Thursday, 19 October 2017

სახელმწიფო რეგულირებით შეზღუდული ექიმთა კომპეტენციები და სრულყოფის გზები

რუსუდან კუპატაშვილი, თეონა კოკიჩაიშვილი, მედეა ბოკუჩავა

 

შესავალი

 

სამედიცინო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვა მისი ეფექტური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სამედიცინო ორგანიზაციების პერსონალს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინაიდან მათ საქმე აქვთ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.

 

დღესდღეობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პრობლემატურია და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული რიგი საექიმო სპეციალობების კომპეტენციები და ამ სპეციალობის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადების გზები, რაც პრობლემას უქმნის თანამედროვე საავადმყოფოსაჭირო კადრებითდაკომპლექტებას, ჰოსპიტლების გამართულ მუშაობას.

 

კვლევის მიზანს შეადგენდა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალობის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადების კუთხით არსებული პრობლემების შესწავლადა მათი სრულყოფის გზების დასახვა.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პროფილის ექიმთა კომპეტენციებს არეგულირებენ სხვადასხვა სამსახურები, რომელთა შორისაც გამოვლინდა კომუნიკაციის დეფიციტი. ყველა სამსახური თავისი შეხედულებისამებრ აყალიბებს ექიმთა კომპეტენციებისა და მათი სრულყოფის ვარიანტებს, შედეგად კი ისევ ჰოსპიტალური სექტორი ზარალდება. აღნიშნული სამსახურებია: საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ექიმთა პროფესიული რეგულირების სააგენტო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სხვადასხვა ასოციაციები (კრიტიკული მედიცინის ასოციაცია, რეანიმატოლოგთა ასოციაცია, ანესთეზიოლოგთა ასოციაცია და სხვა).

 

ლიტერატურული მიმოხილვა

 

 კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ექიმთა სპეციალობათა ძველ (2007 წელი) და ახალ (2014 წელი) კომპეტენციათა  ნუსხებს შორის განსხვავებები და წარმოშობილი პრობლემები. აქცენტი გაკეთებულია შემდეგ სპეციალობებზე: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინა, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია და გადაუდებელი მედიცინა.

 

,,საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის  ბრძანების  მიხედვით, ვითარება ისეთ სპეციალობაში, როგორიცაა  გადაუდებელი მედიცინა, შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: თითქმის  ყველა სპეციალობის ექიმს (გარდა ოფთალმოლოგის,  რადიოლოგის, სტომატოლოგის, სასამართლო ექსპერტიზის ექიმისა და პათანატომის) შეეძლო გადამზადება გადაუდებელი მედიცინის სუბსპეციალობის მიმართულებით, თუმცა, ამ სპეციალობაში ვერ ხერხდებოდა ვერც სერტიფიკატის გაცემა და ვერც გადამზადების კურსის ჩატარება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის ბრძანების მიხედვით ვითარება შეიცვალა. გადაუდებელი მედიცინა გამოიყო ცალკე და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა (და არა როგორც სუბსპეციალობა). ამ ბრძანების მე-11 მუხლის მიხედვით, ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სუბსპეციალობის მოწმობა - „გადაუდებელი მედიცინა“, მიეცათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟისა და შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი) არსებობის შემთხვევაში.

 

მე-12 მუხლის თანახმად კი, ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატები საექიმო სპეციალობებში - „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ და გააჩნიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟი, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი) არსებობის შემთხვევაში.

 

ამჟამად არსებობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კომპეტენციათა ნუსხა. გადაუდებელი მედიცინის კომპეტეციები კი ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია და ხელმისაწვდომი არ არის.

 

ანესთზიოლოგ-რეანიმატოლოგის კომპეტენციებია:

 

ელექტროკარდიოგრაფია; ინვაზიური არტერიული წნევის ინტერპრეტაცია; ცენტრალური ვენური წნევის მაჩვენებლის ინტერპრეტაცია; გულის წუთმოცულობის მონიტორინგი, ინტერპრეტაცია (სვან-განცისკათეტერი); შერეული ვენური სატურაციის ინტერპრეტაცია; ინტრააორტული ბალონური კონტრპულსატორის მონაცემების ინტერპრეტაცია/კორექცია/სინქრონიზაცია; პულსოქსიმეტრია; კაპნოგრაფია; ფილტვის ფუნქციური ტესტების ინტერპრეტაცია; უხშირესი რადიოლოგიური კვლევები: გულმკერდის რენტგენოგრაფია, თავის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, თავის ტვინის კვლევა, გულმკერდის ღრუს კვლევა, მუცლის ღრუს კვლევა, თავის ტვინის კვლევა, გულმკერდის ღრუს კვლევა, მუცლის ღრუს კვლევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შეფასების სხვა მეთოდების ინტერპრეტაცია; ექოკარდიოგრაფია; მიოკარდიუმის ერგომეტრიული სცინტიგრაფია კორონაროგრაფია; სისხლის (დონორის და რეციპიენტის) შეთავსების ტესტი ტრანსფუზიისთვის.

