Saturday, 16 December 2017

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა საქართველოში

თეონა ელიაშვილი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, აგროდაზღვევის პროგრამის ანგარიშთა მმართველი 

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

 შესავალი. ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პირობები. კომპანიას მომხმარებლებისთვის საქონლის კრედიტით ან განვადებით მიწოდების შესაძლებლობა ანიჭებს დიდ კონკურენტულ უპირატესობას ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით. მართალია, კრედიტით გაყიდვები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს კომპანიისთვის, კომერციულ და ექსპორტულ კრედიტებს თან ახლავს არგადახდის რისკი, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას, ერთი მხრივ კონტრაგენტის გადახდისუუნარობით ან გაკოტრებით, მეორე მხრივ, პოლიტიკური მიზეზების გამო, საექსპორტო დაკრედიტების შემთხვევაში. 

 

კონტრაგენტის (მყიდველის) გადახდისუუნარობისგან კრედიტორის დასაცავად გამოიყენება კრედიტების დაზღვევა. კრედიტების დაზღვევაში კატასტროფული ხარჯების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება დამზღვევის საკუთარი მონაწილეობა (თანაგადახდა, საკრედიტო ლიმიტი). საქართველოში საკრედიტო რისკების თეორიული და მეთოდოლოგიური ბაზები ნაკლებად არის განვითარებული, რაც ხაზს უსვამს კვლევის აქტუალურობას. კვლევის მიზანია საქრთველოში საკრედიტო დაზღვევის ბაზრის ტენდენციების შესწავლა, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის განვითარების საჭიროების გამოვლენა.

 

მეთოდოლოგია. საქართველოში საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ჩამოყალიბებისა და განვითარების ტენდენციების შესწავლისთვის, თავდაპირველად, მოხდა საკვლევი ობიექტის თეორიული ბაზისის შექმნა. ჩატარდა აღწერითი კვლევა, რომლის საფუძველს წარმოადგენდა საკრედიტო დაზღვევის შესახებ ნაშრომები, სახელმძღვანელოები და პუბლიკაციები, აგრეთვე, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მასალები, რაც, თავის მხრივ, მოიცავს მონაცემებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის (ექსპორტი, იმპორტი, სავაჭრო სალდო) შესახებ, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკურ მაჩვენებლებს და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ბაზრის ფინანსურ მონაცემებს. სებ-ის და საქსტატის მონაცემთა ბაზების დამუშავების შემდეგ, შესაძლებელი გახდა საქართველოში საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციების დადგენა, განვითარების სტრუქტურა ბაზრის წილის, მოზიდული პრემიის და გაფორმებული პოლისების რაოდენობის შესახებ. აგრეთვე, ქართული ექსპორტისა და სავაჭრო ბალანსის განვითარების ტენდენციების ილუსტრირება კვლევის პერიოდის განმავლობაში (2008-2012 წ.) და ურთიერთკავშირის დადგენა საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევასთან.

 

ლიტერატურის მიმოხილვა. კრედიტების დაზღვევა მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდამდე ითვლებოდა როგორც დაზღვევის სხვა სახეობებთან შეუთავსებელი და განიხილებოდა, როგორც დაზღვევის ცალკე სახე და ხორციელდებოდა სპეციალიზებული სადაზღვევო კომპანიების მიერ [2]. 

 

კრედიტების დაზღვევის მიზანია კრედიტორის დაცვა კონტრაგენტის გადახდისუუნარობის რისკისაგან. კრედიტების დაზღვევის სამი ძირითადი კატეგორია არსებობს [2]: 

 

  1. თავდებობის დაზღვევა;
  2. ნდობის ბოროტად გამოყენების რისკის დაზღვევა;
  3. დელკრედერე (Delkredereversicherung) დაზღვევა.

