Saturday, 16 December 2017

პირველადი ჯანდაცვის პერსონალის სამეცნიერო - ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები საქართველოში

 

თენგიზ ვერულავა, ჯაბა ბეჭვაია

 

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: მედიცინა მეცნიერების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა და მოითხოვს  განათლების უწყვეტ თვითამაღლებას. საინფორმაციო უზრუნველყოფა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების სათანადო მართვისა და ხარისხით უზრუნველყოფის ერთ-ერთ საჭირო პირობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებისა და სპეციალისტების საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა, სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის წყაროების და პირველადი ჯანდაცვის თემატიკაზე არსებული თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციების საინფორმაციო ნაკადის ანალიზის ჩატარება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირება სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისისა და ზუგდიდის რაიონის (დასავლეთ საქართველო) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებები. შედეგები: პირველადი ჯანდაცვის ხელმძღვანელების და სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფა მიმდინარეობს უსისტემოდ და სტიქიურად.  ნაკლები ყურადღება ექცევა სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას, უპირატესობა ენიჭება შესაბამისი პროფესიის ხელმისაწვდომ საინფორმაციო წყაროებს. საქართველოში ძალიან მცირეა პროფილური ჟურნალების რაოდენობა, ან ზოგიერთი განხრით საერთოდ არ არსებობს, მიღებული სამეცნიერო ინფორმაცია არასაკმარისი მოცულობისაა. სიძნელეს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, რადგან უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გარკვეულ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი, დროის სიმწირე და ფინანსური სირთულეები. შესაბამისად, დაბალია საინფორმაციო სისტემის მიმართ კმაყოფილება. საჭირო ინფორმაციის მოპოვება უმთავრესად ხდება ინტერნეტის დახმარებით. თუმცა, დაბალია მოპოვებული ინფორმაციისადმი ნდობა. დისკუსია, დასკვნა:  დღეისთვის მწვავედ დადგა პირველადი ჯანდაცვის სისტემის საინფორმაციო-სამეცნიერო უზრუნველყოფის ობიექტური მოთხოვნილება, მისი თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებით აღჭურვის საჭიროება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები შეძლებენ განავითარონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გაეცნონ დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ინოვაციურ მეთოდებს. ამ მხრივ, საჭიროა ინფორმაციული უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება, რომელიც აამაღლებს სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ხარისხს, რაც დადებით გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევაში.

 

ძირითადი საძიებო სიტყვები: პირველადი ჯანდაცვა, სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფა

 

შესავალი

 

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგანაც პირველად ამ ეტაპზე ხდება ადამიანის პირველადი კონტაქტი ჯანდაცვის სისტემასთან. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის პერსონალის (მენეჯერები, ექიმები, ექთნები და ა.შ.) კვალიფიკაციის დონეს. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არამხოლოდ საკადრო, ფინანსური და მატერიალური რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, არამედ ჯანდაცვის სფეროში არსებულ საინფორმაციო რესურსებზეც. ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელებს მეცნიერული, ორგანიზაციული და ეკონომიური ხასიათის ინფორმაცია სჭირდებათ დაწესებულების მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისათვის, პრაქტიკულ საქმიანობაში მედიცინის თანამედროვე მიღწევების და გამოცდილების დასანერგავად, დაწესებულების საქმიანობის ეფექტურად ორგანიზებისათვის. 

