Saturday, 16 December 2017

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის კვლევა საქართველოში

 

ზურაბ ალხანიშვილი, მაია ოსიპოვა-შონაი, ცირა ბარქაია 

 

შესავალი

 

ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობა ან რაიმე სახის ქრონიკული დაავადება აქვს, უმეტეს შემთხვევაში, სტომატოლოგიური მომსახურებით ვერ სარგებლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ სტომატოლოგებთან ვიზიტის დროს ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ პრობლემებს, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას მნიშვნელოვნად ზღუდავს ან, როგორც წესი, სრულებით მიუწვდომელს ხდის.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ,,ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად’’ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 25). 

 

არ არსებობს კვლევა, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობის სურათს ასახავდა. ჩვენ მიერ ჩატარებული პილოტური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სტომატოლოგების ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევაზე უარს აცხადებს (Aლკჰანისჰვილი ატ ალლ, 2013). ხოლო თვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დღესდღეობით, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ნაკლებად ხელმისაწვდომ მიმართულებად სტომატოლოგია ითვლება.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ეს არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები. ეს კი განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფაცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე (საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2006).

 

ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების კვლევების მიხედვით, სტომატოლოგებისგან მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმა სამი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: 1) ფიზიკური ხელმიუწვდომლობა, 2) კონკრეტული განვითარების დარღვევის შესახებ ინფორმაციის არქონა, ან არასწორი ინფორმაციის ფლობა; 3) ნეგატიური დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ (Lაწრენცე D, Kისელყ შ, 2010; ღაბკინ ჟ Pუბლიც, 1974; შიპერსტეინ GN, ჭოლრაიცჰ ML, 1986).

 

ჩვენი კვლევის ჰიპოთეზა შემდეგნაირად ყალიბდება: განვითარების დარღვევებისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის დონე გავლენას ახდენს სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდებაზე, მის ეფექტურობასა და სტომატოლოგების დამოკიდებულებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მიმართ.

 

კვლევის მიზანი იყო, წარმოჩენილიყო:

1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რამდენად ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურების მიღება;

2) იმ ფიზიკური, ინფორმაციული, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების დადგენა, რომლებიც გავლენას ახდენს სტომატოლოგის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტთათვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევაზე.

 

მსოფლიოში არსებულმა ემპირიულმა მონაცემებმა გვიჩვენა, რომ არსებობს სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობის გაზრდის კონკრეტული აპრობირებული გზები. მათი განზოგადება ქართულ რეალობაზე შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია, საქართველოში არსებული ვითარებისა და საჭიროებების ცოდნა. ჩვენმა კვლევამ გამოავლინა შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის საჭიროება ერთი მხრივ მოქმედი პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ხოლო მეორე მხრივ მომავალი სტომატოლოგებისათვის სასწავლო მოდულებში გარკევეული საკითხების დამატების საჭიროება.

 

მეთოდოლოგია

კვლევის მასალები და მეთოდი. მონაცემთა შეგროვების პროცესი კითხვარის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვებით დაიწყო. ნოზოლოგიების კლასიფიცირებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ მონაცემები და გავარკვიეთ, რომელი ნოზოლოგიების/მდგომარეობების შესაბამისად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება ყველაზე ხშირად.

 

სტომატოლოგიის სფეროში აქტუალური და კვლევისთვის პრიორიტეტული ნოზოლოგიების დასადგენად შედგა შეხვედრები სტომატოლოგებთან. 

 

შემდეგ ეტაპზე ჩავატარეთ ფოკუს ჯგუფები. შეხვედრები ასოციაცია „ანიკაში“ და საქართველოს უსინათლოთა კავშირში შედგა. ჩვენი მიზანი კვლევისთვის მნიშვნელოვანი ნოზოლოგიების განსაზღვრა და კვლევის ინსტრუმენტში ჩასადები საკვანძო საკითხების აქცენტირება იყო.