 

თავდებობის დაზღვევის დროს მზღვეველი დამზღვევის მინდობით, საკუთარ თავზე იღებს გარანტიებზე და თავდებობებზე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებს კონტრაგენტების მიმართ [2]. თავდებობის დაზღვევის დროს დამზღვევი არის მოვალე, კრედიტორი - სადაზღვევო ხელშეკრულების ბენეფიციარი, ხოლო სადაზღვევო კომპანია – გარანტი. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება სადაზღვევო კომპანიასა და კრედიტორს შორის, რომლითაც მზღვეველი იღებს ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, კრედიტორს გადაუხადოს თანხა, რომელზეც გაიცა გარანტია და ამით დაიცვას იგი ზარალისგან მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში [2].

 

ნდობის ბოროტად გამოყენების რისკის დაზღვევის მიზანია დამსაქმებელის დაცვა თანამშრომლების მიერ ფინანსების ბოროტად გამოყენებით გამოწვეული ზარალის რისკისაგან [2]. დაზღვეულები არიან ან ხელშეკრულებაში სახელდებით მოხსენებული ნდობით აღჭურვილი პირები, ან მომსახურეთა გარკვეული ჯგუფები. ზოგ ქვეყნებში, ნდობის ბოროტად გამოყენების რისკის დაზღვევას, მოზიდული პრემიების მოცულობის მიხედვით, ფინანსური რისკების დაზღვევის სახეებს შორის მეორე ადგილი უკავია, კომერციული კრედიტების დაზღვევის შემდეგ [2].

 

გარანტიის (Delkredere) დაზღვევა ფინანსური რისკების დაზღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ტერმინი "Delkredere" (ქართ. „დელკრედერე“) დაზღვევაში საბუღალტრო აღრიცხვიდან შემოვიდა და გულისხმობს საწარმოების (დამზღვევის) მიერ საქონლისა ან მომსახურების მიწოდებისას კონტრაგენტის (მყიდველის) გადახდისუუნარობით გამოწვეული საკრედიტო ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის ფინანსურის რისკებისაგან დაზღვევას [2].

 

გარანტიის დაზღვევის ორი სახე არსებობს: საექსპორტო კრედიტების დაზღვევა და ქვეყნის შიგნით საქონლისა თუ მომსახურების მიწოდებაზე კომერციული კრედიტების დაზღვევა [2].

 

ექსპორტული კრედიტების დაზღვევის დროს ექსპორტიორი აზღვევს, იმპორტიორებთან დადებული უკლებლივ ყველა სავაჭრო გარიგებიდან გამომდინარე, მოკლევადიანი დებიტორული დავალიანების არდაფარვის რისკს [2]. ექსპორტული კრედიტების დაზღვევა მხოლოდ ეკონომიკურ, კომერციული ხასიათის რისკებს ფარავს. როგორც წესი, ასეთი სახის დაზღვევის დროს არ ხდება ისეთი რისკებისაგან დაზღვევა, რომლებიც ვითარდება პოლიტიკური კრიზისების შედეგად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, სადაც ეკონომიკურ რისკებზე დიდ ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული კრედიტის არდაბრუნების შემთხვევების დაზღვევას ბევრ ქვეყნებში ახდენს თავად სახელმწიფო [2].

 

ქვეყნის შიგნით კომერციული კრედიტების დაზღვევა გულისხმობს ქვეყნის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მყიდველთა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანების არდაფარვის რისკის დაზღვევას. ამ სახის დაზღვევისას გარანტიები გაიცემა ნებისმიერი საქონლის მიწოდებისას გაცემულ კრედიტებზე, რომელთა დაფარვის ვადაც, როგორც წესი, 12 თვეს არ აღემატება [2].  

 

დელკრედერე დაზღვევა შეიძლება მოიცავდეს არა მარტო მეწარმის მიერ საქონლის ან მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ფინანსურ რისკებს, არამედ სავაჭრო გარიგების რეალიზაციასთან დაკავშირებულ რისკებსაც. დელკრედერე დაზღვევის დროს დამზღვევს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ეკისრება. კერძოდ, ფრანშიზის გამოყენება ზრდის მის სტიმულს დებიტორული დავალიანების დაფარვის მიმართ, რომ მიიღოს ზომები ზარალის თავიდან ასაცილებლად და საგულდაგულოდ გადაამოწმოს კონტრაგენტის საიმედოობა და გადახდისუნარიანობა [2].