  

ამ ნუსხაში არ შედის ისეთი კომპეტენციები, რაც ექიმს ემერჯენსის განყოფილებაში სამუშაოდ სჭირდება. თუ ზემოთ აღნიშნულ კომპეტენციებს შევადარებთ სხვა ქვეყნების, თუნდაც, რუსეთის მაგალითს, კომპეტენციებს შორის დიდ განსხვავებას დავინახავთ.

 

რუსეთში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი სამკურნალო მოღვაწეობაში უნდა ფლობდეს/უნდა შეეძლოს: ძირითადი სამკურნალო ღონისძიებების გაწევა ანესთეზიოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისას, ასევე რეანიმაციული ღონისძიებების და ინტენსიური თერაპიის გაწევა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის და იმ პაციენტებისთვის, რომლითაც აღინიშნება ესა-თუ ის დაავადება, რომელიც შესაძლებელია გართულდეს მძიმე გართულებებით ან გამოიწვიოს ლეტალობა. დროულად გამოავლინონ სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები, გამოიყენონ მათი დაუყოვნებელი აღმოფხვრის მეთოდები, ჩაატარონ შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე პაციენტებს დაუნიშნონ ადექვატური მედიკამენტოზური მკურნალობა, დასმული დიაგნოზის შესაბამისად, განახორციელონ მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური თერაპიის ალგორითმის შერჩევა. რუსეთის მაგალითის მიხედვით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ფლობს ყველა უნარ-ჩვევას და მას შეუძლია იმუშავოს, როგორც ემერჯენსში, ისე ინტენსიურში, საოპერაციოში და რეანიმაციულ მედიცინის განყოფილებაში.

 

 

კვლევის მეთოდოლოგია

 

კვლევის საინფორმაციო ბაზას შეადგენენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მიერ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული ბრძანებები - „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“; ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილება. 

 

 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები აღნიშნულ საკითხში კარგად გათვითცნობიერებულ და ამ დარგში მომუშავე რვა რესპონდენტთან. სიღრმისეული ინტერვიუები  წარიმართა: კლინიკების  ხელმძღვანელ პირებთან; ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვადასხვა ასოციაციებისა და რეგულირების სამსახურის წარმომადგენლებთან:

 

გიორგი ხუფენია, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული მზადების სამმართველოს უფროსი.

გიორგი გოცაძე, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ზაზა მეტრეველი, აკ. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი.

როლანდ მებურიშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

გოგი ონიანი, კლინიკა ,,მედ ჯორჯიას’’ მთავარი ექიმი.

მამუკა კაპანაძე, მცხეთის ,,ჯეო-ჰოსპიტალსისა’’ და ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

სოსო ყარსელიშვილი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი

 

თითოეულ რესპონდენტთან საუბრის საშუალო დროა 15-20 წუთი. საკითხის უკეთ შესასწავლად გამოყენებულია ნახევრად სტრუქტურირებული ღია შეკითხვები.

 

გარდა სიღრმისეული ინტერვიუებისა, კვლევაში ასახულია სერტიფიკატის მქონე 20 პრაქტიკოსი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის გამოკითხვის შედეგები, რაც გადაუდებელი მედიცინის დარგში გადამზადების შესახებ მათ განწყობებსა და სურვილებს გამოხატავს. გამოკითხვა არის სტრუქტურირებული, შედგება დახურული და ერთი ღია კითხვებისაგან.

 

შედეგები

 

კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა სერტიფიკატის მქონე 20 პრაქტიკოსი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გადაუდებელი მედიცინის დარგში გადამზადების შესახებ მათი განწყობებისა და სურვილების შესახებ. პირველი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: თუ რამდენად საინტერესოა მათთვის, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სერტიფიკატის მქონე ექიმისთვის, გადამზადება გადაუდებელი მედიცინის დარგში და შედეგად გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატის აღება, რათა მოიპოვონ ემეჯენსიში მუშაობის უფლება და რამდენად მზად არიან საკუთარი სახსრებით დაფარონ გადამზადების საფასური.

  

აღნიშნულ კითხვაზე 9 ექიმმა გასცა უარყოფითი პასუხი, რაც ახსნეს იმით, რომ ემერჯენსში მუშაობის მოსაპოვებლად მათთვის მიუღებელია 8 თვის განმავლობაში მოცდნენ სამუშაო ადგილს და თავად გადაიხადონ გადამზადების საფასური.

 

გადამზადების საფასურის საკუთარი ხარჯებით გადახდაზე უარი განაცხადა 6-მა ექიმმა,  თუმცა, თუ გადასახადს დამსაქმებელი ან სახელმწიფო დაფარავს, მათ კურსის გავლაზე მზაობა გამოთქვეს.

 

 გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 5 ექიმია თანახმა გაიაროს კურსი და თავადვე დაფაროს გადამზადების საფასური, რაც მომავალში დამატებით სამუშაო ადგილების მოპოვების შესაძლებლობით ახსნეს. 

 

ცხრილი: თქვენთვის, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის სერტიფიკატის მქონე ექიმისთვის, საინტერესოა გადამზადეთ გადაუდებელი მედიცინის დარგში და აიღოთ გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატი, რათა ემეჯენსიში მუშაობის უფლება მოიპოვოთ? მზად ხართ თუ არა, საკუთარი სახსრებით დაფაროთ გადამზადების საფასური?