 

შევაჯერეთ ბოლო პერიოდის ეპიდემიოლოგიური მონაცემები. ჩატარებული სამუშაოებით მიღებული შედეგების გაანალიზების შედეგად (საკითხის აქტუალობის, ეპიდემიოლოგიის და სტომატოლოგიის სფეროში პრობლემურობის ან/და ხშირი მიმართვიანობის გათვალისწინებით) შეირჩა 15 ნოზოლოგია:

 

1. ცერებრული დამბლა, 2. აუტიზმი, 3. ტიკური აშლილობა 4. ჰიპერაქტივობის სინდრომი 5. დაუნის სინდრომი 6. სმენის დაქვეითება/სიყრუე  7. მხედველობის დაქვეითება/უსინათლობა 8. ეპილეფსია  9. გონებრივი ჩამორჩენა 10. აივ/შიდსი 11. ჰეპატიტები 12. ქცევითი აშლილობა  13. დიაბეტი  14. ასთმა  15. შესაძლებლობის შეძენილი შეზღუდვა.

 

მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა კითხვარის სტრუქტურაც, შეიქმნა კითხვარის საპილოტე ვერსია. პილოტური კვლევის შედეგების გათვალისწინებით, კითხვარის საბოლოო ვერსია შემუშავდა.

 

კვლევის ინსტრუმენტი. შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა სტომატოლოგური მომსახურების მისაწვდომობის კვლევის ინსტუმენტი, თვითადმინისტრირებული კითხვარი, ნახევრადსტუქტურირებული შეკითხვებითაა დაკომპლექტებული.  კითხვარი შედეგება რამდენიმე ბლოკისგან.

 

პირველ ბლოკში გროვდება დემოგრაფიული მონაცემები,  მეორე ბლოკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტთა მიმართვიანობის სიხშირეს და სტომატოლოგის მიერ მკურნალობის გაწევის/არგაწევის სიხშირესა და ფაქტებს იკვლევს. კითხვარის მესამე ბლოკი აგროვებს ინფორმაციას მკურნალობის ეფექტურობის შესახებ,  მეოთხე ბლოკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტომატოლოგების დამოკიდებულების კვლევას ეთმობა. დამოკიდებულების საკვლევად ჩადებულია რამდენიმე ინსტრუმენტი, მათ შორის ბოგარდუსის სოციალური დისტანციის საკვლევი მეთოდიც. კითხვარის მეხუთე ბლოკი აღნიშნული 15 ნოზოლოგიის შესახებ რესპონდენტის ინფორმირებულობის დონეს ამოწმებს. 

 

კითხვარი მოიცავს შეკითხვებს ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებითაც. იკვლევს რა სტომატოლოგების აზრს, საჭიროა თუ არა განსაკუთრებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მომსახურებისთვის და სად უნდა იღებდნენ ისინი სტომატოლოგიურ მომსახურებას - სახლში, კლინიკაში თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში.

 

რესპონდენტები და მათი შერჩევა. კვლევისთვის სამიზნე ჯგუფის გენერალურ ერთობლიობად მიჩნეულია საქართველოში 2006-2010 წლებში ლიცენზირებული 5988 სტომატოლოგი და 820 (ქართული სარეზიდენტო ბაზების მაძიებელთა მაქსიმალური კვოტა) რეზიდენტი; შერჩევით ერთობლიობას კი 600 სტომატოლოგი (რეზიდენტი და ლიცენზირებული ექიმი) შეადგენდა, რაც გენერალური ერთობლიობის 9%-ია. საერთო ჯამში, 600 გამოკითხული რესპონდენტიდან 142 ადამიანის კითხვარი დამუშავდა. ანუ, გამოკითხული ერთობლიობის რაოდენობამ 142 შეადგინა.

 

კვლევის ჩატარების დრო და ადგილი. კვლევა ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში. დასავლეთ საქართველოდან შეირჩა გურია და აჭარა, აღმოსავლეთ საქართველოდან - კახეთი და შიდა ქართლი. კვლევა 5 თვის განმავლობაში, 2012 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა.

 

მეთოდიკა. მონაცემები დამუშავდა კომპიუტერული პროგრამის შPშშ 17-ის მეშვეობით. დათვლილი იყო საშუალო არითმეტიკული, ფარდობითი სიხშირეები, სტანდარტული გადახრა. განსხვავებების სტატისტიკური სანდოობა გამოითვლებოდა თანადობის კრიტერიუმით (χ²), ხოლო საშუალოთა შორის განსხვავება სტიუდენტის განაწილებით (ტ). გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მიდგომები.