 

საქონლის ან მომსახურების მომწოდებელს (დამზღვევი) და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებულ სადაზღვევო ხელშეკრულებაში ფიქსირდება დაზღვევის პირობები, კერძოდ: მევალის მხრიდან ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მზღვეველის ვალდებულებები კრედიტის დაფარვაზე; მყიდველის კრედიტუნარიანობის და კრედიტის გაცემის პირობების, კრედიტის დაფარვის კონტროლისათვის საჭირო მოსაკრებლის ოდენობა; კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება და ამ ანაზღაურების ზედა ზღვარი, ასევე სადაზღვევო პრემიის ოდენობა [2].

 

როგორც ექსპორტული, ასევე კომერციული კრედიტების დაზღვევის დროს დამზღვევი აცნობებს მზღვეველს ყველა იმ მყიდველის ვინაობას, ვისაც მიაწოდა საქონელი მოკლევადიანი დაკრედიტების პირობით. ყოველი კონტრაგენტისათვის დამზღვევი მიუთითებს სასურველ სადაზღვევო თანხას. მზღვეველი ახდენს მოვალის კრედიტუნარიანობის მონიტორინგს და ამის საფუძველზე განსაზღვრავს სადაზღვევო დაფარვის შესაძლო მოცულობას (სადაზღვევო თანხის ოდენობას) [2]. 

 

დელკრედერე დაზღვევის დროს დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას კონტრაგენტის (მყიდველის) გადახდისუუნარობით გამოწვეული საკრედიტო ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის (არდაბრუნების) ფინანსური რისკები. ამრიგად, იგი გამორიცხავს საბანკო კრედიტის დაბრუნებასთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც დელკრედერე დაზღვევის საგანს არ წარმოადგენენ [2]. თუმცა, ფინანსურ და სასაქონლო კრედიტს შორის მკვეთრი ზღვარის გავლება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კომერციული კრედიტის ხანგრძლივი ვადით გაცემისას, რის გამოც სადაზღვევო პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა დელკრედერე რისკების მზღვეველები ბანკროტობის ზღვარზეც აღმოჩენილან [2]. 

 

დელკრედერე დაზღვევის დროს დაზღვევას ექვემდებარება სხვადასხვა საწარმოების მიერ საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას კრედიტის არდაბრუნების რისკები და არ ფარავს კერძო პირთა მიერ ვალის არდაბრუნების რისკებს. ასევე, დელკრედერე დაზღვევით არ იფარება რისკები ისეთი საწარმოების მიმართ, რომელთა მმართველობაზეც დამზღვევს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია მის ხელთ არსებული იურიდიული ან პრაქტიკული ბერკეტების მეშვეობით [2]. 

 

დელკრედერე დაზღვევის დროს სადაზღვევო რისკებია: გადახდისუნარიანობა და გადახდის ვადის გადაცილება [2]. მყიდველის გადახდისუუნარობის დროს მის მიმართ ხორციელდება სამართალწარმოება გახდადისუუნარობის თაობაზე. ზოგ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორს შორის სასამართლოს გარეშე მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ვალის გადახდას მოვალის ქონების გაყიდვის და აღებული თანხის კრედიტორებს შორის დავალიანების პროპორციულად გადანაწილების საშუალებით. ასევე, დელკრედერე დაზღვევაში სადაზღვევო შემთხვევად გაცემული კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა ითვლება [2]. 

 

დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში დამზღვევი ცდილობს შეამციროს კრედიტის არდაბრუნების რისკი. იგი ვალდებულია მზღვეველს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მოვალის ფულად ვალდებულებებზე, გადასცეს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, აცნობოს ინფორმაცია მოვალის ან სხვა პირების მიერ დავალიანების დასაფარად განხორციელებული ყველა გადახდის შესახებ [2].

