Saturday, 16 December 2017

სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა

 

ირმა კირთაძე, ანა ვერულაშვილი, მაკა ექსეულიძე, თამარ მახარაშვილი

 

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: ცხოვრების ჯანსაღი წესი 21-ე საუკუნისთვის აქტუალური საკითხია, ვინაიდან მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით სიმსუქნის პრობლემა მსოფლიო მასშტაბებს იკრებს. კვლევის მიზანია გამოარკვიოს რამდენად მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს სტუდენტი და სარგებლობს სტუდენტური დაზღვევით, რომელიც პროფილაქტიკური გამოკვლევების საშუალებას იძლევა. მეთოდოლოგია: გამოყენებული იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინაცია. თვისებრივი მიდგომით მოხდა ექსპერტთა გამოკითხვა. რაოდენობრივი მიდგომისას, სტუდენტების გამოკითხვისთვის, გამოყენებული იქნა სტრუქტურირებული კითხვარი. შერჩევა მოხდა “თოვლის გუნდის” მეთოდით, შერჩევის მოცულობამ შეადგინა 392 ბაკალავიატის, სამაგისტროსა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტი. შედეგები: კვლევაში მონაწილე სტუდენტთა საშუალო ასაკმა შეადგინა 21.38 წელი (min=18; max=52; SD=3.75), გამოკითხულ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (90%) ეკუთვნის 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. რესპონდენტების ნახევარი (53.7%) 4-7 ჯერ მაინც საუზმობს კვირაში და 55.7% აღნიშნავს, რომ იკვებება ძირითადად სახლში. რესპონდენტთა უმრავლესობა (43.4%) საშუალოდ, დღეში ერთხელ მაინც იღებს ხილს და ან ბოსტნეულს. სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა (90%) წონის შენარჩუნებისთვის, ან კორექციისთვის არ იღებს არანაირ ზომებს. რესპონდენტთა ნახევარი (51.5%) საერთოდ არ მისდევს სპორტს. სტუდენტთა 78.7% არ ეწევა თამბაქოს, 61.6% არ იღებს ალკოჰოლს და 96.4% არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას. სტუდენტური დაზღვევით სარგებლობს გამოკითხულთა 52.3%, თუმცა მთელს საკვლევ ერთობლიობაში დაზღვეულთა წილმა 85.7% შეადგინა. სხეულის მასის ინდექსი მეტწილად მოქცეულია ნორმის ფარგლებში და ქალებში საშუალო მაჩვენებელია BMI=20.20; მამაკაცებში კი - BMI=22.92. გამოკითხულთა 63% აღნიშნავს პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას და 61.7% ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობას ბოლო 12 თვის მანძილზე. დასკვნა: დაზღვევის ხელმისაწვდომობა სტუდენტს აძლევს საშუალებას აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და დროულად მიმართოს ექიმს, რაც მისი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. აუცილებელია სტუდენტებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფარგლებში სპორტით დაკავების წახალისება. 

ძირითადი საძიებო სიტყვები: ცხოვრების ჯანსაღი წესი, სხეულის მასის ინდექსი, სტუდენტთა დაზღვევა.

 

შესავალი

ფორმულირება ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“ გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა და ის აქტუალური გახდა იმის გამო, რომ იგი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან.

ცხოვრების ჯანსაღი წესი-ხშირად გვსმენია და დავფიქრებულვართ ალბათ არაერთხელ ამ ფორმულირებაზე. მაინც, რა არის ეს ცხოვრების ჯანსაღი წესი? რას გულისხმობს იგი? რას მოიცავს? ვინ როგორ მისდევს ამ წესს? ცხოვრების ჯანსაღი წესი არის უპირველეს ყოვლისა ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობას და ბედნიერებასთან. ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი, ესენია (თ. გოცაძე, 2011):

  • ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
  • გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
  • მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
  • მოძრაობა-ფიზიკურად, აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა, ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ჰიგიენა-პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
  • გაკაჟება.

 

„არ მოწიო!“, „არ დალიო!“, „უარი თქვი მსუბუქ და ძლიერ ნარკოტიკებზე!“, „დაკავდი სპორტით!“, „იკვებე ჯანსაღი საკვებით!“, „მოიწესრიგე ძილი!“, „დროულად მიაკითხე ოჯახის ექიმს!“ — ამგვარ და სხვა სახის რჩევებს თანამედროვეობაში თითქმის ყოველ წუთს ვხვდებით. ქუჩაში განთავსებული ბილბორდები, ონლაინ სივრცეში თუ თამბაქოს შეფუთვაზე მითითებული წარწერები გვირჩევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრება საკუთარი ცხოვრების წესად ავირჩიოთ.

 

საკუთარი ცხოვრების მანძილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე მრავალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ზრუნავს. დიდი სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რაც მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტის შესრულებით არ შემოიფარგლება.