 

შედეგები

 

მიღებული შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 77.5% მდედრობითი, ხოლო 22.5% მამრობით სქესის წარმომადგენლები იყვნენ. საშუალო ასაკი - 32 წელი. რესპონდენტთა 79% იყო ექიმი, ხოლო  21% - რეზიდენტი. კვლევის მონაწილეთა 84% იყო თბილისელი,  ხოლო 60% თერაპევტ-სტომატოლოგი. 

 

რესპონდენტთა 77%-მა აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტს მისთვის მკურნალობისთვის ერთხელ მაინც მიუმართავს. მათ შორის ყველაზე ხშირად დიაბეტის მქონე პაციენტების მიმართვიანობა ფიქსირდება. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ სტომატოლოგიური მომსახურების გარეშე, ყველაზე ხშირად, დაუნის სიდრომის მქონე პაციენტები რჩებიან. (იხ. გრაფიკი 1)

 

 

რესპონდენტთა 3 % აღნიშნავს, რომ მკურნალობს პროცესში მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არაადაპტირებული ფიზიკური გარემო იყო, უფრო კონკრეტულად კი - არაადაპტირებული სტომატოლოგიური სავარძელი. ხოლო რესპონდენტთა 5 % დასძენს, რომ მკურნალობის პროცესში სირთულეები პაციენტთან არაეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა.

 

რესპონდენტების 59% მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელია განსაკუთრებული გარემო, მაგრამ ვერც ფიზიკური და ვერც სოციალური გარემოს აღწერისას გვაწვდის სურათს, რომელიც მიახლოებული იქნება უნივერსალური დიზაინის მქონე სტომატოლოგიურ კლინიკასთან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ბინაზე მომსახურება და სავსებით მისაღებია ე.წ. „სპეციალიზებულ კლინიკაში“ მათი გადამისამართება, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან უფრო გვაქვს.

 

კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც სასურველ შედეგზე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სტომატოლოგიური მომსახურების მიღებაზე და ამ მომსახურების ეფექტურობაზე ახდენს გავლენას. ეს ფაქტორებია - ინფორმირებულობა და დამოკიდებულება. ორივე შემთხვევაში რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რათა  სტომატოლოგისგან მომსახურების მიღებაზე უარის თქმის ფაქტები მინიმუმამდე შემცირდეს. 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულება განსხვავდება დაავადებების/მდგომარეობების შესაბამისად. მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებაა იმ მდგომარეობების/დაავადებების მქონე პირების მიმართ, რომელთა მდგომარეობაც ქცევაზე ახდენს გავლენას ან/და დაკავშირებულია ინტელექტუალური განვითარების შეფერხებასთან. 

 

რესპონდენტთა 23% აღნიშნავს, რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მიმართ. მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია განსაკუთრებული დამოკიდებულების რამდენიმე  ფაქტორი გამოვყოთ: 

 

რესპონდენტების 15%-მა განმარტა, რას გულისხმობს „განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში“. მათგან 43%-მა აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტები პოზიტიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ - არიან უფრო მგრძნობიარეები, თბილები, მოსიყვარულეები, აქვთ ნდობის უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე სხვა პაციენტებს. 47%-მა კი სტომატოლოგების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების დამოკიდებულება ნეგატიურ კონტექსტში შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ უფრო მეტად ახასიათებთ უნდობლობა, შიში, აგრესიულობა, საფრთხის მოლოდინი. ცდილობენ, ექიმს დაუმალონ სიმართლე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რათა უარი არ მიიღონ მკურნალობაზე.

 

ირკვევა, რომ რესპონდენტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ მიმღებლობა და დამოკიდებულება უარესდება კავშირის ინტენსივობის მატებასთან ერთად. გამოკითხულთა 48%-სთვის აივ ინფიცირებულ პირებთან მეზობლობა სავსებით მიუღებელია. უფრო მაღალი ინტენსივობის კავშირი „მეგობრობა“ კი ასთმის მქონე პირებთანაა ყველაზე მეტად მისაღები. 