დელკრედერე დაზღვევა არ ვრცელდება ისეთ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ კრიზისებთან. პოლიტიკური რისკების დაუზღველობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ დაზღვევაში არ არსებობს ასეთი რისკების გამოთვლის მეთოდები. ამასთან, ასეთი რისკებით გამოწვეული საერთო ზარალი ხშირად ისეთ სიდიდეს აღწევს, რომ მისი ანაზღაურება კერძო სადაზღვევო კომპანიების ძალებს აღემატება. 

 

დაზღვევას არ ექვემდებარება [2]: 

  • სავაჭრო პარტნიორის მიერ, ფულის გადმოურიცხველობა, რომლის მიზეზიც გახდა უცხო სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური მიზეზებით საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვის ან სხვა ვალუტაში კონვერტაციის შეზღუდვა;
  • სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული გადახდების აკრძალვის შედეგად გადაუხდელობის რისკი;
  • ოფიციალურად გამოცხადებული მორატორიუმის შედეგად სავაჭრო ოპერაციის შეჩერების რისკი;
  • ვალუტის კურსების ცვლილების რისკი;
  • ომის, სამხედრო მოქმედებების, გაფიცვების, შიდა არეულობების, მიწოდებული საქონლის ოფიციალური კონფისკაციით, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მყიდველის გადახდისუუნარობა.

 

დელკრედერე დაზღვევის ხელშეკრულებით არ იზღვევა რომელიმე პარტნიორის მიერ, ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან ან არასათანადო შესრულებასთან დაკავშირებული და ამის გამო, ანგარიშფაქტურაში დაუფიქსირებელი ზარალი და ხარჯები. მაგალითად, გადახდის გადაცილების გამო დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლოები, ხელიდან გაშვებული მოგების ანაზღაურების მოთხოვნა, სასამართლო დევნის ხარჯები და ყველა ის ხარჯი, რომელიც დავალიანების ამოღებას უკავშირდება [2].

 

დელკრედერე დაზღვევაში არ არსებობს სტანდარტული ტარიფები. ყოველი ხელშეკრულებისათვის ცალკე ხდება სადაზღვევო პრემიის გამოთვლა. ამის გამო, ხელშეკრულების თავისი ვარიანტის წარდგენამდე მზღვეველმა დაახლოებით მაინც უნდა შეაფასოს მის მიერ დასაზღვევი რისკები [2]. დელკრედერე დაზღვევაში სადაზღვევო პრემიის ოდენობა გამოიანგარიშება ყოველი თვის ბოლოს მყიდველის დაუფარავი დავალიანების ოდენობის მიხედვით. სადაზღვევო ტარიფი შედგება ორი ნაწილისგან: თანხა, რომელიც რისკის დაფარვას სჭირდება და მზღვეველის ხარჯების დასაფარავად საჭირო თანხა [2].

 

ევროპაში კომპანიების სავაჭრო გარიგებების დაახლოებით 80 % კომერციული კრედიტის პირობით ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში საექსპორტო კრედიტის წილი, თითქმის 80 %-ს შეადგენს [1]. საქართველოში კი ეს სადაზღვევო პროდუქტი მხოლოდ 5 წელია არსებობს, თუმცა განვითარების სწრაფი ტემპი ახასიათებს - 2008 წლიდან დღემდე მოზიდული პრემია გაზრდილია 97 %-ით [5], მაგრამ არ არსებობს წარმოდგენა საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციების შესახებ.

 

საქართველოში საკრედიტო რისკების თეორიული და მეთოდოლოგიური ბაზები ნაკლებად არის განვითარებული. საკრედიტო დაზღვევის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს; ზოგ ქვეყნებში მეწარმეებზე, რომლებიც წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ეწევიან, მოქმედებენ სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმები, რაც ხელს უწყობს სავაჭრო არეალის გაფართოებას [1]. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

შედეგები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა საქართველოში 2008 წლიდან იწყება [6]. პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც განახორციელა საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა იყო დაზღვევის კომპანია „ქართუ“ [6]. 2012 წელს კი უკვე 3 სადაზღვევო კომპანია აწარმოებს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას [6].