 

სწორედ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა და მისი მხრიდან შემუშავებული პოლიტიკა განსაზღვრავს, რამდენად შეგვწევს ძალა ვიცხოვროთ “ჯანსაღი” წესების დაცვით. ცხოვრების ჯანსაღი წესი 21-ე საუკუნის დევიზადაც კი იქცა, ვინაიდან მეტაბოლური სინდრომი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი მსოფლიო მასშტაბებს იკრებს. 

 

აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე თემის ძირითად საკვლევ ობიექტს წამოადგენენ სტუდენტები და მათი ჯანსაღი ცხოვრების სტილი.

 

2014 წლის 1 იანვრის სტატისტიკური მონაცემებით (საქსტატი, 2014) საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 4 490500 ადამიანს,  აქედან 117 700 (2.62%) სტუდენტია.  ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მათი ცხოვრების წესის შესწავლა, ხოლო მეორეს მხრივ, განსაზღვრა, თუ რამდენად ზრუნავს სახელმწიფო, საზოგადოების ამ მეტად მნიშვნელოვნი ნაწილის ჯანმრთელობის დაცვაზე. 

 

თემის საკვლევ მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლა, თუ რამდენად მისდევენ სტუდენტები ცხოვრების ჯანსაღ წესს, (დაკავებული არიან თუ არა სპორტით, იკვებებიან თუ არა ჯანსაღი საკვებით, გაურბიან თუ არა ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა: თამბაქოს და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება), იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და რა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ხშირად. ასევე შევეცადეთ, კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში, გაგვერკვია სტუდენტური დაზღვევა თუ რამდენად თანაბარ პირობებს სთავაზობს სახელმწიფო და კერძო, დედაქალაქის და რეგიონის სასწავლებლების სტუდენტებს.

 

შესაბამისად, შევიმუშავეთ მიზნის მისაღწევი ამოცანები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავების ისტორიული ექსკურსი საქართველოში;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავების ისტორიული ექსკურსი აშშ-ში;
  • ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის კვლევა და
  • შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

 

კვლევის შედეგები საინტერესო და სასარგებლოა პოლიტიკის განმსაზღვრელებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ვინაიდან მიეცემათ საშუალება გაანალიზონ არსებული სადაზღვევო პაკეტის „სარგებელი“ სტუდენტებისთვის და სამომავლოდ დაგეგმარებისას გაითვალისწინონ საჭიროებები და დეფიციტები.

 

ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს და მას ვალეოლოგია ეწოდება. მისი არსი ეფუძვნება ოთხ მთავარ პრინციპს: სუნთქვას, მოძრაობას, აზროვნებას და კვებას (თ. გოცაძე, 2011).

 

ახალგაზრდულ პრობლემებზე ორიენტირებული პირველი სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოში 1994 წლიდან ჩნდება, ახალგაზრდობის საკითხთა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სახით, თუმცა მაშინვე არ დაწყებულა ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე, ვინაიდან იგი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. 2010 წლისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია შემდეგი სახელმწიფო სტრუქტურები (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2014; საქართველოს პარლამენტი, 2014):

 

  • საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;
  • ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი(დეპარტამენტის დაქვემდებარებაში);
  • ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;

 

2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ოფიციალურად დამტკიცდა. რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადიებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

 

 ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; 2010):

 

  • საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;
  • ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;
  • სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

 

რაც ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტია და ის საფუძვლად დაედება მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ სამომავლო ქმედებებს.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები

 

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მოზარდებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების სწავლების დანერგვის მიზნით, საქართველოში განხორციელდა რამდენიმე ინიციატივა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით (USAID, 2011)

 

ერთ-ერთ მთავარ პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს საჯარო სკოლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხდებოდა სკოლის მოსწავლეთათვის თავიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის დანერგვა, რათა მათ შემდგომში გაადვილებოდათ ამ წესის დაცვა.

 

ტრადიციული სასწავლო პროგრამები საქართველოში არ ითვალისწინებდნენ მოზარდებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სასიცოცხლო უნარების შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა მოზარდებში სარისკო ქცევების თავიდან აცილებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას (USAID, 2011).

 

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების შეტანას ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რაც მხოლოდ ფორმალურად იქნა დამტკიცებული 2011  წლის მარტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ (USAID, 2011). კვლევა მოიცავდა საპილოტე და საკონტროლო სკოლის მოსწავლეებს, IX-XII კლასის ჩათვლით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის ფარგლებში საპილოტე სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნა გაცილებით ამაღლდა, ვიდრე საკონტროლო სკოლის მოსწავლეებში. აღსანიშანვია ის გარემოება, რომ მსგავსი პროექტები არ არის ფართო მასშტაბიანი და მხოლოდ დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ საპროგრამო ვადებში ხორციელდება (USAID, 2011).

 

რაც შეეხება სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს, ერთ-ერთი მათგანი პირველი ლედის სანდრა რულოვსის ორგანიზებით განხორციელდა - Don’t Worry, Be Healthy. პროგრამის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალები და ვიდეორგოლები.შეიქმნა სპეციალური პერსონაჟები - ნიკა და ნუცა,რომლებიც მოზარდებს მოწევის მავნებლობაზე, ჰიგიენის ნორმების დაცვასა და ფიზიკურ აქტივობებზე ესაუბრებიან. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად (საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2011).