 

 

 

რაოდენობა

%

 

თანახმა ვარ, გადაუდებელი მედიცინის დარგში გავიარო გადამზადება და საკუთარი სახსრებით დავფარო გადამზადების საფასური

5

25%

 

 

თანახმა ვარ, გადაუდებელი მედიცინის დარგში გავიარო გადამზადება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასურს დამსაქმებელი დაფარავს

6

30%

 

არ ვარ თანახმა

9

45%

 

სულ

20

100%

 

კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან.

 

ახალი სპეციალობათა ნუსხით ცალკე სპეციალობებად გამოიყო: ,,გადაუდებელი მედიცინა’’ და ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია’’. თავდაპირველად ცალ-ცალკე არსებობდნენ ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის (ანუ კრიტიკული მედიცინის) სპეციალობები. ახალი ნუსხით ეს ორი დარგი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“. ახლა ეს გარკვეულწილად კადრების აყვანის დროს პრობლემებას ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ ექიმს  აქვს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სერთიფიკატი, ახლა შეუძლია ანესთეზიოლოგ და რეანიმატოლოგად მუშაობა. ადრე არსებობდა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სპეციალობა და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი მუშაობდა რეანიმაციაში და არ იყო ანესთეზიოლოგი. ასევე კრიტიკულის სპეციალისტს მიმღებში სრულად შეეძლო ემართა პაციენტი გადაუდებლის პროფილით, რომელიც ადრე არ არსებობდა და ეს დარგი ახლა გამოიყო ცალკე და საჭირო გახდა ექიმების გადაუდებელი მედიცინის განხრით სერტიფიცირება.

 

 

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია ექიმებს გადაუდებელ მედიცინაში ამზადებს, მაგრამ ვინაიდან აქამდე  გადაუდებელი მედიცინის ჩამოყალიბებული პროგრამა არ არსებობდა, ვერც ამ ექიმების მიერ სრულყოფილი კურსის გავლა ვერ ხერხდებოდა და ასევე არ არსებობდა  ორგანო, რომელიც შესაბამის სერტიფიკატს გასცემდა.

 

 

სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ დადგენილებას კლინიკების მხრიდან მოყვა პროტესტი, რის შემდეგაც სამინისტროში ჩატარდა რიგგარეშე საბჭოს სხდომა. სხდომის გადაწყვეტილებით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს უფლება აქვთ გარკვეული დროით მიმღებში მართონ პაციენტი, თუმცა შემდეგ ვალდებულები არიან, სხვა კლინიკაში გადაამისამართონ.

 

 

თავის მხრივ ეს გადაწყვეტილებაც პრობლემურია, რადგან ამ დროს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს მუშაობა უწევს საოპერაციოშიც (როგორც ანესთეზიოლოგს) და ინტენსიურშიც (როგორც რეანიმატოლოგს). ამას გარდა,  პრობლემაა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების სიმცირეც, განსაკუთრებით რეგიონებში. მიუხედავად ამისა, კლინიკები მაინც ვალდებულები არიან ეს კადრი ოფიციალურად ყავდეთ გაფორმებული, მაგრამ მათი კომპეტენციების სრულად შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან საჭიროები არიან ოპერაციების დროსაც და თან ვალდებულება აქვთ მიმღებში შემოსული პაციენტიც მიიღონ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მომიჯნავე სპეციალობებში არც „გადაუდებელ მედიცინას“ უწერია „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ და არც „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიას“ უწერია მომიჯნავე სპეციალობაში გადაუდებელი მედიცინა, მათ შეუძლიათ რვათვიანი გადამზადების მოკლე კურსით გადამზადდნენ ერთი მეორეში. 

 

 

რეანიმატოლოგებს და ანესთეზიოლოგებს, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი და ერთ წელზე მეტი ხნის სამუშაო სტაჟი აქვთ, ნორმატიული ბრძანების თანახმად, გადაუდებელ მედიცინაში უგამოცდოდ მიენიჭებათ სერტიფიკატი.

 

 

მომავალ სპეციალისტს, რომელიც სარეზიდენტო პროგრამას ანესთეზიოლოგიაში და რეანიმატოლოგიაში დაამთავრებს, ორივეს ფუნქცია მიენიჭება. გადაუდებელ მედიცინაში ვინც იყო რეგისტრირებული, იმათთვის გადამზადებაა საჭირო, რათა ანესთეზიის სერთიფიკატი მიიღოს.

 

 

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, განახლებული კომპეტენციათა ნუსხა არ არის ადაპტირებული კლინიკებზე. კლინიკებს თავიანთი ექიმების გადასამზადებლად ტყუილად დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ, ვინაიდან ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი კრიტიკული მედიცინის ყველა საჭირო უნარ-ჩვევას გადამზადების გარეშეც ფლობს. ასეთ ექიმებს არანაირი გადამზადების კურსი არ სჭირდებათ და სრულიად საკმარისია გადაუდებელ მედიცინაში მუშაობის გარკვეული სტაჟი. ხოლო იმ ექიმებს, რომლებიც ამ ტექნიკებს არ ფლობენ (პლევრული პუნქცია, სუბკლავიის ჩადგმა, ინტუბაცია და ა.შ), ამ ტექნიკის ათვისება შეეძლებათ 2-3 კვირიან ინტენსიური პრაქტიკული კურსის საშუალებით.

