (10)

 

“არდი ჯგუფი”-მა სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებში 2012-2013 წლებში აანაზღაურა 138 შემთხვევა, რომელშიც 103 შემთხვევა მოდის I კატეგორიაზე, 24 შემთხვევა - II კატეგორიაზე, 6 შემთხვევა - Ш კატეგორიაზე, ხოლო 5 შემთხვევა - V კატეგორიაზე. (10) ახალი მონაცემებით 2015 წელს “არდი ჯგუფი”-ს მიერ ანაზღაურდა 76 შემთხვევა. (17)

 

რაც შეეხება ,,ჯი-პი-აი ჰოლდინგი’’-ს ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევას: ის განკუთვნილია ოჯახის ექიმებისთვის, ქირურგებისთვის, ვიწრო პროფილის სპეციალისტებისთვის (კარდიოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, სტომატოლოგი და ა.შ.), ექთნებისთვის და სხვა სამედიცინო პერსონალისთვის. ანაზღაურდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის შეცდომით ან დაუდევრობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები, მომხდარი შემდეგ შემთხვევებში: პაციენტის დიაგნოზის დასმისას, პაციენტის მკურნალობის დროს, ქირურგიული ოპერაციების ჩატარების დროს, სამედიცინო მანიპულაციებისას, სტომატოლოგიური მომსახურების გაწევისას, პაციენტის სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირების დროს. (11)

 

ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით ანაზღაურდება: ექიმის ან სამედიცინო პერსონალის შეცდომით ან დაუდევრობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები და ადვოკატისა და იურიდიული მომსახურების ხარჯები. დამატებითი პაკეტის „სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების დაზღვევა“ შეძენის შემთხვევაში ასევე ანაზღაურდება ხელფასი 6 თვის განმავლობაში (საექიმო სერთიფიკატის შეჩერების შემთხვევაში) ან ფულადი  კომპენსაცია (სერთიფიკატის გაუქმების შემთხვევაში). (11)

 

,,ჯი-პი-აი ჰოლდინგ’’-ში არსებობს ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის 4 პაკეტი, ესენია „სტანდარტი“, „ოპტიმალი“, „კლასიკი“ და „პრემიუმი“. ასევე ხელმისაწვდომია 4 ტიპის დამატებითი პაკეტი. ამ სადაზღვეო პაკეტებს აქვთ განსხვავებული ფასი და ანაზღაურების ლიმიტი. (11) 

 

დისკუსია, დასკვნები

 

სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან ექვს სადაზღვევო კომპანიას გააჩნია ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა და მათგან მხოლოდ ოთხი თავაზობს პაკეტებს ინდივიდუალურ პირებს, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს ბიზნესი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სადაზღვეო კულტურაც ახლა ვითარდება. ამჟამინდელი მონაცემებით, სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი” ლიდერია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით და ფლობს ბაზრის თითქმის 70%-ს. დღეისათვის, „არდი ჯგუფის“ მიერ დაზღვეულია 5000-ზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი მთელი საქართველოს მასშტაბით 135 სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არცთუ დიდი სტიმული შეინიშნება, რაც მის არასათანადო პოპულარიზაციაზე მიგვანიშნებს. ასეთი სადაზღვევო პროდუქტებისთვის საუკეთესო გამოსავალია კომპანიის მხრიდან მათში დიდი ინვესტირების ჩადება, რაც მოხმარდება ამ პროდუქტის მარკეტინგს, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდის ტემპის მატებას. თუ ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპი გაიზრდება მაშინ ეს პროდუქტი მიმზიდველი გახდება სხვა კომპანიებსთვისაც და კონკურენციაც შესაბამისად გაიზრდება, ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს ექიმთა დაცვის გაძლიერებას, რაც ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: სამედიცინო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში დროის მცირე პერიოდია რაც არსებობს. კვლევის მიზანია საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პაკეტების შესწავლა, მათი შედარებითი ანალიზი, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა დოკუმენტების ანალიზისა და მეორადი ინფორმაციის შესწავლის მეთოდი. შედეგები: სამედიცინო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვეო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან ექვს სადაზღვევო კომპანიას გააჩნია ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა და მათგან მხოლოდ ოთხი თავაზობს პაკეტებს ინდივიდუალურ პირებს. სადაზღვევო კომპანიებს შორის “არდი ჯგუფი”  ლიდერია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით და ფლობს ბაზრის 70%-ს. დისკუსია, დასკვნა: სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიზანშეწონილია აღნიშნული სადაზღვეო მომსახურების პოპულარიზაცია, მზღვეველების მიერ მათში ინვესტიციების განხორციელება, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ექიმთა დაცვას და დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.