 

სამედიცინო მეცნიერებები “თავბრუდამხვევი” სისწრაფით ვითარდება. ბოლო ათწლეულებში აღინიშნება სამედიცინო ინფორმაციის (საინფორმაციო წყაროების) მკვეთრი ზრდა. თითოეული ექიმს უწევს უამრავი ინფორმაციის ნაკადის მიღება, რომელიც გაფანტულადაა წარმოდგენილი სხვადასხვა მონოგრაფიებში, ჟურნალებში, წიგნებში (Brown C., 2002). ექიმი ცდილობს მოახდინოს ინფორმაციის გაფილტვრა აქტუალურობის თვალსაზრისით, და შესაბამისად მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო აუცილებელი ინფორმაცია. ასეთ ეპოქაში მენეჯერებისა და სპეციალისტების მუშაობა წარმოუდგენელია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. ახალი სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში რეალურ ფასეულობას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ის პერსონალი, რომელსაც ახალი ტექნოლოგიების და ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შეუძლია განავითაროს პროფესიული კომპეტენცია. ამისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის დროს მიღებული სათანადო პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. თანამედროვე მედიცინის სწრფი ზრდისა და შესაბამისად სამედიცინო საქმიანობის სათანადო დონეზე წარმართვისათვის საჭიროა პროფესიული დონის ამაღლება და მუდმივი თვითგანვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობა (Beyer M., et. al., 2003).

 

ექიმების პროფესიული დონის ამაღლებას ხელს უწყობს კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით ხორციელდება აზრთა გაზიარება, ურთიერთანამშრომლობა, სამეცნიერო კვლევების შედეგად დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების დროული ჩართვა კლინიკურ პრაქტიკაში (Chen J. et. al., 2006). ძალიან მცირე დროში მედიცინის სხვადასხვა სფეროში მუდმივად ინერგება სრულიად ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები. კომუნიკაციების გაადვილება ხელს უწყობს სამედიცინო საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენას. მისი მეშვეობით ექიმები ახდენენ თავიანთი საქმიანობის ხარისხის მაჩვენებლების შეფასებას, აგრეთვე მათ შედარებას კოლეგების მაჩვენებლებთან. სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება ჯგუფურ სწავლებაზე, სადაც ადამიანები იზიარებენ საერთო ღირებულებებს. 

 

სამედიცინო დაწესებულებები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებით, მათთვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, რადგან კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას (Mason, J. 2001). ამგვარად, კვალიფიკაციის ამაღლება განიხილება როგორც უწყვეტი პროცესი, „უწყვეტი განათლება“, ანუ სწავლება მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც პერსონალს სტიმულს აძლევს მიიღოს ყველა ის ცოდნა, უნარები და ჩვევები, რომლებიც მას სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

 

საჭირო ინფორმაციის მოძიება და გათავისება, ამ ინფორმაციის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო, აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. ამიტომაც, მწვავედ დადგა ჯანდაცვის სისტემის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემის საჭიროება, რომლებიც გაზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ხარისხს.

 

ინფორმაციული საჭიროება რთული, მრავალგანზომილებიანი და უნიკალური ფენომენია, რადგან დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, მომხმარებლის პროფესიულ დონეზე, ასაკზე, მის წინაშე მდგარ ამოცანებზე და ა.შ. საინფორმაციო საჭიროებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი. ინფორმაცია ადამიანს სჭირდება, ერთი მხრივ, გარკვეულ სფეროში არსებული ცოდნის გასაცნობად, მეორე მხრივ, კი გარკვეულ სფეროში კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. 

 

საქართველოში მედიცინის სფეროში მცირე რაოდენობის სამეცნიერო ჟურნალები გამოდის. ამ ჟურნალებიდან შეიძლება გამოვყოთ:

 