 

 

ზოგი ექსპერტის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კლინიკებს კადრების შერჩევისას გაუჭირდებათ დაიცვან კომპეტენციათა ნუსხით გაწერილი რეკომენდაციები, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც კადრების დეფიციტია. თუმცა, ისინი ვალდებულები არიან საჭირო კადრებით უზრუნველყონ საავადმყოფო. ამ ნუსხის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობს კადრების დეფიციტი. ზოგი ექიმი დაბალი ანაზღაურების გამო მუშაობს არა ერთ, არამედ მრავალ კლინიკაში და ისეთ სპეციალისტს, როგორიცაა ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი, არ უნდა ჰქონდეს პრობლემა თუ ფლობს გადაუდებელი მედიცინის საჭირო ტექნიკას, თუნდაც გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატის გარეშე შეეძლოს მიმღებში მუშაობა.

 

 

ერთმა ექსპერტის თქმით, „გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გზა აღარ გვაქვს ხოლმე, იძულებულები ვართ, დავიცვათ კომპეტენციათა ნუსხით გაწერილი რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულირების სამინისტრო სოლიდური თანხით გვაჯარიმებს“.

 

 

ექსპერტთა აზრით, თუ რომელი სპეციალობის ექიმს რა კომპეტენცია უნდა ქონდეს ამას განსაზღვრავსჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი. ექიმთა კომპეტენციები გაწერილია სპეციალობათა ნუსხაში. დღესდღეობით მოქმედებს 119 ბრძანება, მაგრამ უახლოეს მომავალში ყველა სპეციალობისთვის ცალკე ნორმატიული ბრძანება დამტკიცდება.

 

 

ექსპერტთა აზრით, ახალი ბრძანებით დამტკიცებული გადაუდებელი მედიცინის კურსი მოქნილი და კლინიკებზე  მორგებულია. გადაუდებელ მედიცინაში სერტიფიცირებადი სარეზიდენტო პროგრამა არის სამწლიანი.

 

 

ექსპერტთა აზრით, გადამზადების მოკლე კურსებისა და რეზიდენტურის მოკლე კურსების ჩასატარებლად სათანადო რესურსები არსებობს. გადამზადების კურსები შედგენილია ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე.

 

 

ზოგი ექსპერტის აზრით, გადამზადების კურსებზე თანხების გაღება უმთავრესად კლინიკას მოუწევს. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მოთხოვნაა, კადრების დეფიციტის გამო კლინიკა ხდება იძულებული, გადაამზადოს თავისი ექიმი და დაეხმაროს ფინანსურად სერტიფიკატი აღებაში. თუმცა, ბევრ კლინიკას, გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო კომპანიებს დიდი ვალი აქვთ, არ აქვს სახსრები დამატებითი ხარჯი გაწიონ თავიანთი ექიმების გადამზადებისთვის.

 

 

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ გადამზადების კურსების არც ფასი და არც ხანგრძლივობა არ არის ზუსტად დადგენილი. ზოგის ვარაუდით მისი ხანგრძლივობა იქნება 8-11 თვე. კლინიკას კი, თუ წინასწარ არ ეცოდინება  რამდენი ხნით მოუწევს ექიმის ,,მოცდენა’’ სამუშაო ადგილიდან - მისი  გადამზადების კურსზე გაგზავნა, გადამზადების კურსის ღირებულება -  გაუჭირდება ამ მოთხოვნის შესრულება.

 

 

ზოგი ექსპერტის მტკიცებით, ექიმისთვის, რომელსაც აქვს ანესთეზილოგის და რეანიმატოლოგის სერტიფიკატი არ არის მიმზიდველი გაიაროს გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის გადამზადების კურსი. თუ კლინიკა არ დააფინანსებს გადამზადების ხარჯებს, მას მოუწევს დამატებითი თანხის გაწევა. თუმცა, ზოგიერთმა ექიმმა, რომელსაც დამატებითი შემოსავლისთვის უწევს, არა ერთ, არამედ რამდენიმე კლინიკაში მუშაობა, იმის გამო, რომ გადაუდებელის სპეციალისტებზე არის მოთხოვნა და ამ თანამდებობაზეც დასაქმდეს, შეიძლება გაიღოს ერთჯერადი ხარჯი.

 

 

იმის გამო, რომ ზოგ ექიმს სავარაუდოდ  8-11 თვიანი გადამზადების გავლა მოუწევთ, რათა გადაუდებელ მედიცინის სპეციალობაში  გადამზადდნენ, არის საფრთხე, რომ ისინი ინტერესს დაკარგავენ და არ გადამზადდებიან, ერჩივნებათ იმუშავონ მარტო რეანიმაციაში. ეს ისევ კადრების დეფიციტსა და კლინიკების კვლავ დაჯარიმებას გამოიწვევს. კლინიკები იძულებულები იქნებიან თავიანთ თანამშრომლებს გადამზადების საფასური  გადაუხადონ და  რეგულირების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სერტიფიცირებული კადრები იყოლიონ.

