Saturday, 16 December 2017

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები

 

თენგიზ ვერულავა, ნინო ბარამიძე, მარიამ თურმანაული

 

აბსტრაქტი

შესავალი: სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს გარდა კერძო პროვაიდერებიც უზრუნველყოფენ. კვლევის მიზანია კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის და უპირატესობების შესწავლა. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბენეფიციარები. შედეგები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც დაზღვეულია კერძო სადაზღვევო სისტემით. გამოკითხულთა უმრავლესობა (93%) უპირატესობას კერძო პედიატრიულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ანიჭებს. იგი გამოირჩევა მომსახურების დროულობით, კომფორტულობით. დისკუსია: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბაზარზე არსებობისთვის თავისი სპეციფიკური ადგილი მოძებნა. იგი სერვისებს სთავაზობს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს, რითაც იმსახურებს პაციენტთა კმაყოფილებას, გარდა ამისა, მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის კონკურენტუნარიანობას. დასკვნა, რეკომენდაციები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უპირატესობებთან ერთად გამოვლინდა ნაკლოვანებები. მიზანშეწონილია მომსახურების ღირებულების გადახდის მოქნილი სისტემის დანერგვა მათთვის, რომელთაც არ აქვთ კერძო დაზღვევა (შედარებით ნაკლები ფასის დაწესება). დაგვიანებული მომსახურების ერთეული შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა. 

 

ძირითადი საძიებო სიტყვები: კერძო  სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომობა.

 

Accessability and Benefits of Private Pediatric Emergency Care

 

Tengiz Verulava, Nino Baramidze, Mariam Turmanauli

 

ABSTRACT

 

Introduction: The main object of the research is to study the advantages and accessibilities of the private pediatrician emergency service. Methodology: There was used the quantitative method. The research was held in Tbilisi and 101 respondents, who have been using the following service, were inquired by means of the telephone calls and the Internet questionnaires. Results: The accessibility of the private pediatrician service is high for that part of the population who are insured by the private insurance companies. Such kind of service is totally limitless for them private ambulance is featured with its urgent service. Its team consists of qualified pediatricians. They can render services at home, give medical advice and prescribe the medicine. They have 24-hour service and also they can make telephone consultations. In order to monitor the patient’s condition they use telephone calls. It is a very comfortable service as well; there is no need to stand in a queue. The majority of respondents prefer a private ambulance service.

 

Key words: private emergency service, availability, advantages.

 

შესავალი

 

ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით 5 წლამდე, საკმაოდ ლაბილური პერიოდია, და დამახასიათებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი დამძიმება.  ბავშვთა ასაკში ხშირია ისეთი მწვავე და გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა: კრუპის შეტევა, მწვავე ბრონქოსპაზმი, ალერგიული რეაქცია, ჰიპერთერმია და მისით გამოწვეული გულყრის ეპიზოდები, ტრავმები, რომლის დროსაც ბავშვს ესაჭიროება სასწრაფო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ასეთ შემთხვევებში კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა გამოირჩევა სწრაფი რეაგირებით, რის შედეგად გამოსავალი სასიკეთოა.

 

სახელმწიფო მოსახლეობას უზრუნველყოფს უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემით. თბილისში სასწრაფო და გადაუდებელი პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარებას ახორციელებს შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“. [1] ცენტრის მიზანია პაციენტისათვის დროული, ადექვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი მდგომარეობების მართვისას გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში. [2]

 

გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“. [3]. „112“  არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. მისი მთავარი უპირატესობებია: საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი, ერთიანი ელექტრონული სისტემა, ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა.

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს 2002 წლიდან. იგი არის ერთადერთი სპეციალიზირებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიციური პედიატრები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას უწევენ როგორც დაწესებულებაში, ასევე ბინაზე მისვლით. [4] ცენტრში ერთდროულად მუშაობს 8-10 სამედიცინო ბრიგადა ქალაქის მასშტაბით; იგი ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია [4].