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ჯანმრთელობის კვლევის კავშირი’’ აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ახალგაზრდებში ჩაატარა სესიები, სადაც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენა, აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია. სესიები იყო ინტერაქტიული და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოთა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს.დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლოთ, გარკვეული ტრენინგების შემდეგ, თვითონვე ჩაეტარებინათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ლექციები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლებში (HRU, 2014).

 

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები

 

სტუდენტთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და განხორციელებული იქნა მრავალი პროექტი, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს “ახალგაზრდული პატრიოტული  ბანაკები”, რომელიც სათავეს იღებს 2004 წლიდან. ,,პროგრამა ხორციელდებოდა კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით. ახალგაზრდების დასვენების გარდა, ამ ბანაკებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პროექტის ძირითადი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიცემას. სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები, ახალგაზრდებს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდების მეშვეობით, წარმატების  მიღწევის ხერხებს ასწავლიან. შედეგად, ამ ადამიანებს უადვილდებათ წარმატების მიღწევა, ვინაიდან, მათ უკეთ იციან ბიზნესი, კანონმდებლობა, ეკონომიკა, საქართველოს ისტორია, ადამიანის უფლებები და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან ურთიერთობა“- წერს ჟურნალი დრონი (ე. ყაველაშვილი, 2009).

 

მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იყო ,,სტუდენტური ბარათები“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა ესარგებლა სტუდენტური ბარათით, რომლის მეშვეობით სტუდენტებს შეეძლოთ მიეღოთ სხვადასხვა სახის ფასდაკლება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას,  ასევე კომპიუტერული ტექნიკის შეძენისა და კულტურულ-გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებდა კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში. სტუდენტური ბარათის აღება სტუდენტებს შეეძლოთ იუსტიციის სახლში. განსაზღვრული იყო სტუდენტური ბარათის მოსარგებლეთა კრიტერიუმები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები,რომლებიც სწავლობენ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2012):

 

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბაკალავრიატი/ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა);
  • აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (მაგისტრატურა);
  • აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (დოქტორანტურა).

 

მესამე პროექტი სტუდენტებისთვის განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მ.სააკაშვილის ინიციატივით - სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა”შუმმერ ჟობ”. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასში მონაწილეობა საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეეძლოთ. დასაქმებული სტუდენტების ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში 500 ლარს შეადგენდა.პროგრამა მიზნად არ ისახავდა სტუდენტების დასაქმებას პროფესიის მიხედვით, ვინაიდან დაახლოებით 70-მდე ჩამონათვალიდან სტუდენტი ირჩევდა მისთვის სასურველ ერთ დასაქმების სახეს,თუმცა სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩენილიყო ვაკანტური ადგილების ჩამონათვალში. სამინისტროს განმარტებით, პროექტი ”შუმმერ ჟობ” გამიზნული იყო იმისათვის, რომ სტუდენტს გამოემუშავებინა თანხა, რაც საშუალებას მისცემდა საკუთარი სწავლა დაეფინანსებინა ან გამოეყენებინა შემეცნებისათვის, მოგზაურობისათვის, დასვენებისათვის და სხვა მათთვის სასურველი მიზნებისთვის (ე. გრიგალაშვილი, 2012).

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ შესწავლილი იქნა სტუდენტთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში, რომელმაც გამოავლინა სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევის  საჭიროება (სოცკოდექსი,2009), რაც გახდა ფონდისთვის საფუძველი ადვოკატირება გაეწია  100 000 ხელმოწერის შეგროვებით, საქართველოს პარლამენტში, სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევის კანონპროექტის ინიცირიებისთვის. შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იქნა სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით ,,სტუდენტური დაზღვევა“, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. სტუდენტის სადაზღვევო პაკეტი ითვალისწინებს: კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვას,   ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაციის გაწევას, მდგომარეობის სტაბილიზაციას, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირებას, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

 