Georgian Medical News (GMN) - საქართველოს სამედიცინო სიახლენი ყოველთვიური სამეცნიერო სამედიცინო რეცენზირებადი, რეფერირებადი ჟურნალია, რომელიც 1994 წლიდან გამოიცემა. იგი სარედაქციო კოლეგიისა და აშშ-ის მეცნიერების, განათლების, ინდუსტრიის, ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების საერთაშორისო აკადემიის ერთობლივი გამოცემაა და გამოდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პატრონაჟით. მასში რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე ქვეყნდება ექსპერიმენტული, თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ორიგინალური სამეცნიერო სტატიები მედიცინის, ბიოლოგიისა და ფარმაციის სფეროში, მიმოხილვითი ხასიათის სტატიები, რეცენზიები. ჟურნალი გამოიცემა წელიწადში 12-ჯერ. 2005 წლიდან ჟურნალი ინდექსირებულია MEDLINE-ის საერთაშორისო სისტემაში, ასახულია SCOPUS-ის და ВИНИТИ РАН-ის მონაცემთა ბაზებში, ხელმისაწვდომია on-line რეჟიმში საიტზე www.geomednews.org; 2009 წელს ჟურნალის რეიტინგმა (SJR) შეადგინა 0,038, იმპაქტ - ფაქტორი კი 0,030-ია. 2002 წლიდან ჟურნალი გამოწერილია აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ და ინახება მის ფონდებში.

 

ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. ჟურნალი დაარსდა საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის მიერ 2012 წელს. 2013 წლიდან ჟურნალი გამოიცემა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით. ჟურნალის მიზანია, მკითხველს გააცნოს ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები. 

 

„თანამედროვე მედიცინა“ სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალია ბეჭდური სახით გამოიცემოდა 2007-2010 წლებში ფარმაცევტული კომპანია ჯი–პი–სი–ს ხელშეწყობით. ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“ რეფერირდება სსიპ ინსტიტუტ ტექინფორმის რეფერატულ გამოცემაში.

 

საქართველოს პედიატრი. ჟურნალი გამოდის კვარტალში ერთხელ. დაარსდა საქართველოს პედიატრთა ასოციაციის, ი. ფაღავას პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის მიერ.

 

”ოჯახის მკურნალი” 2001 წლიდან, ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით გამოდის. ჟურნალs თან ახლავს ჩანართი ”ოჯახის პედიატრი” და აგრეთვე ”საოჯახო ენციკლოპედია”, რომელიც ანბანური თანმიმდევრობით იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერ სამედიცინო საკითხზე. ჟურნალის მაღალრეიტინგული რუბრიკებია: მედიცინის სიახლენი, მთავარი თემა, სამკურნალო წერილები  და სხვ.

 

“ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლე” ჟურნალი 2004 წლის მაისიდან გამოდის. იგი ყოველთვიურად აცნობს მკითხველს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ.

 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებისა და სპეციალისტების საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა, სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის წყაროების და პირველადი ჯანდაცვის თემატიკაზე არსებული თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციების საინფორმაციო ნაკადის ანალიზის ჩატარება, პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებისა და სპეციალისტების სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის სრულყოფის მეცნიერული დასაბუთება.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია ჯანდაცვის სისტემის სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებზე არსებული ქართული და უცხოური ლიტერატურა, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები. კვლევა მოიცავდა თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტებს. ალბათური შერჩევის მეთოდით შეირჩა თბილისის 6 და ზუგდიდის 2 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები. თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ თბილისისა და ზუგდიდის  სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან, სამედიცინო პერსონალთან. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირება სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შეირჩა 200 რესპოდენტი, რომელთაგან გამოკითხვაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 167 რესპოდენტმა (83.5 %).  დამუშავების პროცესში ნაკლულად ჩაითვალა 3 ანკეტა (1.8%), შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 164 პირმა: 36 მენეჯერი (22%) და 128 ექიმ-სპეციალისტი (78 %). რესპოდენტთა 67.7 % ქალია, ხოლო 32.3 % კაცი. ქალები სჭარბობენ როგორც მენეჯერებს (69.4%) შორის, ასევე პრაქტიკოს ექიმ-სპეციალისტებს შორის (67.2 %).

 

ცხრილი № 1: რესპოდენტების შემადგენლობა ჯგუფების და სქესის მიხედვით:

პირველადი ჯანდაცვის მენეჯერების უმეტესი ნაწილი 41-50 წლისაა (38.9%), იგივე შეინიშნება ექიმ-სპეციალისტებთანაც (33.6%) (იხ. დანართი 1). პჯდ-ს პრაქტიკოსი ექიმ-სპეციალისტებისათვის მუშაობის მაღალი საშუალო სტაჟი შეადგინა 15-20 წელი (20.3%), ხოლო პჯდ-ს მენეჯერებისათვის - 10-15 წელი (27.8%) (იხ. დანართი 2).