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული სერვისები მოიცავს: 24 საათიანი უფასო სატელეფონო საკონსულტაციო სერვისი, ვიზიტი ბინაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ექიმ-პედიატრის კონსულტაცია, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარება (მათ შორის ლაბორატორიული ანალიზები ბინაზე, რენტგენოლოგიური კვლევები) და მკურნალობის სქემის მიცემა, გამოძახების შემდეგ პაციენტებზე  სატელეფონო კონტროლის განხორციელება დაავადების მიმდინარე პროცესების შესახებ. [4] 

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის ფასიანი სერვისი, რომლის ღირებულება თბილისის მასშტაბით შეადგენს 40 ლარს, ხოლო თბილისის გარე პერიმეტრი, როგორიც არის რუსთავი, მარნეული, წყნეთი და ახლომახლო დასახლებები, გამოძახების ღირებულება შეადგენს 65 ლარს. [4] კერძო სასწრაფო დახმარების სერვისი არ იფარება სახელმწიფოს მხრიდან არც საყოველთაო დაზღვევის პირობებით, [5] არც სხვა სახელმწიფო პროგრამებით [6, 7].  შესაბამისად ამ სერვისის მომხმარებლებს უწევთ თავად გადაიხადონ სერვისის ღირებულება. მათ, ვინც დაზღვეულები არიან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება იფარება 100%-ით; მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეულებისთვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო (ფასიანი) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას. [8] აღნიშნული სერვისი კერძო სადაზღვევო სისტემაში დაზღვეულებს  პოლისის მიხედვით ეფარებათ 100%-ით   და ულიმიტოა. [8]

 

წლიდან წლამდე იზრდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მაჩვენებელი. 2013 წელს კერძო პედიატრიული სასწრაფოს გამოძახებების რიცხვმა შეადგინა 39,833 შემთხვევა. მხოლოდ 2015 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით გამოძახებების რიცხვმა მიაღწია 25,266-ს. [9]

 

კვლევის მიზანია კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის და სერვისის უპირატესობების გამოვლენა. 

 

მეთოდოლოგია

 

რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბენეფიციარების ინტერვიურება. გამოიკითხა 101 რესპოდენტი. კვლევაში გამოყენებული იქნა სატელეფონო ინტერვიუირების და ელექტრონული გამოკითხვის მეთოდი. 

 

კვლევის შედეგები

 

კვლევისთვის შეირჩა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსარგებლეები, რომლებსაც სამედიცინო მომსახურება გაეწიათ შპს „პედიატრი“-ს მიერ. გამოკითხვა ჩატარდა 101 პაციენტთან. გამოკითხულთაგან 11% იყო მდედრობითი სქესის,   89% კი მამრობითი სქესის. გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტს შეადგენდა 26-35 ასაკი - 49%, შემდეგ 18-25 ასაკი - 28%, 36-45 ასაკი - 20%, 46-55 ასაკი კი მხოლოდ 3%. 

 

რესპოდენტებს უნდა მიეთითებინათ მათი დასაქმების სტატუსი. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მუშაობს სრული დატვირთვით, 35 სთ-ზე მეტი კვირაში - 60,4%, უმუშევარი, ეძებს სამსახურს - 15,84%, უმუშევარი, არ ეძებს სამსახურს - 9,90%, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე (35 სთ-ზე ნაკლები კვირაში) – 7,92%, არის თვითდასაქმებული, დროებით სამუშაოზე - 2,97%, სტუდენტი - 1,98%, შეიკავეს თავი - 0,99%. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არიან დედები, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ დასაქმებულები, მაგრამ მათი ოჯახის სხვა წევრი იყოს დასაქმებული და შესაბამისად ქონდეთ კერძო დაზღვევით სარგებლობის საშუალება.

 

დიაგრამა №1: რესპოდენტთა დასაქმების სტატუსი

 

გამოკითხულთა უმრავლესობამ (46,53%) ბოლო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ისარგებლა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებით. გამოკითულთა 20.8% აღნიშნული სერვისით სარგებლობს სამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ სარგებლობის 17,82%, თვეში ორჯერ - 5,94%, თვეში ერთხელ მაინც - 5,94%, თვეში ორჯერ და მეტად - 2,97%. მიღებული შედეგები გამოხატავს ბოლო 1 წლის გასაშუალოებულ მონაცემებს, შესაბამისად, სეზონური მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს.