სტუდენტური დაზღვევა რეგულირდებოდა 2014 წლის იანვრამდე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165-ე დადგენილებით, ხოლო მას შემდეგ, რაც 2014 წლის იანვარში სადაზღვევო კომპანიებმა ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“  და ,,ალფამ“ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს, სტუდენტთა დაზღვევაზე პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს მთავრობამ და რეგულირდება 2013 წლის # 36 დადგენილებით. აღსანიშნავნია, რომ თბილისში სტუდენტების ამბულატორული სამედიცინო მომსახურება ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რაც დაბრკოლებას უქმნის რეგიონის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ თბილისში, ვინაიდან მათთვის ეს სერვისი თბილისში ხელმისაწვდომი არ არის, თუ თბილისში არ არიან რეგისტრირებულები. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აშშ-ს ასეულობით კოლეჯსა და უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ტარდება კვლევები სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც სწავლობენ სტუდენტთა ფიზიკურ აქტიურობას, ჯანსაღ კვებას (ხილი, ბოსტნეული), ძილის რეგულაციას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას, ნორკომანიას, უსაფრთხო სქესობრივ კავშირებს.  ყოველწლიურად ჩატარებული კვლევების შედეგად, გარკვეული მაჩვენებლები უმჯობესდება (Adrienne Wald at all. 2014). საინტერესოა, რომ სტუდენტურ დაზღვევაზე ზრუნავს უნივერსიტეტი და  კერძო სადაზღვევო კომპანია ერთად, რომელთაც აღებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც დაზღვევაზე პასუხისმგებელ პირად სახელმწიფო რჩება. ასე მაგალითად, ,,აიოვას“ სახელწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია შეერთებულ შტატებში, თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიასთან ,,Aetna” (Aetna Life Insurance Company), რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურეობას განსხავებული ღირებულების პაკეტით, რაც დეტალურადაა აღწერილი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის (აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014) ინტერნეტ სივრცეში. 

 

მეთოდოლოგია

კვლევის ინსტრუმენტი

კვლევის დიზაინი შედგა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინაციით (B. Merriam, 2009; John W. Creswell, 2013; William E. Martin, Krista D. Bridgman, 2012). თვისებრივი მიდგომა განისაზღვრა ექპერტთა გამოკითხვით, წინასწარ შედგენილი სახელმძღვანელოს საშუალებით, არსებული რეგულაციების, თუ კანონების და ბრძანებების შესწავლით, რომლებიც არეგულირებენ ქვეყანაში სტუდენტური დაზღვევის წესს და ნებისმიერი სახის ბეჭდური გამოცემა (სამეცნიერო, საინფორმაციო), რომელიც რაიმე ტიპის ინფორმაციას შეიცავს სტუდენტურ დაზღვევაზე. აღნიშნული განაპირობა ამ მიმართულებით სამეცნიერო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიმწირემ. თვისებრივი კვლევიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე და ჩვენთვის საინტერესო თემების გათვალისწინებით შედგა სტრუქტურირებული, თვითადმინისტრირებადი კითხვარი. ჩატარდა შედგენილი კითხვარის პილოტირება 5 სტუდენტში და შესაბამისად ჩასწორდა აღმოჩენილი ხარვეზები.

 

შერჩევის პროცედურა

 

კვლევისთვის გამოყენებული იყო შერჩევის არაალბათური “თოვლის გუნდის” მეთოდი (William G. Cochran, 1977), ვინაიდან მხოლოდ ამ სახის გამოკითხვის შესაძლებლობა გვქონდა მოცემულ დროში. შერჩევის მოცულობის დაანგარიშება მოხდა 95%-იანი სანდოობისა და 5%-იანი ცდომილების გათვალისწინებით და შეადგინა 383 სტუდენტი. შესაბამისად შერჩევის წილი განისაზღვრა 117 700/ 383ხ100=0,32%-ით (Andy Field, 2013)

კვლევაში ჩართვის კრიტერიუმი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: კვლევაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმეირი ასაკის პირს, რომელიც გამოკითხვის მომენტისთვის იმყოფება სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე და ნებაყოფლობით გამოთქვამდა კვლევაში მონაწილეობის სურვილს. სტუდენტთა გამოკითხვა ჩატარდა 2014 წლის 20 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, საწყისი მარცვლების მოძიებით სამ უნივერსიტეტში: ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის აგრარული უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ სტუდენტთა რეკრუტირება განვითარდა “თოვლის გუნდის მეთოდით”, მანამ სანამ შერჩევის სასურველი მოცულობა იქნა მიღწეული. 

 

კვლევაში მონაწილეთა რეკრუტირება და გამოკითხვა

 

კვლევისთვის შერჩეული იყო სამი უნივერსიტეტი: ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის აგრარული უნივერსიტეტი, საიდანაც დაიწყო საწყისი “მარცვლების” საშუალებით კვლევა. სულ მოზიდული იქნა 411 სტუდენტი, მათგან კი 392 შეესაბამებოდა კვლევის კრიტერიუმებს და ინფორმირებული თანხმობის გაცნობის შემდეგ ყველა ჩაერთო კვლევაში. არ ყოფილა შემთხვევა, როცა კვლევაში ჩართვის ინფორმირებული თანხმობის გაცნობის შემდეგ სტუდენტმა დაწყებულ კვლევაში მონაწილეობა შეწყვიტა.

 

ეთიკის საკითხები

 

აღნიშნული კვლევის ეთიკური მხარე შეფასდა ეთიკის კომისიის მიერ (IRB00009520  HEALTH RESEARCH UNION IRB  #1), რომელმაც შეისწავლა კვლევაში მონაწილეთა უფლებები, განიხილა კვლევის პროტოკოლი და კითხვარი, და გასცა კვლევის ჩატარების უფლება ერთი წლის ვადით 2014 წლის 20 მაისიდან.