 

2012 წლის მონაცემებით, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა მე-14 პოზიციაზეა დაზღვევის 18 სახეობს შორის 0,1 %-იანი წილით [6] (იხ. ცხრილი №1):

 

ცხრილი №1. 

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის სტრუქტურა 2008-2012 წ. [8]

 

2008 წელს სადაზღვევო კომპანია „ქართუ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ახორციელებს საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით [6].

 

2009 წლიდან საკრედიტო ვალდებულებების მზღვეველი ორი კომპანია არის წარმოდგენილი - „ქართუ“ და „იმედი L International”. თუმცა, ამის მიუხედავად, მცირდება მოზიდული და გადაზღვევის პრემიის ჯამური ოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შესაბამისად, 18 %-ით და 26 %-ით [6] (იხ. ცხრილი №2 და ცხრილი №3).

 

2010 წლიდან ბაზრის სეგმენტს ეთიშება კომპანია „ქართუ“ და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას ისევ მხოლოდ ერთი კომპანია - „იმედი L International” წარმოადგენს, მაგრამ, ამის მიუხედავად, 42 %-ით იზრდება მოზიდული პრემიის ოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით [6] (იხ. ცხრილი №2).

 

2011 წელსაც მხოლოდ „იმედი L International” სთავაზობს მომხმარებლებს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოზიდული პრემია კვლავ იზრდება 98 %-ით 2010 წელთან შედარებით [6] (იხ. ცხრილი №2). ამის შესაბამისად, იმატებს პოლისების რაოდენობაც (იხ. დიაგრამა №1 და დიაგრამა №2) და 2011 წლიდან საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა უკვე იკავებს ბაზარზე ადგილს, რომლის წილიც შეადგენს 0,28 %-ს [6] (იხ. ცხრილი №1).

 

2012 წელს, ერთი მხრივ, შეინიშნება ბაზრის წინსვლა და განვითარება, რადგან პროდუქტს უკვე სამი სადაზღვევო კომპანია, „იმედი L International”, „ტაო“ და „არდი ჯგუფი“, წარმოადგენს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოზიდული პრემიის ჯამური ოდენობა 2011 წელთან შედარებით 46 %-ით მცირდება (იხ. ცხრილი №2) და ასევე იკლებს ბაზრის წილიც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 64 %-ით, რომელიც 0,1 %-ს შეადგენს [6].

 

ცხრილი №2.

 საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევით მოზიდული პრემია (ლარი) [6]

 

 

ცხრილი №3.

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევით გადაზღვევის პრემია (ლარი) [6]

 

ცხრილი №4. 

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევით ანაზღაურებული ზარალები (ლარი) [6]

 

 

დიაგრამა №1. 

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების დინამიკა პოლისების რაოდენობის მიხედვით „იმედი L Iნტერნატიონალ” [6]

 

დიაგრამა №2. 

ბაზრის განვითარების დინამიკა პოლისების რაოდენობის მიხედვით [6]

 

 

შედეგების ინტერპრეტაცია და დისკუსია. საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენცია საკმაოდ უჩვეულოა და გარკვეული პარადოქსებით ხასიათდება. კვლევის პერიოდის განმავლობაში (2008-2012 წ.) მართალია, მოზიდულ პრემიას ზრდის სწრაფი ტემპი ახასიათებს (97 %-იანი ზრდა), არასტაბილურია მისი წილი დაზღვევის ბაზარზე, რომელიც პირველი სამი წლის განმავლობაში ნულოვანია, 2011 წლიდან აღწევს 0,28 %-ს და აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი სტატისტიკის მანძილზე ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, რადგან 2012 წელს ბაზარზე შესაბამისი სეგმენტის წილი კვლავ მცირდება 0,1 %-მდე.