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეანიმატოლოგებს და ანესთეზიოლოგებს არ დასჭირდებოდათ გადაუდებელ მედიცინაში გადამზადება, მაგრამ შემდგომ გამოიცა ბრძანება, რის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მათ სჭირდებათ მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი და გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის წევრის 3 რეკომენდაცია, ან უნდა გადამზადდნენ და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სამსახურსა, ჯანდაცვის სამინისტროს, ასოციაციებსა და კლინიკებს შორის კომუნიკაცია არ არის გამართული. ყველა სამსახური საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებს წესებს.

 

 

ერთი ექსპერტის მიხედვით, „სამწუხაროდ, რეგულირების სამსახურიდან არც თუ ისე კომპეტენტური  აზრები მოდის, მაგრამ  გვქონია შემთხვევები, როდესაც დიდი ძალისხმევის შედეგად ისინი დაგვირწმუნებია ჩვენს სისწორეში და გადაწყვეტილება შეუცვლიათ. ყოველთვის ასე არ ხდება და იძულებულები ვხდებით, დავექვემდებაროთ მათ მიერ მოთხოვნილ ჩვენთვის მიუღებელ მოთხოვნებს“.

 

 

კითხვაზე, კომპეტენციათა ახალი ნუსხის შემუშავებისას რამდენად ითვალისწინებენ კლინიკების ხელმძღვანელების აზრს, გადიან თუ არა მათთან კონსულტაციებს, ექსპერტები განმარტავენ, რომ ისინი დამოუკიდებლად არაფერს არ შეიმუშავებენ. ისინი საბჭოს სხდომებზე ამტკიცებენ იმას, რასაც დარგობრივი ასოციაციები წარმოადგენენ. პასუხისმგებლები ისინი არიან. ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო სამსახურები კლინიკის ხელმძღვანელებს ეკითხებიან აზრს, რომელსაც შეიძლება დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ.

 

 

თუმცა, ერთი ექსპერტის აზრით, კლინიკების ხელმძღვანელებთან კონსულტაციები არ არის საჭირო. კლინიკების ხელმძღვანელების ფუნქციები კლინიკების მართვაა, სახელმწიფოში სამედიცინო სპეციალობების ნუსხის დანერგვა მათი პრეროგატივა არ არის.

 

 

ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „წინასწარი კონსულტაციები კლინიკების ხელმძღვანელებთან არ ხდება. ხშირად ფაქტის წინაშე გვაყენებენ და უკვე შემდეგ გვიწევს ბრძოლა, რომ  ჩვენი სიმართლე დავუმტკიცოთ. ზოგჯერ გამოგვდის კიდეც, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სფეროში ჩვენ ბევრად მეტი პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს“.

 

 

ერთი ექსპერტის მტკიცებით, „ასოციაცია, რომელმაც კომპეტენციათა ნუსხა დაწერა და ვისთან შეთანხმებითაც სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ  ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს  კრიტიკულ მედიცინაში გადამზადება და პირიქით - კრიტიკული მედიცინის ექიმებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებად გადამზადება არ მოუწევდათ და ერთობლივად შეითავსებდნენ ორივეს კომპეტენციას. მეტიც, მისი თქმით, ასოციაციამ ისე გაწერა ყველაფერი, რომ ეს ორი დარგი ავტომატურად შეერთდა და რეკომენდაციების გაცემაც კი არ იქნებოდა საჭირო. სერტიფიკატები როგორც ანესთეზიოლოგ და რეანიმატოლოგებს ისე დაურიგებოდათ და მუშაობას შეძლებდნენ როგორც ანესთეზიოლოგიაში, ისე რეანიმატოლოგიაში. ასევე ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის სპეციალისტებს თუ სურთ, რომ ქონდეთ ემერჯენსში მუშაობის უფლება, მოუწევთ კურსის გავლა „გადაუდებელ მედიცინაში“.

 

 

ასოციაციის ამ გადაწყვეტილებისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კომპეტენციათა ნუსხა. სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტრო გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატს მხოლოდ იმ შეთხვევაში გასცემს, თუ ექიმს ექნება გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის წევრის 3 რეკომენდაცია და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. ასოციაციის რეკომენდაციაში არ იყო ეს მოთხოვნები, თუმცა სამინისტრომ და რეგულირების სამსახურმა თავის ბრძანებაში ეს მოთხოვნები ჩაწერეს, ანუ სერტიფიკატის გაცემა მოხდება მხოლოდ ამ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ასოციაციამ რა სახის რეკომენდაცია უნდა გასცეს.

 

 

კლინიკების ძალისხმევით ამჟამად რეგულირების სამსახურის მიერ გაცემული დამაჯარიმებელი სანქციების დროებითი შეჩერება მოხერხდა. შეთანხმდნენ, რომ რეგულირების სამსახური აღარ დააჯარიმებდა კლინიკებს, სანამ არ ჩამოყალიბდებიან ხელახლა. თუმცა, რეგულირების სამსახური მაინც ითხოვს ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების კლინიკებში გაფორმებას. იმის გამო, რომ ვერ გაიცემა სერტიფიკატები და არის ამ კადრთა დეფიციტი, კლინიკები იძულებულები არიან მხოლოდ ფორმალურად გაიფორმონ კადრები, ანუ ეს კადრები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ მუშაობას ვინაიდან უკვე სხვაგან მუშაობენ.