ცხრილი №2: რესპოდენტების ასაკობრივი და სქესობრივი შემადგენლობა 

ცხრილი № 3: რესპოდენტების სამუშაო სტაჟი (სქესის მიხედვით) 

 

შედეგები

 

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მენეჯერები და პრაქტიკოსი ექიმები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების, კანონების გაცნობას (მენეჯერები - 100%, ექიმები - 91%). მენეჯერები სამეცნიერო ხასიათის წიგნებიდან უპირატესობას ანიჭებენ ქართულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას (67%). შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა უცხოურ ენაზე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას (36%), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (13.5%) და სადისერტაციო მასალებს (8%). მენეჯერთა აზრით, მათ საქმიანობაში ყველაზე სასარგებლოა მეთოდური და ნორმატიული ხასიათის ინფორმაცია (67%), დაწესებულების შიდა ბრძანება (26%) ხოლო სამეცნიერო წყაროები შეადარებით ნაკლებად სარბელიანია (10%). პრაქტიკოსი ექიმების დიდი ნაწილი იყენებს კლინიკურ გაიდლაინებს (87%), სამეცნიერო ხასიათის წიგნებიდან უპირატესობას ანიჭებენ ქართულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას (72%). შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა უცხოურ ენაზე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას (58%), ადგილობრივი სამეცნიერო ჟურნალებს (53%) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (36%) და სადისერტაციო მასალებს (16%). 

ცხრილი № 4: ინფორმაციის წყაროების გამოყენება 

ცხრილი № 5: ჟურნალის თემატური სექციით დაინტერესება

საქართველოში არსებული პროფესიული ჟურნალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა დონის სპეციალისტები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობასთან ახლოს მდგომ ინფორმაციულ წყაროებს, რომლებიც ხელმისაწვდომია სამუშაო ადგილზე. პრაქტიკოსი ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ჟურნალს „ავერსის კლინიკის ჟურნალი“ (34%), „ოჯახის მკურნალი“ (29%), „თანამედროვე მედიცინა“, საქართველოს სამედიცინო სიახლეები“ ("Georgian medical news") (11%). პირველადი ჯანდაცვის მენეჯერები ყველაზე მეტად დაინეტერესებულნი არიან ჟურნალის შემდეგი თემატური სექციებით: ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები, ჯანდაცვის ეკონომიკა, საკადრო საკითხები, ხოლო ექიმები: კლინიკური გაიდლაინები, გამოცდილების გაზიარება, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები (იხ. ცხრილი № 6). 

 

თანამედროვე ტექნოლოგიებმა თავისი ადგილი დაიმკვიდრეს ჯანდაცვის სფეროშიც. რესპოდენტთა 42% აღნიშნავს, რომ ინტერნეტიდან უფრო ადვილი და მოსახერხებელია მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და დამუშავება. 31% ინფორმაციას ღებულობს ჯანდაცვის სამინისტროდან, 16% - პროფესიულ გადამზადების კურსებზე დასწრებით, 6% - უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელისგან, 1% - გამოწერილი მასალიდან, 4% - ფარმაკოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ახდენენ ახალი სამკურნალო საშუალებების რეკლამირებას. აღსანიშნავია, რომ ექიმები და მენეჯერები ბიბლიოთეკებში საერთოდ არ დადიან. 

 

ინტერნეტმა გლობალურად გაზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება დაიწყო 1990-იანი წლებიდან. კვლევით ირკვევა, რომ რესპოდენტთა 87%-ს აქვს ინტერნეტ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. მენეჯერები უმთავრესად დაინტერესებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებებითა და ინსტრუქციებით (73%),  ხოლო სამედიცინო პერსონალი - სამედიცინო-სამეცნიერო სტატიებით (71%),  კლინიკურ „გაიდლაინებით“ (69%). გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი, მენეჯერების 16% და ექიმების 31% იყენებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალებს. 