 

საყურადღებოა, კვლევის პერიოდის განმავლობაში (2008-2012 წ.), ურთიერთკავშირი მზღვეველი კომპანიების რაოდენობასა (რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას) და მოზიდული პრემიის ოდენობას შორის. 2009 და 2012 წლებში, სადაზღვევო კომპანიების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მოზიდული პრემია იკლებს, ხოლო 2010-2011 წ. პირიქით, მზღვეველების შემცირების მიუხედავად, საკმაოდ შთამეჭდავად იზრდება მოზიდული პრემია.

 

2008-2012 წლებში შესწავლილ იქნა ინფორმაცია გაფორმებული პოლისების რაოდენობის შესახებ. 2008 წელს არანაირი მონაცემი არ ფიქსირდება, 2009-2012 წლებში კი პოლისების რაოდენობის განვითარების საკმაოდ უჩვეულო ტენდენცია ისახება: პირველი სამი წლის განმავლობაში (2009-2011 წ.), გაფორმებული პოლისების რაოდენობა ერთეულოვანია, 2012 წელს კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და აღწევს 33 ათასს, რაც არის ჯამური ოდენობა და არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, თუ რა წილი უკავია მასში თითოეულ სადაზღვევო კომპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ მზღვეველებმა უარი თქვეს კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ ეს პარადოქსული მოვლენა დაკავშირებული იყოს საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის სატარიფო პოლიტიკასთან, რადგან აღწერითი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, არ არსებობს სტანდარტული ტარიფი და ყოველი ხელშეკრულებისთვის ინდივიდუალურად ხდება ტარიფის გამოთვლა. ამის შესაბამისად კი, შესაძლებელია, რომ ამ 33 ათასი სადაზღვევო პოლისის მფლობელი ბენეფიციარები წარმოადგენდნენ „წვრილ“ კლიენტებს. დელკრედერე დაზღვევაში არსებობს ე. წ. უსახელო დავალიენების დაზღვევა: მიმწოდებლები, რომლებსაც დიდი რაოდენობით წვრილი კლიენტები ჰყავთ, იყენებენ ე. წ. უსახელო დავალიანების დაზღვევას. მზღვეველი და დამზღვევი ათანხმებენ თანხას, რომლის ფარგლებშიც ხდება მიწოდებული პროდუქციის დაზღვევა. ამ დროს კლიენტების ცალ-ცალკე დასახელება არ ხდება. ხოლო თანხა 5000-10000 ევროს შეადგენს [2].

 

კვლევის ფარგლებში, მოხდა ინფორმაციის მოძიება საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და მისი განვითარების დინამიკაზე 2008-2012 წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა გარკვეული ურთიერთკავშირი იყოს ქართულ ექსპორტსა და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას შორის.

 

საქართველოსთვის მეტად აქტუალურია საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და სავაჭრო ზონის გაფართოება, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. ეკონომიკის რეფორმების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ შეიქმნას სრულყოფილი საკრედიტო სადაზღვევო სისტემა, რაც დაიცავს ქართულ კომპანიებს, ქვეყნის შიგნით წარმოებული სავაჭრო ოპერაციების დროს და გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. საკრედიტო ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც კერძო, კომერციული, ისე საექსპორტო კრედიტების მხარდაჭერა. განვითარებული ქვეყნების საგარეო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმის შექმნა ნაციონალური ექსპორტიორებისთვის, სადაც კერძო კაპიტალი, საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში, ვერ ვითარდება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათ შორის, კომპანიების განვითარებად ბაზრებზე.

 

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტის წილის ზრდაზე ორიენტირება შესაძლოა გახდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის, წარმოების განვითარების, სპეციალიზაციის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ამის შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ზრდის განმსაზღვრელი უდიდესი ფაქტორი.