 

 

ასოციაციის დასტურის შემდეგ, რომ ამ გაერთიანების ექიმებს არანაირი გადამზადების კურსი აღარ დასჭირდებოდათ და  ორივე დარგში მუშაობას შეძლებდნენ, რეგულირების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის და საჭიროა კრიტიკულმა გაიაროს მინი რეზიდენტურა ანესთეზიოლოგიაში, ანესთეზიოლოგმა კი - კრიტიკულში.

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო, კერძო ორგანიზაციასა და პიროვნებას აქვს ინდივიდუალური მიდგომა და შეხედულება. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა საერთო აზრი. ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია არის ახალი სპეციალობა, რომელიც გულისხმობს პაციენტის როგორც ანესთეზიას, ისე-რეანიმაციას.

 

 

ადრე იყო ანესთზია-რეანიმატოლოგია, ახლა გაყოფილია და ქვია ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია. ანესთეზიას ორდღიანი კომპეტენცია ქონდა ინტენსიურ თერაპიაში. ცალკე იყო კრიტიკული მედიცინა, რასაც ქვია რეანიმატოლოგია. ეს ორი სპეციალობა გაუქმდა, მაგრამ მათზე გაცემული ყველა სერტიფიკატს განუსაზღვერელი ვადა აქვს.

 

 

საყურადღებოა, რომ ამ სპეციალობების ექიმებიდან ზოგიერთი დახელოვნებული იყო, როგორც ანესთეზიოლოგი, ზოგიერთი კი, როგორც რეანიმატოლოგი. ეს ეხება იმ ანესთეზიოლოგებს, ვისაც სერტიფიკატი ანესთეზიაში და კრიტიკულ მედიცინაში ქონდათ.

 

 

მომავალ სპეციალისტს კი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამას  ანესთეზიოლოგიაში და რეანიმატოლოგიაში დაამთავრებს, ორივეს ფუნქცია მიენიჭება. ამ სპეციალობის ექიმს ექნება ორივე სპეციალობის კომპეტენციები, შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩაითვალა გადამზადების კურსის გავლა, რათა ამ ექიმებმა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ როგორც ანესთეზიოლოგიაში, ისე რეანიმაციაში მუშაობა.

 

 

რაც შეეხება გადაუდებელი მედიცინის სპეციალობას, გამომდინარე იქიდან, რომ გადაუდებელ მედიცინას  ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიისგან განსხვავებული კომპეტენციები აქვს დამატებული, დარგის სპეციალისტები აქაც საჭიროდ მიიჩნევენ, მოხდეს ექიმთა გადამზადება, მაგრამ გადამზადება უნდა იყოს არა რვათვიანი, არამედ სრულებით საკმარისია ნაკლები დრო, კერძოდ, 2-3 თვე.

 

 

კვლევამ აჩვენა რომ აშკარად აღინიშნება კომუნიკაციის დეფიციტი ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირების სამსახურს, დარგის ექსპერტებსა და კლინიკებს შორის.

 

ერთნი მიიჩნევან, რომ საჭიროა ხანგრძლივი გადამზადების კურსი, რომელიც მოიცავს სრულ რვა თვეს, როგორც ამ უნარების მქონე, ასევე სტაჟის არმქონე ექიმებისთვის. რეალურად არ ხდება ამ ექიმების დიფერენცირება და ამ პროგრამის ინდივიდუალურად მორგება მათზე.

 

უმჯობესი იქნებოდა, მომხდარიყო ამ ექიმების დაყოფა გამოცდილების, სტაჟის, რაც მათ აქვთ იმ სერტიფიკატების სახეობების მიხედვით და ყველა ჯგუფისთვის ინდივიდუალური გადამზადების პროგრამა შემუშავებულიყო. მაგალითისთვის, იმ ექიმს, რომელსაც აქვს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სერტიფიკატი და ფლობს კიდევაც გადაუდებელი პაციენტის მართვის უნარებს, არ უნდა სჭირდებოდეს რვათვიანი მოცდენა სამუშაო ადგილიდან, რათა მოიპოვოს გადაუდებელ მედიცინის განყოფილებაში მუშაობის უფლება.

 

ცხადია, თუ ექიმი ნამუშევარია, როგორც მხოლოდ ანესთეზიოლოგი,  მას დასჭირდება ამ კურსის გავლა, თუმცა, რვათვიანი გადამზადების კურსი მაინც ზედმეტად ხანგრძლივად მიგვაჩნია.

  

დასკვნა, რეკომენდაციები

 

როგორც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული და გაუგებარი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი წამყვან მიზეზს წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმთა პროფესიული რეგულირების სააგენტოს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ასოციაციებს (კრიტიკული მედიცინის ასოციაცია, რეანიმატოლოგთა ასოციაცია, ანესთეზიოლოგთა ასოციაცია და სხვა) შორის კომუნიკაციის დეფიციტი.