 

ცხრილი № 6: რა სახის პროფესიულ ინფორმაციას ღებულობენ მენეჯერები და პრაქტიკოსი ექიმები ინტერნეტის საშუალებით.

ინფორმაციის ინტერნეტით მოპოვებისას რესპოდენტები შემდეგ სირთულეებს გამოყოფენ: არასაკმარისი დრო ინფორმაციის მოსაძიებლად (მენეჯერთა 54% და ექიმთა 49%), ენობრივი ბარიერი (მენეჯერთა 17% და ექიმთა 21%), ფინანსური პრობლემა (მენეჯერთა 13% და ექიმთა 16%), სამსახურში ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის არქონა (მენეჯერთა 16% და ექიმთა 21%). 

 

ცხრილი № 7: რა სიძნელეებს აწყდებიან მენეჯერები და პრაქტიკოსი ექიმები ინფორმაციის ინტერნეტიდან მოძიების პროცესში.

საინფორმაციო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით რესპოდენტთა 66,9% თვლის რომ საჭიროა ინფორმაციის რეგულარული მიღება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 32,7% გამოყოფს იურიდიული, ეკონომიკური და კლინიკური დოკუმენტაციისადმი ხელმისაწვდომობის ამაღლების საჭიროებას სამუშაო ადგილზე, 17,2% - ბიბლიოთეკებში შესაბამისი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას, 38,9% - შეხვედრებსა და სემინარებში რეგულარულად განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას. 

 

კვლევა ეხებოდა სამეცნიერო ჟურნალებში ინფორმაციის სისრულეს, მის ხარისხს. რესპოდენტთა 40,7%-ის აზრით ჟურნალებიდან ღებულობენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას სასურველი სახით და მოცულობით. 35,18 % კმაყოფილია წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხით. 12,96 % ინფორმაციის ხარისხი არ აკმაყოფილებს. 1,85 % საერთოდ ვერ პოულობს მისთვის საჭირო და საინტერესო  ინფორმაციას. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ სპეციალისტებმა არ იციან რომელ ჟურნალებში უფრო უკეთესადაა წარმოდგენილი ინფორმაცია ამა თუ იმ თემატიკაზე. რესპოდენტთა 9,25 % გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.

 

ცხრილი № 8: სამეცნიერო ჟურნალებში ინფორმაციის წარმოდგენის სისრულე.

ინტერპრეტაცია-დისკუსია

 

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დღის წესრიგში დგება მენეჯერთა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიციური სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციით უზრუნველყოფის საჭიროება. მეცნიერული ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს სჭირდება არა მარტო ინფორმაციული და პროფესიონალური დონის ასამაღლებლად, არამედ იგი აძლევს მას საინფორმაციო ნაკადებში დამოუკიდებლად ორიენტირების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, პროფესიული საქმიანობისათვის მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციული უზრუნველყოფის სათანადო მექანიზმების შემუშავებას, რაც გაზრდის სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციის ხარისხს და მასზე ხელმისაწვდომობას. აღნიშნული, თავის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევაში. 

კვლევის მიხედვით, სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციას ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია როგორც პრაქტიკულ მედიცინაში ასევე სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციასა და მართვაში. სხვადასხვა სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ ხელმისაწვდომ საინფორმაციო წყაროებს. რაც უფრო მაღალია სამედიცინო დაწესებულების როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, მით უფრო იზრდება სამეცნიერო წყაროების საჭიროება, მით უფრო მეტად აფასებს იგი სამეცნიერო ჟურნალებს, რომლებიც დაავადებათა დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის თვალსაზრისით იძლევიან კონკრეტულ რეკომენდაციებს. რესპოდენტთა საინფორმაციო მოთხოვნილება გამოსახავს მათ პროფესიონალურ ინტერესს. სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები დაინტერესებულნი არიან შემდეგი თემატიკით: „სამედიცინო მომსახურების ორგანიზება“, „ნორმატიულ - სამართლებრივი აქტები“, „ჯანდაცვის ეკონომიკა“... 