 

სტუდენტთა გამოკითხვა ნებაყოფლობითი და აბსოლუტურად ანონიმური იყო, რითაც მათ მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ ობიექტურები. კვლევაში მონაწილეს ასევე შეეძლო, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა კითხვარის შევსება. ამ პირობებს აცნობდა ინტერვიუერი და სტუდენტი თანხმობის შემთხვევაში კითხვარის დასაწყისში მითითებულ ადგილას ხელმოწერით ან ინიციალების დასმით ადასტურებდა კვლევაში მონაწილეობას.

 

კვლევის შეზღუდვა

 

კვლევის შეზღუდვად მივიჩნევთ გამოყენებული შერჩევის არაალბათურ მეთოდს, რომელიც შერჩეული იქნა ნაკლები დანახარჯებით მოკლე დროში გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობის გამო და ისიც ჩატარდა მხოლოდ თბილისში. თუმცა შერჩევის მოცულობის დაანგარიშება მოხდა გენერალური ერთობლიობის გათვალისიწინებით და დაშვება იყო, რომ თბილისში ბევრი სტუდენტია რეგიონში მცხოვრები. კვლევა ჩატარდა სასწავლო წლის ისეთ პერიოდში, როდესაც სტუდენტები ხელმისაწვდომები იყვნენ და არ იყო საგამოცდო პერიოდი. კვლევაში მონაწილე პირთა დუბლირების თავიდან ასაცილებლად შეირჩა დროის მოკლე ინტერვალი, რაც გამორიცხავდა ორჯერ ერთიდაიგივე სტუდენტის ინტერვიუირებას. 

 

მონაცემთა დამუშავება და ანალიზი

 

მონაცემთა ბაზის შექმნა და ანალიზი მოხდა სოციალური მეცნიერებისთვის მოწოდებული სტატისტიკური პაკეტის SPSS (ვერსია 21.0) გამოყენებით (Julie Pallant, 2013). ყველა შეუსაბამობა გადამოწმებული იყო სიხშირეების, კროსტაბულაციებისა და ცვლადების თანამიმდევრობის ლოგიკის შემოწმების გზით.

 

კვლევის შედეგები

 

სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები

კვლევაში მონაწილე სტუდენტთა საშუალო ასაკმა შეადგინა 21.38 წელი (min=18;max=52; SD=3.75), გამოკითხულ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (90%) ეკუთვნის 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს (ცხრილი 1). 

ცხრილი#1კვლევაში მონაწილეთა ასაკობრივი განაწილება.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ქალია (75.8%) და 24.2% მამაკაცი.განათლების დონის მიხედვით, დიდი უმრავლესობა (82%) იმყოფება სწავლების საბაკალავრო დონეზე, 14.8% - სამაგისტრო საფხურზე, ძალიან მცირე ნაწილი (1.5%) კი - სადოქტოროზე და ამდენივე მოხვდა სხვა კატეგორიაში, რაც მოიცავს იმ სტუდენტებს, რომლებსაც აღებული აქვთ აკადემიური, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კვლევის მომენტისთვის იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში და რეზიდენტები. 

 

ოჯახური მდგომარეობის მიხედვით, სტუდენტთა დიდი ნაწილი (81.6%) არასოდეს ყოფილა დაქორწინებული,15.6% - დაქორწინებულია, 0.8% -განქორწინებულია და 2% მოხვდა სხვა კატეგორიაში. 

 

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი 55.6% უმუშევარია, მათგან 40.8% ეძებს სამსახურს და 14.8% კი არ ეძებს სამსახურს. დასაქმებული სტუდენტების 13% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო სტუდენტთა 7.1%-მა შემოხაზა დასაქმების სხვა კატეგორია ცხრილი 2). 

 

ცხრილი#2. სტუდენტთა დასაქმების განაწილება

 

კვებისა და დღის რეჟიმი

რესპონდენტების ნახევარი (53.7%) ბოლო 7 დღის მანძილზე 4-7 ჯერ მაინც საუზმობს კვირაში, 29.7% 1-3 ჯერ მაინც კვირაში და დანარჩენი მიუთითებს, რომ არცერთხელ არ უსაუზმია. 

 

ბოლო 12 თვის მანძილზე გამოკითხულთა 55.7% აღნიშნავს, რომ იკვებება ძირითადად სახლში, თუმცა განსხვავდება სხვა დანარჩენ ადგილას კვების სიხშირეთა მაჩენებელი, ცხრილი 3).  

 

ცხრილი #3. ბოლო 12 თვეში კვების სხვადასხვა ობიექტებში კვების სიხშირეთა გადანაწილება

 

ბოლო 7 დღის მანძილზე, რესპონდენტთა უმრავლესობა (43.4%) საშუალოდ, დღეში ერთხელ მაინც იღებს ხილს და/ან ბოსტნეულს, ორჯერ 26.5%, ხილი საერთოდ არ მიუღია გამოკითხულთა 11%-ს, ხოლო დანარჩენს ხილი მიუღია სამჯერ და ან მეტჯერ, დღის მანძილზე.