 

ამ სამსახურებს ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია და ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებს წესებს. რეგულირების სამსახური კი საკუთარი სურვილისამებრ წერს დებულებებს და კლინიკებისგან ითხოვს დაექვემდებარონ. სამედიცინო უნივერსიტეტი და სახვადასხვა დარგობრივი ასოციაციები თანხებისა და გრანტების მოსაზიდად ქმნიან სხვადასხვა გადასამზადებელ პროგრამას. ყოველივე ამით რიგი ორგანოები ხეირობენ და ჯარიმების სახით ბიუჯეტისკენ და თავიანთი ორგანიზაციებისკენ თანხებს იზიდავენ.

  

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და რეგულირების სამსახურის დადგენილებით, იმისათვის, რომ კლინიკებმა ფუნქციონირების უფლება მოიპოვონ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, სადაც მუშაობას მხოლოდ გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატის მქონე ექიმები შეძლებენ.

 

პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ ექიმებს ამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად 8-11 თვიანი გადამზადების გავლა მოუწევთ. არის რეალური ალბათობა იმისა, რომ ეს ექიმებიარ მოისურვებენ მოცდნენ თავიანთი სამუშაო ადგილებიდან, გაწიონ დამატებითი ხარჯები ამ კურსის საფასურის გადასახდელად და შედეგად არ გადამზადდნენ. ანუ ერჩივნებათ იმუშავონ მარტო რეანიმაციაში, ვინაიდან ემერჯენსიში მუშაობის ინტერესი ექიმისთვის, რომელიც მუშაობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ნაკლებ მიმზიდველია. ეს კი ისევ კადრების დეფიციტსა და კლინიკების კვლავ დაჯარიმებას გამოიწვევს. ამ განკარგულების ძალაში შესვლა განსაკუთრებით ასოციაციას (თანხების მოზიდვის თვალსაზრისით) და რეგულირების სამსახურს  (კლინიკების დაჯარიმებით ამოღებული თანხების მოზიდვის თვალსაზრისით) აწყობთ. ამით მოხდება კლინიკების იძულება, თავიანთ თანამშრომლებს გადამზადების საფასური გადაუხადონ და რეგულირების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიცირებული კადრები იყოლიონ.

 

აღნიშნული ვითარება ჰოსპიტალური სექტორისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებასა და კორექტირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ კლინიკები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან.

 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მრავალფეროვანი ინფორმაციის ინტერპრეტირების შედეგად ზემოთხსენებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიგვაჩნია შემდეგი:

  

ა) იმ ექიმებისთვის, რომლებმაც ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის დარგში დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი მომავალში უნდა გაიარონ, შეიქმნას სრულყოფილი პროგრამა, რომლის გავლის შემთხვევაშიც სპეციალისტს ექნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლითაც ის შეძლებს სრულფასოვნად იმუშავოს არამარტო რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ ემერჯენსის განყოფილებაშიც. ანუ ამ კურსის ფარგლებშივე გამოიყოს დამატებითი მოდული, სადაც ზემოთხსენებული ექიმები გაივიან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, რათა მათ შეძლონ ემერჯენსის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვა.

 

ბ) რაც შეხება ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის დარგში უკვე სერტიფიცირებულ ექიმებს, მათი კომპეტენციები განისაზღვროს შემდეგნაირად:

  

1) ემერჯენსის განყოფილებაში მუშაობის სტაჟის მქონე ექიმებს ყოველგვარი დამატებითი გადამზადების კურსის გავლის გარეში მიენიჭოთ მიმღებში მუშაობის უფლება.

  

2) ხოლო იმ ექიმებისთვის, რომლებსაც ემერჯენსის განყოფილებაში არ უმუშავიათ, შემუშავდეს სპეციალური მინი კურსი, სადაც ისინი გაივლიან მხოლოდ იმ მოდულებს, რაც ემერჯენსის განყოფილებაში სამუშაოდ არის საჭიროა. ზემოხსენებული კურსი უნდა იყოს არა 8-11 თვიანი, არამედ დაახლოებით ორთვიანი, რაც კონკრეტულად იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შესაძენად, რაც მათ ამჟამად არ გააჩნიათ, სრულიად საკმარისია.

 

აღნიშნული გამართლებულია ეკონომიური თვალსაზრისით, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ექიმებისთვის: ექიმს არ მოუწევს სამუშაო ადგილიდან დიდი ხნით მოცდენა და შედეგად არ დარჩება 8-11 თვე ანაზღაურების გარეშე და გადაიხდის ბევრად ნაკლებს, ვიდრე ეს 8-11თვიანი კურსის შემთხვევაში მოხდებოდა.

  

კლინიკებისთვის კი სარგებლიანი იქნება იმიტომ, რომ მას არ მოუწევს თავისი კადრის 8-11 თვის განმავლობაში მოცდენა და თუ ექიმის გადამზადებისთვის საჭირო თანხის გადამხდელი არის კლინიკა, იგი ნაკლებ თანხას გადაიხდის.