დიაგრამა №2: კერძო სასწრაფოს სარგებლობის სიხშირე

 

გამოკითხულთა 57% სარგებლობს მხოლოდ კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებით, 43% კი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით.

 

გამოკითხულთა 93% უპირატესობას კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ანიჭებს უპირატესობას,  სახელმწიფო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - 5%, აღნიშნული კითხვისგან თავი შეიკავა 2%-მა. 

 

კითხვაზე, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, გამოკითხულთა 69,31%-მა აღნიშნა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაკომპლექტება ექიმ-სპეციალისტებით (პედიატრები), 24 საათიანი მომსახურება - 62,38%, გამოძახებაზე დროული მოსვლა - 60%, ბინაზე სამედიცინო მომსახურების მიღება - 32%, დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება ბინაზე - 11,88%, რეცეპტი №3-ის მიღების შესაძლებლობა - 5%, პასუხის გაცემა გაუჭირდა რესპოდენტთა 4%-ს, 1%-მა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთხელ ისარგებლეს ამ სერვისით.

 

კითხვაზე, კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მომსახურება უფრო ეფექტურია თუ ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვთა ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან მიმართვა, გამოკითხულთა 74% ბავშვთა ექიმთან, ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მათი აზრით, ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების პედიატრთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს და შესაბამისად პაციენტზე უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობას აწარმოებს, გარდა ამისა, მაღალია ნდობის ფაქტორი. ასევე, მათ ურჩევნიათ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართონ კლინიკას, რადგან კლინიკაში შესაძლებელია ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. პირიქით ფიქრობს გამოკითხულთა მხოლოდ 26%. მათ აზრით, კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის სერვისები უფრო ეფექტურია, რადგან კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფრო კომფორტულია, მომსახურება შედარებით სწრაფია, არ არის საჭირო ექიმთან მიღებაზე წინასწარ ჩაწერა და რიგებში დგომა.

 

გამოკითხულთა 40.9%-მა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესახებ გაიგეს ახლობლებისგან, სადაზღვევო კომპანიამ შესთავაზა კერძო სასწრაფო დახმარების გამოძახება - 17,82%, ინტერნეტიდან - 10,89%, ტელევიზიით - 4,95%, რეკლამიდან და პრესიდან - 0,99%, თავი შეიკავა - 23,76%.

 

დიაგრამა №3: საიდან გაიგეთ კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების არსებობის შესახებ?

 

გამოკითხულთა 60% კმაყოფილია გაწეული მომსახურებით, ძალიან კმაყოფილია 27%, საშუალოდ კმაყოფილია - 13%. კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების პროფესიონალიზმს დადებითად აფასებენ გამოკითხულთა 95%, უარყოფითად - 5%.

 

რესპოდენტთა 67,33% აღნიშნავს, რომ ოპერატიულად მიიღო სამედიცინო დახმარება, ძალიან ოპერატიულად - 13,86%, გარკვეული დაგვიანებით - 11,88%, პასუხის გაცემა გაუჭირდა 3,96%-ს, თავი შეიკავა 2,97%-მა.

 

დიაგრამა №4: კერძო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიღების ოპერატიულობა

 

გამოკითხულთა 80,2%-თვის კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი სერვისია, არ არის ხელმისაწვდომი და ამიტომ ხშირად გამოძახებას ვერ ახერხებს 10.89%, გაუჭირდა პასუხის გაცემა 8,91%-ს. რესპოდენტების უმრავლესობა (67%) დაზღვეულია კერძო სადაზღვევო სისტემით, გამოკითხულთა 33%-მა აღნიშნა, რომ თავად ახორციელებს სერვისის ღირებულების გადახდას.

 

დიაგრამა №5: სერვისის ღირებულების  ხელმისაწვდომობა 

 

 

გამოკითხულთა 44,55% კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირობებს აფასებენ 8 ქულით, 9 ქულა - 26,73%, 10 ქულა - 14,85%, 7 ქულა - 8,91%, 5 ქულა - 2,97%, 6 ქულა - 1,98%.