 

გამოკითხულთა 26.5%-ს, ბოლო 7 დღის მანძილზე საერთოდ არ მიუღია გაზიანი სასმელები, როგორიცაა ლიმონათი, კოკა კოლა, პეპსი, ენერგეტიკული სასმელები ან ნატურალური წვენები; 37% აცხადებს, რომ დღეში ერთხელ მაინც მიუღია ასეთი სასმელი, 21.7% - ორჯერ მაინც იღებს, დანარჩენი კი 2-ჯერ და მეტჯერ. დატკბილული ჩაის და/ან ყავის მიღებას დღეში ერთხელ მაინც, ბოლო 7 დღის მანძილზე, სტუდენტთა 26% აღნიშნავს; ხოლო 31.1% საერთოდ უარყოფს ასეთი სასმელის მიღებას (ცხრილი 4). 

 

ცხრილი #4. ბოლო 7 დღის მანძილზე გაზიანი/ ნატურალური სასმელების და დატკბილული ჩაი/ყავა მიღების სიხშირეთა განაწილება

ძალიან საინტერესოდ განაწილდა ბოლო 30 დღის მანძილზე, წონის შენარჩუნებისთვის ან კორექციისთვის მიღებული ზომების სიხშირეები; როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტური უმრავლესობა (90%) არ იღებს არანაირ ზომებს (ცხრილი 5).

 

რესპონდენტთა ნახევარი (51.5%) აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მისდევს სპორტს. ბოლო 30 დღის მანძილზე სპორტით (იგულისხმება ნებისმიერი ფორმის სპორტი: სირბილი, ცურვა, ფიტნეს კლუბში ან სპორტულ დარბაზში სიარული და სხვა, ჭადრაკის და სხვა ინტელექტუალური სპორტის გამოკლებით) დაკავების სიხშირეთა განაწილება მოცემულია მე-6 ცხრილში. 

 

ცხრილი #5. ბოლო 30 დღის მანძილზე წონის კორექციისთვის მიღებულ სიხშირეთა განაწილება

ცხრილი #6. ბოლო 30 დღეში სპორტით დაკავებულობის სიხშირეთა განაწილება

ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები

ათქულიანი შეფასებით, ძალიან ცუდიდან ძალიან კარგისკენ პრინციპით, რესპონდენტების მიერ საკუთარი ჯანმრთელობის თვითშეფასებისას გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად და ძალიან კარგად აფასებს საკუთარ ჯანმრთელობას (ცხრილი 7).

 

ცხრილი #7. ჯანმრთელობის თვითშეფასების სიხშირეთა განაწილება ათქულიანი სკალით

ძალიან საინტერესო მიგნება იყო ის, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, ბოლო 30 დღის მანილზე აღნიშნავს, რომ არ ეწევა თამბაქოს (78.7%) და არ იღებს ალკოჰოლს (61.6%) (ცხრილი 8). 

ცხრილი #8. ბოლო 30 დღის მანძილზე თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლის მიღების სიხშირეთა განაწილება

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (96.4%) მიუთითებს, რომ არ მოუხმარია ნარკოტიკული საშუალებები ბოლო 30 დღის მანძილზე, თუმცა 39 სტუდენტმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ სიხშირით მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს.(ცხრილი 9).  

 

ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მოსაწევს- მარიჰუანას (76.9%) და მხოლოდ სტუდენტთა ძალიან მცირე რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს ტაბლეტების, შესაყნოსი და შერეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.

 

ცხრილი #9. ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების სიხშირეთა განაწილება და უპირატესობა მინიჭებული ნარკოტიკული საშუალებების განაწილების სიხშირე.

ჯანმრთელობის დაზღვევა 

 

საინტერესოა, რომ სტუდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას სმენია სტუდენტური დაზღვევის შესახებ (86.4%), თუმცა ამ დაზღვევით მოსარგებლე აღმოჩნდა 52.3%. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულ სტუდენთა შორის 82 სტუდენტი (21.4%) აღნიშნავს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე არანაირი სამედიცინო მომსახურებისთვის არ მიუმართავს, თუმცა მათ შორის პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას აღნიშნავს 11 სტუდენტი (13.4%), მოცემული განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა (0.000). ცხრილი#10 აღწერს დაზღვეულ სტუდენტთა და სტუდენტთა მიერ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების სიხშირეთა განაწილებას.

 

ცხრილი #10. დაზღვეულ სტუდენტთა  და სტუდენტთა მიერ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების სიხშირეთა განაწილება

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობამ (61.7%), უკანასკნელი 12 თვის მანძილზე, ოჯახის ექიმის მომსახურებით ისარგებლა. ხშირად გამოყენებულ სერვისთა შორის არის სტომატოლოგი 38.3%-ით, შემდეგ გინეკოლოგი 22.7%-ით, ენდოკრინოლოგი 11.2%-ით და სხვა დანარჩენი.ცხრილი #11დეტალურ სურათს იძლევა სტუდენტების მიერ, ბოლო 12 თვის მანძილზე, მიღებული სამედიცინო სერვისების შესახებ. 