 

დასკვნა და რეკომენდაციები. საკრედიტო დაზღვევის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მისი ყველა ფუნქციის კომპლექსურად განხორციელების შემთხვევაში. ამდენად, საკრედიტო დაზღვევა, ეს არ არის მხოლოდ რისკის ტრანსფერის ინსტრუმენტი მზღვეველზე და საჭიროა საკრედიტო მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის არსებობა კომპანიაში. ინტეგრირებული სერვისი გულისხმობს, როგორც დამზღვევის, ისე თვით კომპანიის რისკ-მენეჯმენტს. შემოთავაზებული კონცეფცია საშუალებას იძლევა, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეფექტურობა საკრედიტო დაზღვევაში. მათ შორის, მოზიდული საკრედიტო რესურსების ღირებულების შემცირებაც.

 

კვლევის შედეგად, საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის განვითარებისთვის, შესაძლებელია გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი მზღვეველებისთვის:

 

  • საკრედიტო დაზღვევის ფარგლების დაკონკრეტება;
  • საკრედიტო დაზღვევის ტარიფიკაციის მეთოდის ჩამოყალიბება -სადაზღვევო პრემიის განაკვეთის ცვლილების განვითარების მოდელი დამოკიდებულია საკრედიტო რისკზე, რაც შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიების ანდერაითინგის პოლიტიკის განვითარების საფუძველი;
  • გადაზღვევის ურთიერთობის დამკვიდრება საქართველოსა და საერთაშორისო საკრედიტო დაზღვევის ლიდერებს შორის.

 

რეზიუმე

ექსპორტული და კომერციული კრედიტების რისკი, რომელიც წარმოიშობა დებიტორული დავალიანების არსებობისას, იფარება საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევით. ამ ტიპის დაზღვევა ევროპაში უკვე 150 წელს ითვლის, საქართველოში კი მხოლოდ ხუთს და ამასთანავე, არ არსებობს წარმოდგენა მისი განვითარების ტენდენციების შესახებ. კვლევის მიზანია საქართველოში, 2008-2012 წლებში, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციების შესწავლა. საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენცია საკმაოდ უჩვეულოა და გარკვეული პარადოქსებით ხასიათდება. კვლევის პერიოდის განმავლობაში (2008-2012 წ.) მართალია, მოზიდულ პრემიას ზრდის სწრაფი ტემპი ახასიათებს (97 %-იანი ზრდა), არასტაბილურია მისი წილი დაზღვევის ბაზარზე, რომელიც პირველი სამი წლის განმავლობაში ნულოვანია, 2011 წლიდან აღწევს 0,28 %-ს და 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია, რადგან 2012 წელს ბაზარზე შესაბამისი სეგმენტის წილი კვლავ მცირდება 0,1 %-მდე. ასევე 2009-2012 წლებში პოლისების რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ უჩვეულო ტენდენცია ისახება: პირველი სამი წლის განმავლობაში (2009-2011 წ.), გაფორმებული პოლისების რაოდენობა ერთეულოვანია, 2012 წელს კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და აღწევს 33 ათასს, რაც არის ჯამური ოდენობა და არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, თუ რა წილი უკავია მასში თითოეულ სადაზღვევო კომპანიას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია შეიქმნას საკრედიტო დაზღვევის სრულყოფილი სისტემა. მიზანშეწონილია საკრედიტო დაზღვევის ფარგლების დაკონკრეტება, საკრედიტო დაზღვევის ტარიფიკაციის მეთოდის ჩამოყალიბება. სადაზღვევო პრემიის განაკვეთის ცვლილების განვითარების მოდელი დამოკიდებულია საკრედიტო რისკზე, რაც შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიების ანდერაითინგის პოლიტიკის განვითარების საფუძველი.

