Thursday, 19 October 2017


უმუშევრობის დაზღვევა საქართველოში

 

მაკა ონიაშვილი,  იულია ჩხუტიაშვილი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრები

 

 

შესავალი

 

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ განვითარებად ქვეყნებში, მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს უმუშევრობის დაზღვევა. იგი განსაკუთრებით გამოიყენება იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი სამუშაო ადგილის შეცვლის, ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდების, კონტრაქტით აღებული სამუშაოს ან სასწავლებლის დამთავრების გამო ეძებს სამუშაოს. ასეთი სახის უმუშევრობას უწოდებენ ფრიქციულ უმუშევრობას (1). 

 

სახელმწიფო ამ ეტაპზე არ განიხილავს უმუშევრობის დაზღვევის პროდუქტის დანერგვას (2). ექსპერტთა შეფასებით, უმუშევრობის დაზღვევა სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტია და მისი შემოღება აუცილებელია, რადგან სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანის სრულიად უსახსროდ დატოვება სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლობაა (2). მთავრობის წარმომაგენლები არ უარყოფენ უმუშევრობის დაზღვევის მნიშვნელობას, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო, შეუძლებლად მიაჩნიათ ამ ეტაპზე მისი განხორციელება (2).

 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, უმუშევრობის დაზღვევა უფრო სოციალური ტიპის პროდუქტია, შესაბამისად იგი მოითხოვს მასობრივ მოცვას (2). 

 

დღეისათვის, სადაზღვევო კომპანიები არ ყიდიან უმუშევრობის სადაზღვევო პაკეტს. თუმცა, მასთან ძალიან ახლოს დგას საკრედიტო შენატანების დაზღვევა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი უზრუნველყოფს (3). თუ მსესხებელმა სესხის აღების შემდეგ  სამსახური დაკარგა, სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი მას სესხის დასაფარად შესატან თანხას აუნაზღაურებს 6 თვის განმავლობაში (3). აღნიშნული პროდუქტის მეშვეობით დაზღვეული სესხის დაფარვის პერიოდში მაქსიმალურადაა დაცული რისკებისაგან. მსესხებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტით იზღვევა (3):

 

•უბედური შემთხვევით გამოწვეული სრული ან ნაწილობრივი შრომისუუნარობა, ან გარდაცვალება;

•მსესხებლის უმუშევრობა (მუდმივი სამსახურიდან დათხოვნა).

 

უმუშევრობის  დაზღვევა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანაში დაზღვევის სხვადასხვა პირობები არსებობს. უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ბენეფიციარს კონკრეტული დროის განმავლობაში ფულადი დახმარება ეძლევა, მაგალითად აშშ-ში ეს დრო 6 თვემდე გრძელდება, ევროპაში კი ვადა გაცილებით ხანგრძლივია და 2-4 წლის ფარგლებში მერყეობს. ხშირ შემთხვევაში თანხა ხელფასის ოდენობას ემთხვევა. დახმარების თანხა არ ანაზღაურდება, თუ თანამშრომელმა სამსახური  საკუთარი  ნებით დატოვა, თუმცა, არსებობს სხვა გამონაკლისი შემთხვევებიც (2). 

 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევა დამსაქმებლებისა და  დასაქმებულთა შენატანებით ფინანსდება. ზოგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი) შერეული დაფინანსების მოდელს  იყენებენ, სადაც  დამსაქმებლებისა და  დასაქმებულთა შენატანების გარდა გამოიყენება სახელმწიფო დაფინანსებაც. ზოგიერთ ქვეყანაში (სლოვენია) უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება (90%) (4).

 

უმუშევრობის დაზღვევის განსახორციელებლად საჭიროა დადგინდეს კრიტერიუმები თუ ვისზე გავრცელდება ამ პროდუქტით მოცვა. ამ მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიდგომები არსებობს.