 

ცხრილი #11. ბოლო 12 თვის მანძილზე მირებული სამედიცინო სერვისის სახეების სიხშირეთა განაწილება

დაზღვეულმა სტუდენტებმა, სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით კმაყოფილება ათქულიან სკალაზე ერთიდან (ძალიან ცუდი) ათამდე (ძალიან კარგი) შეაფასეს (ცხრილი 12), შეფასების საშუალო ქულამ 5.35 შეადგინა (SD=2.66).

 

ცხრილი #12. სადაზღვევო კომპანიებით კმაყოფილების შეფასების სიხშირეთა განაწილება

კვლევით შეგროვდა მონაცემები წონისა და სიმაღლის შესახებ, რომ გამოგვეთვალა სხეულის მასის ინდექსი აშშ-ს ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ფორმულით (Jayawardene W. et all., 2014), რომელიც მოცემულია 1 სურათზე. 

 

სურათი #1. სხეულის მასის ინდექსის დაანგარიშების ფორმულა

მოცემული გაანგარიშებით დგინდება სხეულის მასის ინდექსი და მისი მაჩვენებლის შესაბამისად ნაწილდება 5 კატეგორიად (ცხრილი 13). 

ცხრილი #13. სხეულის მასის ინდექსის კატეგორიები

 

კვლევაში მონაწილე ქალთა საშუალო სიმაღლეა 167.06 სმ (SD=5.67), მამაკაცთა კი - 177.38 სმ (SD=5.8); ქალთა საშუალო წონამ შეადგინა 56.37 კგ (SD=6.86), ხოლო მამაკაცთა - 72.28კგ (SD=11.70). ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა (p=0.000, CI=95%). შესაბამისად სხეულის მასის ინდექსიც განსხვავდება ორ სქესს შორის, ქალებში საშუალო მაჩვენებელია BMI=20.20; მამაკაცებში ეს მაჩვენებლი ოდნავ მეტია და შეადგენს BMI=22.92. მოცემული განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა (p=0.001, CI=95%). აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებშია (ცხრილი 14). მეხუთე კატეგორიის მაჩვენებელი, რაც არის გაცხიმოვნება, შერჩევის მოცულობაში საერთოდ არ გვხვდება და ორივე სქესისთვის სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი მეტადრე ნორმალური წონის კატეგორიაშია მოქცეული, რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგია. საინტერესოა, რომ კვლევაში მონაწილე ხუთიდან ერთ ქალს სხეულის ნორმაზე დაბალი წონა აქვს (21.8%), ყოველი მეშვიდე ქალი (14.7%) და ყოველი მეოცე მამაკაცი ჭარბი წონისაა (4.04%) 

 

ცხრილი #14. სხეულის მასის ინდექსის ,BMI განაწილება ქალებსა და მამაკაცებში

ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ მიღებული განსხვავებები ჯგუფებს შორის კვების, სპორტით დაკავებულობის და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლადების მიხედვით სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გარდა დახურული ტიპის შეკითხვებისა, რესპონდენტთა გამოკითხვა სამი ღია ტიპის კითხვის მეშვეობითაც მოხდა, რომელზეც პასუხი გასცა 134 სტუდენტმა. 

 

კითხვაზე, თუ რა მოსწონთ ყველაზე მეტად სადაზღვევო პაკეტში, კერძო კომპანიის დაზღვევით მოსარგებლე სტუდენტებმა დაასახელეს სადაზღვევო პაკეტის ხელმისაწვდომი ღირებულება და კვალიფიციურ ექიმთა მომსახურეობა. რაც შეეხება სტუდენტური დაზღვევის მფლობელ რესპონდენტებს, მათ უფასო მომსახურეობა  და განსაკუთრებით ურგენტული შემთხვევების დაფინანსება მოსწონთ, ხოლო 14,18 % მომხმარებლისთვის არცერთი სადაზღვევო პაკეტი არ იყო მოსაწონი. 

 

კითხვაზე, თუ ყველაზე მეტად, რა არ მოსწონთ თავიანთ სადაზღვევო პაკეტში, 49.52% ასახელებდა, რომ საჭირო გამოკვლევებისთვის დაფინანსებას სადაზღვევო პირობები არ ითვალისწინებს, განსაკუთრებით აღინიშნა - ჰორმონალური და გინეკოლოგიური გამოკვლევები, ხოლო შემდეგ სტომატოლოგიური მომსახურება. 15.25% არ მოსწონს ექიმების დამოკიდებულება მომსახურეობისას. 9.52% პროვაიდერების შეზღუდულ რაოდენობას ასახელებს, 13.33% სამედიცინო სერვისის მიღების დაყოვნებას, რაც გამოწვეულია რიგებითა და ბიუროკრატიული თავისებურებებით და მხოლოდ 7.63% აღნიშნა, რომ კმაყოფილია საკუთარი სადაზღვევო პაკეტით.