 

სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის მზაობას რესპონდენტთა 50%-ზე მეტი ნებისმიერი მდგომარეობის მქონე პაციენტის მიმართ ადასტურებს. ყველაზე ნაკლებ სასურველი ჰიპერაქტივობის სინდრომის, ქცევითი აშლილობის და აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაა. აღნიშნული მდგომარეობის მქონე პირებთან ერთად დასასვენებლად წასვლაც, კვლევის მონაწილეთა უმეტესობისთვის, მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ სწორედ ჰიპერაქტივობის სინდრომის, ტიკური აშლილობის და ქცევითი აშლილობის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. 

 

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ რესპონდენტების ინფორმირებულობა ქრონიკული დაავადებების შესახებ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარების დარღვევებზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთა უმეტესობა გამოთქვამს სურვილს, კონკრეტულ ნოზოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე აიმაღლოს.

 

რესპონდენტთა 50%-ს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან პირადი ურთიერთობის გამოცდილება. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ პირადი ურთიერთობა პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის საწინდარია. საგულისხმოა, რომ ჩვენი კვლევის ფარგლებში საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა პირადი ურთიერთობის გამოცდილებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულების შედარებისას. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა იმ ნაწილს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა, დამოკიდებულება უფრო ნეგატიური აქვს. თუმცა არ ჩანს, დამოკიდებულება პირადი ურთიერთობის გამოცდილებამ ჩამოაყალიბა, თუ პირველადმა წარმოდგენამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ურთიერთობამდე.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სტომატოლოგს მკურნალობისთვის ხშირად აკითხავენ. მათ შორის ყველაზე ხშირად დიაბეტის მქონე პაციენტების მიმართვიანობა ფიქსირდება. ყველაზე ნაკლებად - ტიკური აშლილობის და აუტიზმის მქონე პირების.
  • მომსახურების გაწევაზე უარს ყველაზე ხშირად დაუნის სინდრომის მქონე პაციენტები იღებენ, ყველზე იშვიათად - ასთმის მქონე პირები.
  • კვლევის მონაწილეთა შეფასებით,  მკურნალობა ყველაზე ეფექტურად დიაბეტის მქონე პაციენტებთან მიმდინარეობს, ხოლო ყველაზე არაეფექტურად ცერებრული დამბლის მქონე პირთა მომსახურებას აფასებენ. 
  • დიაბეტის, მხედველობის დარღვევისა  და სმენის დაქვეითების/სიყრუის შესახებ რესპონდენტთა დიდი ნაწილია ინფორმირებული, ყველაზე ნაკლებად კი ტიკური და ქცევითი აშლილობების შესახებ ფლობენ ინფორმაციას.  კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას  ცოდნის გაღრმავება 15-ვე ნოზოლოგიის შესახებ სურს. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი აუტიზმის, აივ ინფექცია/შიდსის და ჰეპატიტებს მიმართ დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი - მხედველობის დარღვევის და სმენის დათქვეითების/სიყრუის შესახებ.
  • რესპონდენტთა ნახევარზე მეტისთვის შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთან მეზობლობაც კი არაა მისაღები, თუმცა კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა მათთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის მზაობას ადასტურებს.
  • კვლევისთვის განსაზღვრული 15 ნოზოლოგიიდან, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება და შედეგები ასთმის, ხოლო ყველაზე ნეგატიური - აივ ინფექცია/შიდსის მიმართ დაფიქსირდა.

 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია რამდენიმე რეკომენდაციის შემუშავება:

 

  • ინფორმირებულობის გაზრდაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება, რაც გულისხმობს სასწავლო მოდულების ინტეგრირებას პრაქტიკაში და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში.
  • პრაქტიკოსი ექიმებისათვის ცნობიერების/ინფორმირებულობის ასამაღლებელი და პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებელი აქტივობების განხორციელება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაოდ ინფორმირებულობის დონის ამაღლება კლინიკის გარემოს ადაპტაციის შესახებ