 

სლოვაკეთში უმუშევრობის შემწეობას იღებს პირი, რომელიც სამუშაოს დაკარგვამდე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო და სულ მცირე 36 თვე იხდიდა სადაზღვევო გადასახადს. რუმინეთში დროის ეს პერიოდი 6 თვიდან ერთ წლამდე შეადგენს. შვედეთში უმუშევრობის სტატუსის მიღება შესაძლებელია, თუ პირი 6 თვის განმავლობაში მაინც არის ნამუშევარი ანაზღაურებად სამუშაოზე  (4). კანადაში უმუშევრობის დახმარება ეძლევა პირებს, რომელთა სამუშაო დრო კვირაში 15 სთ-ზე ნაკლებია, ან გამოიმუშავებს კვირაში 113 კანადურ დოლარზე ნაკლებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დაზღვევა მიეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავისი ნებით არ წამოსულან სამსახურიდან. ამასთან, დახმარება გაიცემა მანამ, სანამ პირი არ მოძებნის ახალ სამუშაოს; რუსეთში უმუშევრობის დახმარება ენიშნებათ მოქალაქეებს სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის მიუხედავად. (4).

 

პოლონეთში უმუშევრობის თანხა ფიქსირებულია – 132 ევრო, რომელსაც ემატება გარკვეული ოდენობა კვალიფიკაციის პერიოდიდან გამომდინარე. ლიტვაში, უმუშევრობის შემწეობა ფიქსირებულია – 59 ევრო. რუმინეთში უმუშევრობის შემწეობის ძირითად ნაწილი შეადგენს მინიმალური ხელფასის 75%-ს, რომელსაც ემატება ინდივიდუალური შემოსავლის 10%. ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დაზღვევა დაკარგული ხელფასის ადეკვატურია; შვედეთში უმუშევრობის დაზღვევა ბოლო ხელფასის 80%-ის ტოლია; რუსეთში უმუშევრობის დამხმარების ოდენობა დამოკიდებულია სამუშაო სტაჟზე (4). 

 

შვედეთში უმუშევრობის დაზღვევა 300 სამუშაო დღის განმავლობაში ვრცელდება; თუ 300 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ უმუშევარმა ვერ შეძლო სამსახურის დაწყება, მაშინ მას შესთავაზებენ პროფესიული გადამზადების კურსებს, ან ჩართავენ მსუბუქ საზოგადოებრივ საქმიანობაში (4).

 

აზერბაიჯანში უმუშევრის სტატუსს იღებს მხოლოდ შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელსაც ამჟამად არ გააჩნია სამსახური და არ აქვს არანაირი შემოსავალი. ასეთმა პირმა „დასაქმების ცენტრში“ უნდა წარადგინოს ცნობა საგადასახადო სამსახურიდან და დოკუმენტი მიწის ნაკვეთის არარსებობის შესახებ. ამას გარდა, უმუშევრის სტატუსი ეკუთვნის მას, ვისაც „დასაქმების ცენტრი“ ვერ სთავაზობს პროფილის მიხედვით ორ ვაკანტურ ადგილს მაინც. უმუშევრის სტატუსის მიღებისას შემდეგ უმუშევარს 6 თვის განმავლობაში მიეცემა დახმარება, რომელიც დამოკიდებულია მისი ბოლო ანაზღაურების ოდენობაზე; თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ უმუშევარი დარჩა, მიეცემა დახმარების მინიმალური ოდენობა (4).

 

მეთოდოლოგია

 

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, პუბლიკაციები, სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, მთავრობის დადგენილებები. თვისებრივი  კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექსპერტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუ, რითაც განხორციელდა უმუშევრობის დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების იდენტიფიცირება. კვლევა ჩატარდა 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, თბილისში. ჩაღრმავებული ინტერვიუს ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 60-75  წუთს. 

 

შედეგები, ინტერპრეტაცია

 

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ჩატარდა ექსპერტთა გამოკითხვა. ექსპერტთა აზრით, უმუშევრობის დაზღვევა მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის განსავითარებლად საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა.