 

ინტერნეტის ტექნოლოგიების განვითარებამ დადებითი როლი ითამაშა ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში. თანამედროვე დონეზე ინტერნეტის არსებობა ამაღლებს ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას. დღეისათვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნით თავიანთი ინტერნეტ პორტალი, რომელთა მონაცემთა ბაზაში კონცენტრირებულია სხვადასხვა სახის სამედიცინო სამეცნიერო ინფორმაცია. 

 

დასკვნა

 

ჩატარებული კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველადი ჯანდაცვის ხელმძღვანელები და პრაქტიკოსი ექიმები თავიანთ საქმიანობაში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას, რესპოდენტთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს პროფესიულ საქმიანობის შესაბამის, ხელმისაწვდომ საინფორმაციო წყაროებს. საქართველოში ძალიან მცირეა პროფილური ჟურნალების რაოდენობა, ან ზოგიერთი განხრით საერთოდ არ არსებობს, ჯანდაცვის პირველადი რგოლის მენეჯერთა და სპეციალისტთა უმეტესობა სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას ღებულობენ არასაკმარისი მოცულობით, ასევე სიძნელეს წარმოადგენს მათი მოძიება. უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ინფორმაციის მოძიებისას გარკვეულ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი, დროის სიმწირე და ფინანსური სირთულეები. შესაბამისად, დაბალია საინფორმაციო სისტემის მიმართ კმაყოფილება. რესპოდენტთა უმეტესობა მათთვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებს ინტერნეტის დახმარებით. თუმცა, დაბალია მოპოვებული ინფორმაციისადმი ნდობა. 

 

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავდა სათანადო წინადადებები. ჯანდაცვის სპეციალისტთა სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და ინფორმაციის წყაროს ხელმისაწვდომობაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც ქმნიან ნორმატიულ-სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებს, სტანდარტებს, საინფორმაციო და სტატისტიკურ მასალებს, მეცნიერულ პუბლიკაციებს და ათავსებენ მათ სათანადო ვებ გვერდებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია სამედიცინო დაწესებულებებში სამეცნიერო-საინფორმაციო საქმიანობის გაუმჯობესებისათვის გარკვეული ღონისძიებების გატარება, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერთა და ექიმების/სპეციალისტებისათვის ინფორმაციული საჭიროების რეგულარული შესწავლა, თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც დადებითად იმოქმედებს დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მუშაობის ორგანიზაციის ახალი ფორმებისა და მეთოდების დანერგვაზე, სპეციალური პროფილური საიტების შექმნის ხელშეწყობა, მათზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის (მათ შორის ნორმატიული ხასიათის) განსათავსებლად, სასწავლო ტრენინგების ჩატარება ინფორმაციულ წყაროებთან მუშაობის, საიტის მართვის და მასზე განთავსებული მასალების სარგებლობის გაუმჯობესების მიზნით; მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების დონეზე ბიბლიოთეკების ორგანიზება, რომელთა მეშვეობით განხორციელდება პროფილური ჟურნალების (მ.შ. ელექტრონული) გამოწერა; სამეცნიერო-საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფაში გარკვეული როლი მიუძღვის უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრებო ორგანიზაციებს. მათი მხრიდან მნიშვნელოვანია ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება, სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოების გამოცემა, კლინიკური გაიდლაინების შემუშავება, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით რეგიონებში, წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით სასწავლო ტრენინგების ჩატარება სამედიცინო დაწესებულების მართვის, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე; ქვეყანაში არსებულ ბიბლიოთეკებთან მჭიდრო კავშირი, კვლევითი პუბლიკაციების, კვლევების შედეგების ფართო პროპაგანდა, სამეცნიერო ხასიათის ჟურნალების გავრცელების ხელშეწყობა; სხვადასხვა ორგანიზაციების, გამომცემლობების დაინტერესების გაზრდა სამეცნიერო ხასიათის ჟურნალების გამოცემით, საქართველოში გამომავალ სხვადასხვა ჟურნალებში ჯანდაცვის საკითხებზე სპეციალური სვეტის გათვალისწინება. 