 

 ასეთ შემთხვევაში, იმის ალბათობა, რომ ექიმი დაინტერესდება ამ კურსის გავლით, მეტია, ვინაიდან ამით იგი იძენს შეთავსებით ემერჯენსიში მუშაბის უფლებასაც, რაც მას საკუთარი შემოსავალის გაზრდის შესაძლებობას მისცემს.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: დღესდღეობით პრობლემატურია და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული რიგი საექიმო სპეციალობების კომპეტენციები და ამ სპეციალობის ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადების გზები. აღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჰოსპიტალურ სექტორს. კვლევის მიზანია სპეციალობათა ნუსხით განსაზღვრული ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი მედიცინის კომპეტენციები და მათი სრულყოფის გზები. მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაშრომები. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სიღრმისეული ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან, ასევე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან. შედეგები, ინტერპრეტაცია: როგორც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული და გაუგებარი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი წამყვან მიზეზს წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმთა პროფესიული რეგულირების სააგენტოს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ასოციაციებს შორის კომუნიკაციის დეფიციტი. ამ სამსახურებს ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია და ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებს წესებს. ექიმებს ამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად 8-11 თვიანი გადამზადების გავლა მოუწევთ, რაც მათთვის ნაკლებ მიმზიდველია და შესაძლოა არც განხორციელდეს. ეს კი ისევ კადრების დეფიციტსა და კლინიკების კვლავ დაჯარიმებას გამოიწვევს. შედეგად, კლინიკები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. დასკვნა, რეკომენდაციები: უმჯობესი იქნებოდა, მომხდარიყო ექიმების დაყოფა გამოცდილების, სტაჟის მიხედვით და ყველა ჯგუფისთვის ინდივიდუალური გადამზადების პროგრამა შემუშავება. კურსი უნდა იყოს არა 8-11 თვიანი, არამედ დაახლოებით ორთვიანი, რაც კონკრეტულად იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შესაძენად, რაც მათ ამჟამად არ გააჩნიათ, სრულიად საკმარისია.

 

ძირითადი საძიებო სიტყვები: ექიმთა კომპეტენციათა ნუსხა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია; გადაუდებელი მედიცინა; გადამზადების პროგრამა; გადაუდებელი მედიცინის სერტიფიკატი;

  

State regulation of the limited competence of doctors

 

 

Rusudan Kupatashvili, Teona kokichaishvili, Medea Bokuchava

 

Abstract

 

Competences in certain medical specializations, ways of raising qualification in these professions and retraining in neighboring specializations is nowadays a problematic issue and is not yet enough developed. This causes significant harm to hospital sector.

Main research issue is:  Competences and their ways of improvement in anesthesiology-reanimatology, critical medicine and emergency medicine, which are defined by the specialization list.

Methodological grounds for the research are: Georgian and foreign textbooks concerning human resources management.

Informational bases for the research are: orders on Defining List of Medical Specializations, Neighboring Medical Specializations and Sub-specializations issued by the Ministers of Labour, Health and Social Affairs in various years; Experience of other countries in this aspect.

Research methodology includes deepened interviews with: hospital managers, human resources managers,  representatives of the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia, other associations and regulatory services; Interviews with representatives of these “problemtic” profession (doctors).

Besides deepened interviews, research reflects results of inquiry of the 20 certificate holder practician anesthesiologist-reanimatologists, which expresses their opinion and hopes regarding retraining in emergency medicine.

 

Key Word: List of medical competences; anesthesiology and reanimatology; emergency medicine, retraining program; certificate in emergency medicine.

 

  ბიბლიოგრაფია

 

·  საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის ბრძანება N136/ნ. 2007 წლის 18 აპრილი. საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.თბილისი.

·  საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისმინისტრისბრძანება №01-7/ნ. 2014 წლის 7  თებერვალი.  საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. თბილისი.

·  Письмо Министерства образования и науки Российской Федерации от 22 июня 2011 г. N ИБ-733/12 «О формировании основных образовательных программ послевузовского профессионального образования»;

·  Приказ Министерства здравоохранения и социального развития Российской Федерации от 5 декабря 2011 г. №1476н «Об утверждении федеральных государственных требований к структуре основной профессиональной образовательной программы послевузовского профессионального образования (интернатура);

·  Приказ Министерства здравоохранения Российской Федерации от 17.02.93 N 23г об утверждении «Положения о клинической ординатуре»;

·  Приказ МЗ и СР РФ от 07.07.2009 г. N 415н «Об утверждении Квалификационных требований к специалистам с высшим и послевузовским медицинским и фармацевтическим образованием в сфере здравоохранения»;

·  Приказ Министерства здравоохранения и социального развития Российской Федерации от 12 августа 2009 г. N 581н «О внесении изменений в порядок совершенствования профессиональных знаний медицинских и фармацевтических работников»;

·  Письмо МЗ и СР РФ от 17 июня 2010 г. N 16-3/10/2-5048 «Об итоговой аттестации врачей-интернов».

·  Приказ Министерства здравоохранения и социального развития РФ от 1 ноября 2004 г. N 179 «Об утверждении порядка оказания скорой медицинской помощи»; (с изменениями от 2 августа 2010 г., 15 марта 2011 г.);

 

·  Приказ Министерства здравоохранения и социального развития РФ от 13 апреля 2011 г. №315н «Об утверждении Порядка оказания анестезиолого-реанимационной помощи взрослому населению»

Read 2349 times