 

დიაგრამა №6: კერძო სასწრაფო დახმარების სარგებლობის კმაყოფილების დონე, (1-დან 10-მდე ქულით)

 

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა: 

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც დაზღვეული არის კერძო სადაზღვევო სისტემით. მათ, ვისაც თავად უწევს სერვისის ღირებულების გადახდა, ვერ ახერხებენ კერძო სასწრაფოს სერვისებით სარგებლობას ისე ხშირად, როგორც ნებაყოფლობითად დაზღვეული მოსახლეობა. 

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გააჩნია რიგი უპირატესობები სახელმწიფო სასწრაფო დახმარებასთან შედარებით. კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოირჩევა სწრაფი მისვლით ბინაზე, მათი ბრიგადა დაკომპლექტებულია ექიმ-პედიატრებით, შეუძლიათ ბინაზე მომსახურების გაწევა, მკურნალობის სქემის გაცემა, რეცეპტი №3-ის გაცემა,  აქვთ 24 საათიანი მომსახურება, სატელეფონო კონსულტაციის შესაძლებლობა, ასევე პაციენტის მონიტორინგის მიზნით რამოდენიმე დღეში აწარმოებენ  სატელეფონო მოკითხვას პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ასევე აღნიშნული იყო, რომ კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფრო კომფორტული სერვისია. გამოკითხულთა უმრავლესობა (93%) უპირატესობას კერძო პედიატრიულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ანიჭებს. 

 

რესპოდენტთა 74% უპირატესობას ექიმ-პედიატრთან ვიზიტს ანიჭებს, რადგან პირად ექიმს მეტად ენდობიან. პირადი პედიატრი ბავშვზე მუდმივ მეთვალყურეობას აწარმოებს, კლინიკაში ვიზიტის დროს შესაძლებელია ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობის მიღება.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბაზარზე არსებობისთვის თავისი სპეციფიკური ადგილი მოძებნა, რაც გულისხმობს, რომ იგი სერვისებს სთავაზობს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე, რითაც იმსახურებს პაციენტთა კმაყოფილებას, გარდა ამისა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის კონკურენტუნარიანობას.

 

გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად აფასებს კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, მაგრამ ყველა იმ უპირატესობებთან ერთად, რომელიც გამოიკვეთა კვლევის ჩატარების დროს, გამოვლინდა ასევე ნაკლოვანებები, რომლის გამოსწორება ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას. მიზანშეწონილია მომსახურების ღირებულების გადახდის მოქნილი სისტემის დანერგვა მათთვის, რომელთაც არ აქვთ კერძო დაზღვევა (შედარებით ნაკლები ფასის დაწესება). მიუხედავად იმისა, რომ კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში მთავარ პრობლემად არ არის დასახელებული გამოძახებებზე დაგვიანებება, მაინც შეინიშნება ერთეული შემთხვევები, რომლის გამოსწორების მიზნით სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, ავტოპარკის განახლება. 

 

ბიბლიოგრაფია

 

1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში, თბილისი, 2013 წ, გვ.46

2.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-46/ნ 2013 წლის 12 დეკემბერი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 2, პუნქტი 2ა, 2ბ, 2ვ, 2ზ

3.საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ. 24/11/2011

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1520643%23!

4.ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება “პედიატრი“, ვებ გვერდი www.pediatry.ge/geo

5.საქართველოს მთავრობის დადგენილება №36, 2013 წლის 21 თებერვალი, ქ. თბილისი

6.საქართველოს მთავრობის დადგენილება N218, 2009 წლის 9 დეკემბერი, ქ. თბილისი

7.საქართველოს მთავრობის დადგენილება №165, 2012 წლის 7 მაისი, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ (სათაური 5.06.2012 N 200),  ქ. თბილისი

8.სადაზღვევო კომპანია “ალდაგი“, ვებ გვერდი http://www.aldagibci.ge/index.php?m=106 ( ნანახია 23.03.2015)

9.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Read 1943 times