 

აღნიშნული ღონისძიებები შეუწყობენ როგორც მენეჯერების, ასევე ექიმ-სპეციალისტების თეორიული ცოდნის გამყარებას პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც დააჩქარებს როგორც დაავადებათა დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკის და მკურნალობის ისე სამედიცინო დაწესებულების მართვის პროგრესიული ფორმების და მეთოდების დანერგვას.

 

Challenges in Scientific - Information Provision of Primary Health Care Personnel in Georgia

 

Tengiz Verulava , Jaba Bechvaia 

 

Abstract

 

Background: Medicine is one of the rapidly developing field and it requires continuous education process. Information management and quality assurance is one of the necessary conditions for the provision of adequate medical services. The purpose of research was to study the information needs for primary health managers and specialists,  to analyses the scientific and medical information sources and the modern scientific publications on the topic of primary health care. Methodology: Within the qualitative research component in-depth interviews was conducted among of primary health care management and medical staff.  As for the quantitative research component face-to-face interviewing by using of special questionnaire has been conducted among managers of medical institutions and medical staff. The wide range of primary health care institutions presented those located in Tbilisi (capital town of Georgia) and Zugdidi region (Western Georgia). Results: Primary health care management and medical personnel are unsystematic and spontaneously provided with scientific and medical information. Less attention is paid to scientific information, preference is given to the relevant sources of information available to the profession. Very few profiled journals are issued in Georgia, even do not exist in some of the fields, so the amount of scientific information is insufficient. Difficulty presents in finding appropriate sources, because many professionals do not know how to search the necessary information. A significant role plays the language barrier, lack of time and financial difficulties. Accordingly, the satisfaction toward the information system is on low level. Information collection is mainly conducted by usage of Internet. However, information obtained in confidence is low. Discussion, conclusion: At present, objective demand in ensuring of the primary health care system with scientific information, the need for modern information technologies are critical issues. By applying of modern information technology the primary health care workers will be able to develop their knowledge and professional skills, to share experiences, learn about the diagnosis, treatment, innovative methods of prevention. In this regard, it is necessary to develop information security mechanisms, which will increase accessibility and quality of information, and this will have positive impact on the health care system's main goal - to achieve improvement for the population health.

 

Keywords:  Georgia; Primary health care, Scientific - Information Provision

 

ბიბლიოგრაფია

 

  1. ვერულავა თენგიზ, 1999. სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება. სადოქტორო, საკანდიდატო (PhD) დისერტაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.  
  2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც, 2013). ჯანმრთელობის დაცვა. სტატისტიკური ცნობარი 2012. თბილისი 2013.
  3. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თბილისი 2013.
  4. Beyer, M. et al. 2003. The  development of quality circles/peer review groups as a method of quality improvement in Europe. Results of a survey in 26 Europian countries. Family Practice. P.443-451
  5. Brown, C. Cost effectiveness of continuing professional development in health care: a critical review of evidence / C. Brown, C. Belfield, S. Field // British Medical Journal. -2002. - P.652-665.;
  6. Chen, J. Physician board certification and the care and outcomes of elderly patients with acute myocardial infarction / J. Chen et al. // Journal of General Internal Medicine. -2006. - P.23 8-244
  7. Mason, J. When is it cost-effective to change the behavior of health professionals? I J. Mason et al. // JAMA. 2001.  P.2988-2992.

 

Read 2347 times