 

 

Credit Insurance In Georgia

 

Teona Eliashvili, Agriculture Project Management Agency, Agro insurance Program Account Manager

 

Tengiz VerulavaDoctor of Medical Science. Professor at Ilia StateUniversity

 

Abstract

Introduction: The risk of the export and commercial credits, which arises from the existence of accounts receivable, are covered by insurance of financial liabilities. This type of insurance has been in Europe for about 150 years and there is only five in Georgia and at the same time, there is no idea of its development trends. Research aims to study the credit liability market trends in 2008-2012 years in Georgia. Methodology: Within the qualitative research was established the theoretical basis of credit insurance and by using quantitative research methods were conducted the credit insurance market and foreign trade statistical analysis. Results: The trend of the financial liability of market development is rather unusual for Georgia and is characterized by a certain paradoxes.  During the study period (2008-2012) Although written premium is characterized by a rapid rate of growth (97 % increase), its share of the insurance market is unstable, which is zero in the first three years, from 2011 increase to 0,28 % and in 5 years is the highest, since 2012 the market share of the segment continued to decrease to 0,1 %. In 2009-2012 a rather unusual trend is outlined in terms of the number of policies: the first three years (2009-2011), the number of signed insurance policies is few and is increased exponentially, reaching 33 thousand in 2012, which is the total amount  and there is no detailed information of the shares of each insurance company. Interpretation of the results, the conclusion: Based on the research, it is recommended to create a comprehensive system of credit insurance. It is recommended to specify the extent of credit insurance, forming the method of the credit insurance tariffication. Insurance premium rate of change development model, depends on the credit risk, which can become the basis for the development of the insurance companies underwriting policy.

 

Key Words: Credit Insurance, Export Credits, Commercial Credits, Credit Risk, Georgia.

 

bibliografia

1.      Азарченков, А. Б. 2007. Страхование кредитных рисков торговых операций. Москва.

2.      Германский союз страховщиков. 2004. Страховое дело: Учебник. В 2 т. (пер. с нем. О.И. Крюгер и Т.А. Федоровой). - т.2: Виды страхования / под ред. Т.А. Федоровой. - М.: Экономистъ. <http://www.znay.ru/guide/gdv/02-07-1.shtml>

3.      ვერულავა, თენგიზ. 2014. სადაზღვევო რეზერვებისალექციო კურსი "სადაზღვევო საქმე". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

4.      კბილცეცხლაშვილი, თეა. 2014. კოეფიციენტების ანალიზისალექციოკურსი "ჯანდაცვის და სადაზღვევო საქმის ფინანსური მენეჯმენტი".

5.      საქართველოს ეროვნულიბანკი. 2013. წლიური ანგარიშითბილისი.

6.  საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემები<https://www.nbg.gov.ge/index.php?m=531> (12.03. 2013)

7.      საქართველოსეროვნულიბანკი. კომერციულიბანკებისფინანსურიმაჩვენებლები<https://www.nbg.gov.ge/index.php?m=404> (12.05.2014)

8.      საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახური. <http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo> (24.03.2014)

9.      საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. სტატისტიკური მონაცემები<http://insurance.gov.ge/> (1305.2014).

10.  ჯიპიაი ვენის სადაზღვევო ჯგუფი.https://www.gpih.ge/gpih (12.05.2014)

11.  აისი ჯგუფი დაზღვევა.http://icgroup.ge/. (12.05.2014)

12.  ალდაგი ბისიაიhttp://www.aldagibci.ge/. (12.03.2014)

13.  ალდაგი ბისიაი.http://www.aldagibci.ge/. (12.05.2014)

14.  არდი დაზღვევა<http://www.ardi.ge/(12.05.2013)

15.  ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი.http://irao.ge/. (12.05.2014)

16.  სადაზღვევო კომპანია ალფა.http://alpha.ge/. (12.05.2014)

17.  სადაზღვევო კომპანია ტაოhttp://taoinsurance.ge/. (12.05.2013) 

18.  ქართუ დაზღვევა. http://cartuinsurance.ge/. (12.05.2013)

 

გამოქვეყნდა 30/06/2015

Published 30/06/2015

Read 2207 times