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სოციალურ თუ ფიზიკურ ბარიერებთანაა  დაკავშირებული. სტომატოლოგიური მომსახურების მიღების შეზღუდვის მიზეზებად კი, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, სახელდება ამ ნოზოლოგიათა შესახებ ცოდნის დეფიციტი (ინფორმირებულობის დაბალი დონე),  დაბალი სოციალური სასურველობა და ფიზიკური გარემოს ხელმიუწვდომლობა.   საქართველოში მსგავსი ტიპის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, შესაბამისად არ არსებობდა ამ საკითხის კვლევის ინსტრუმენტი. კვლევის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელმიმისაწავდომობის ზოგადი სურათის შესწავლა და მასზე ზემოქმედ ფაქტორთა გამოვლენა. მეთოდოლოგია: კვლევის ინსტრუმენტია თვითადმინისტრირებადი, ნახევრადსტუქტურირებული კითხვარი. გამოყენებული იყო როგორც თვისობრივი, ისე  რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. შედეგები: სტომატოლოგების 77%-სთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მკურნალობისთვის ერთხელ მაინც მიუმართავს, ხოლო მომსახურების გაწევაზე უარს, ყველაზე ხშირად, დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს ეუბნებიან. კვლევის შედეგებმა დაადასტურა  ცხადი კავშირი მომსახურების გაწევის მზაობასა და ინფორმირებულობას შორის. ინფორმირებულობის დონე კი ნოზოლოგიების შესაბამისად იცვლება. დისკუსია, დასკვნა: სტომატოლოგების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ნეგატიური ტენდენცია აქვს. ყველაზე დაბალ მიმღებლობას აივ ინფიცირებული ადამიანების მიმართ იჩენენ. კვლევის შედეგები ცხადჰყოფს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სტომატოლოგიური საგანმანათლებლო მოდულების გადახედვის საჭიროებას.  

 

საკვანძო სიტყვები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სტომატოლოგია, ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობა, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, სოციალური სასურველობა.

  

Access to dental care for people with disabilities

Zurab Alkhanishvili - Vice president, Georgian Dental Association.

 Maia Osipova-Schöneich - PhD, Neuropsychologist

Tsira Barkaia - Master of Philosophy of Special Needs Education, Ilia State University

 

Abstract

Introduction: Access to dental care for people with disabilities is mostly related to various social and physical obstacles. The goal of this research is to study an overall situation of dental care access for persons with disabilities, follow up the factors influencing access to dental care for 15 nosologies. Methods: Qualitative and quantitative research methods were utilized. One hundred and forty two (142) dentists and residents (79% dentists and 21% resident dentists) were interviewed with self-administrated questionnaire. Results: Research results demonstrate that 77% of persons with disabilities have applied for dental care at least once in their lifetime and mostly persons with Down syndrome have been refused to be served. According to the research results, treatment is most efficient in patients with diabetes, least efficient – in patients with cerebral palsy. The vast majority of the respondents wish to get more information on all 15 nosologies. Remarkably high interest was revealed towards autism, HIV/AIDS and hepatitis, the low interest – towards visual/hearing impairment. Discussion, conclusion: Research findings confirmed an obvious relation between being informed and readiness to provide dental service; moreover, the level of awareness on disability conditions is quite low. The attitudes to serve the persons with disabilities are tended to be negative. The lowest acceptance is demonstrated towards persons with Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS. The study revealed the importance of revision of dental education modules on a higher education and post-diploma level in order to integrate several thematic issues with regard to disability and health conditions.  

Key Words: Disabilities, Special health care needs, Social attitudes, Dentistry, Special care dentistry.


ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს კანონი სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის შესახებ, 2006, # 4298 - რს, თბილისი
  • Alkhanishvili Zurab, Osipova-Schoneich Maia, Samkharadze Sopio. (2013) Survey of Dental Services Provision to People with Disabilities in Georgia. Journal: European Scientific Journal. ( http://eujournal.org/index.php/esj/issue/view/108 )
  • Lawrence D, Kisely S (2010) Inequalities in health care provision for people with severe mentalillness. J Journal: Psychopharmacol; 24(4 Suppl):61–8 (http://jop.sagepub.com/content/24/4_suppl/61.full.pdf+html)
  • Rabkin J Public (1974) attitudes toward mental illness: a review of the literature. Journal: Schizophrenia Bulletin: Oxford Journals | Medicine & Health. 10:9–33. (http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4619493?dopt=Abstract)
  • Siperstein GN, Wolraich ML (1986) - Physicians’ and other professionals’ expectations andprognoses for mentally retarded individuals. Journal: American journal of mental deficiency; 244–9. (http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3799730?dopt=Abstract)
Read 1989 times