 

ექსპერტთა მტკიცებით, უმუშევრობის დაზღვევა უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს არა საკუთარი ნებით, არამედ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების შედეგად. უმუშევრობის დადგომის დროს გასაცემი თანხის ზომა დამოკიდებული უნდა იყოს სამუშაოს სტაჟზე და უმუშევრობის ხანგრძლივობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევრობის ყველაზე რთული პერიოდი არის საწყისი ეტაპი, უმუშევრად დარჩენიდან პირველი 90 დღე პირს უნდა მიეცეს ხელფასის 100 %, შემდგომი პერიოდი კი დამოკიდებული იყოს სამუშაო სტაჟზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილების საჭიროება იმისთვის, რომ პირზე უმუშევრობის დაზღვევა გავრცელდეს. შესაბამისად, ერთი წლის სამუშაო სტაჟის მქონე პირს შესაძლოა დაენიშნოს მისი ხელფასის მხოლოდ 30%, ორიდან სამ წლამდე სტაჟის მქონეს - ხელფასის 40%, სამი წლიდან 10 წლამდე სტაჟის მქონეს - 70 %, ხოლო 10 წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონეს - 100 %.

 

ექსპერტების მტკიცებით, რადგანაც საქართველოში ფრიქციული უმუშევრობის პერიოდი განისაზღვრება 6 თვით, მიზანშეწონილია, უმუშევრობის დაზღვევის პერიოდი განისაზღვროს 6 თვით. საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ შერეული დაფინანსების მოდელს, სადაც  დამსაქმებლებისა და  დასაქმებულთა შენატანების გარდა გამოიყენება სახელმწიფო დაფინანსებაც.

 

დასკვნა

 

საქართველოში, სადაც უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმუშევრობის დაზღვევის განვითარებას, რადგან იგი შეიძლება განვიხილოთ უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება. უმუშევრობის დაზღვევა უნდა განიხილებოდეს როგორც სოციალური დაზღვევის კომპონენტი, სადაც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: საქართველოში, ისევე როგორც ბევრ განვითარებად ქვეყნებში, მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს უმუშევრობის დაზღვევა. კვლევის მიზანია, რამდენად შესაძლებელია უმუშევრობის დაზღვევა საქართველოში. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ექსპერტთა გამოკითხვა. შედეგები: ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის განსავითარებლად საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა. იგი უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს არა საკუთარი ნებით, არამედ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების შედეგად. გასაცემი თანხის ზომა დამოკიდებული უნდა იყოს სამუშაოს სტაჟზე და უმუშევრობის ხანგრძლივობაზე, ხოლო უმუშევრობის დაზღვევის პერიოდი განისაზღვროს 6 თვით. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შერეული დაფინანსების მოდელს დასკვნა: უმუშევრობის დაზღვევა უნდა განიხილებოდეს როგორც სოციალური დაზღვევის კომპონენტი, სადაც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.

 

ძირითადი საძიებო სიტყვები: უმუშევრობის დაზღვევა

 

 

 

Unemployment insurance in Georgia

 

Maka Oniashvili, Julia Chkhutiashvili

 

Abstract

 

Introduction: Unemployment is one of the most problematic issues in Georgia, as in many developing countries. Unemployment insurance is one of the ways to resolve this problem and relieve the hardships caused by the lack of jobs.  This research is aimed to determine if it is possible to implement unemployment insurance in Georgia. Methodology: some experts of the corresponding field were interviewed during the qualitative research. Results: The process of implementing unemployment insurance should be backed by the local government. It should extend to only people who were fired from their jobs and not to those who resigned. The amount of payment should be determined according to the length of service and the unemployment duration. Unemployment insurance term ought to be 6 months. The priority should be given to the mixed type of payment. Conclusion: Unemployment insurance should be regarded as a component of the social insurance, where the level of the state’s responsibility is high. 

 

 

Key searching words: unemployment insurance 

 

ბიბლიოგრაფია:

 

1.ანა აგლაძე. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. 2010 წ.

http://gfsis.org/index.php/ge/activities/projects/view/86/page/109/id/59

 2.სალომე მეცხვარიშვილი. დაპირებულ უმუშევრობის დაზღვევაზე მთავრობაში ჯერჯერობით არ მუშაობენ. კომერსანტი. 2014 წ.

http://commersant.ge/?m=5&news_id=15046&lng=geo&cat_id=7

3.      საკრედიტო შენატანების დაზღვევა. ჯი პი აი ჰოლდინგი

https://www.gpih.ge/gpih/tbc/credittbc.php

4.      უმუშევრობის დაზღვევა. ბლოგი ქაოსი. 2015 წ.

https://qaosiii.wordpress.com/2015/01/12/უმუშევრობის-დაზღვევა/

 

 

Read 1587 times