 

ძირითადი საძიებო სიტყვები: დაზღვევა, ექიმების დაზღვევა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

 

Medical Professional Liability Insurance in Georgia, Comparisson of Insurance Packages of Georgian Insurance Companies

 

Beka Dangadze

 

Abstract

 

Introduction: Medical professional liability insurance has a short history in Georgia. Furthermore, media often spreads the information about medical malpractices. Because of these facts, it is important to find out, how developed medical professional liability insurance is in Georgia, what kind of insurance packages do insurance companies offer and how often do Georgian doctors insure their professional liability. Methodology: Analysis of documents and secondary information were used as research method to solve the given objectives. Results: Medical professional liability market has a low growth rate in Georgia. From active 14 insurance companies 6 have medical professional liability insurance and only four of them offers insurance packages for individuals. Insurance company “Ardi Group” is a leader of Georgian insurance market within the scope of medical professional liability insurance and owes 70% of the whole market. Discussion, conclusion: Professional liability insurance system of medical staff in Georgia is still under development. It is worth to advertise and popularize mentioned service and to invest big amount of resources from the insurance companies, in order to increase the safety of Georgian doctors that is extremely important for the sustainability of Georgian medical system.

 

Keywords: Insurance, Medical Professional Liability Insurance, Georgia

 

ბიბლიოგრაფია

 

1. William M. Sage, ’’The Forgotten Third: Liability Insurance And The Medical Malpractice Crisis’’, Health Affairs, 23, no.4 (2004):10-21

2. Patricia Munch Danzon, Andrew J. Epstein, Scott J. Johnson, ’’The "Crisis" in Medical Malpractice Insurance’’, Brookings-Wharton Papers on Financial Services, 2004, pp. 55-96 | 10.1353/pfs.2004.0006 2004

3. Finnacord, ’’Risks in underwriting professional indemnity insurance: a European overview’’, 2014

4. Katsuyuki Kinoshita, ’’Professional Liability Insurance Program of the Japan Medical Association’’, JMAJ 50(5): 390–396, 2007

5. Diederich Healthcare, ’’2015 Medical Malpractice Payout Analysis’’, 2015

6. Diederich Healthcare, ’’2012 Medical Malpractice Payout Analysis’’, 2012

7. Mike Kreidler, ’’ 2014 Medical Malpractice Annual Report’’, 2014

8. სოფიკო ბარბაქაძე, ‘’ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევასაქართველოში’’, 2014

9. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სტატისტიკა http://www.insurance.gov.ge/Statistics.aspx

10. ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამა, საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო, 2014 http://gima.ge/admin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/Offer%20Liability%20Insurance.pdf

11. ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ გვერდი, ექიმების პასუხისმგებლობა https://www.gpih.ge/gpih/other_insurance/liability/price.php

12. სადაზღვეო კომპანია უნისონის ვებ გვერდი, პასუხისმგებლობის დაზღვევა

http://unison.ge/index.php?run=home/product&product_id=6_9#link-two

13. აი სი ჯგუფი, პასუხისმგებლობის დაზღვევა

http://www.icgroup.ge/index.php?a=main&pid=10&lang=geo

14. ალდაგი ბისიაი, ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა http://www.aldagi.ge/ge/other-products

15. სტანდარტ დაზღვევა საქართველო, პასუხისმგებლობის დაზღვევა http://www.standard-insurance.ge/index.php?option=com_content&view=article&id=45&Itemid=256

16. საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, 2001

17. GIMA-ს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში http://gma.ge/new.php?id=15

Read 1390 times