 

მესამე კითხვაზე, თუ რას შეცვლიდნენ საკუთარ და განსაკუთრებით სტუდენტურ სადაზღვევო პაკეტში, უმრავლესობამ დაასახელა პაკეტის გაუმჯობესება სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისების დამატებით: სტომატოლოგია, ანალიზები ჰორმონალური კვლევებისავის (43.53%), ასევე კლინიკისა და პროვაიდერის თავისუფალი არჩევანის უფლებას (8.33%), ექიმთა მაღალ კვალიფიკაციას და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას (11.11%), ასევე დაზღვეულებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას (8.33%).

 

შედეგების ინტერპრეტაცია და დისკუსია

 

როგორც  კვლევიდან ირკვევა, რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (53,7%) კვირაში 4-7 ჯერ მაინც საუზმობდა  და დიდი უმრავლესობა უპირატესობას  ოჯახში კვებას ანიჭებდა. მიღებული საკვები  მდიდარი იყო  ხილითა და ბოსტნეულით, რაც ირკვევა მათი მიღების სიხშირის მაჩვენებლებით (41,0%). როგორც აღმოჩნდა,   რესპოდენტების უმრავლესობა (38%) გაურბოდა დატკბილული ჩაისა და ყავის მიღებას, ასევე არ იყენებდა გაზიან სასმელებს ( 26%), საერთოდ არ სვამდა ან სვამდა დღეში ერთხელ 37%. რესპოდენტების დიდი უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს თავს არიდებდა, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალებების, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების ძალიან დაბალი მაჩვენებლებით. 

 

მიუხედავად იმისა, რომ BMI  რესპოდენტების უმრავლესობაში (75,3%) ნორმის ფარგლებში იყო, გამოიკვეთა პრობლემა ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხულთა ნახევარზე მატი (52%) საერთოდ არ იყო დაკავებული სპორტით, ხოლო 33% იშვიათად მისდევდა ფიზიკურ აქტივობას.

 

გასათვალისწინებელია, რომ რესპოდენტთა ნაწილმა სართოდ არ იცოდა სადაზღვევო პაკეტის  შესახებ (ძირითადად ბაკალავრებმა) და არც პროფილაქტიკურ გამოკვლებს იტარებდნენ, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემას წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ და  სქესობრივად გადამგები დაავადებების პრევენციისათვის.

 

დასკვნა

 

სტუდენტები მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვებით იკვებებიან (საუზმობენ რეგულარულად, არ იღებენ დატკბილულ ჩაისა და ყავას, არ ეტანებიან გაზიან სასმელებს)  და გაურბიან ისე თმავნე ჩვევებს,როგორიცა ათამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკები (თუმცა შესაძლებელია ამ უკანასკნელის შესახებ გამოკითხულთა უმრავლესობა მაინც არ იყოს გულწრფელი, გამომდინარე საკითხის სიმწვავიდან), გამოიკვეთა რამოდენიმე  პრობლემა:

  • სტუდენტთა უმრავლესობა ან საერთოდ არ მისდევს სპორტს, ან ძალიან იშვიათი, არარეგულარული ფიზიკური აქტივობით შემოიფარგლება. ეს შესაძლებელია განპირობებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით (არ არსებობს სარბენი ბილიკები, ველოსიპედისათვის განკუთვნილი გზები), ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვისსახელმწიფოს ნების არარსებობით.
  • სტუდენტური დაზღვევის პაკეტების  შესახებ ცნობადობა დაბალია.
  • სტუდენტებისათვის ბევრი სამედიცინო სერვისი მათ შორის სტომატოლოგია,  ჰორმონალური კვლევები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვლევები და მკურნალობა უმეტესშემთხვევაში ძვირი სიამოვნებაა, რადგან სადაზღვევო პაკეტები ამ დაავადებების გამოკვლევასა და მკურნალობას არ ანაზღაურებს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:1) სტუდენტები მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვებით იკვებებიან, რითაც უარყოფილია პირველი ჰიპოთეზა; 2) პროფილაქტიკურ გამოკვლევებს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი იტარებს, რითაც კვლევის მეორე ჰიპოთეზაც უარყოფილია.       

 

რეკომენდაციები

 

  • აუცილებელია საზოგადოების მასობრივი ინფორმირება, თუნდაც მედია საშუალებებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის  შესახებ.
  • სასურველია საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართოდ დამკვიდრებას და ხელმისაწვდომი გახადოს სტუდენტებისთვის. ასე მაგალითად: პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების მოწესრიგებით, ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფიზკულტურა. 
  • უნივერსიტეტების მხრიდანაც შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, სპორტული შეჯიბრებების მოწყობით, საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების ხელშეწყობით.  
  • აუცილებელია გაკონტროლდეს უნივერსიტეტებთან  არსებული კაფეების მიერ მიწოდებული საკვების ხარისხი.
  • მასობრივი მედია საშუალებებით, სარეკლამო რგოლებით, უნივერსიტეტებში სტუდენტური დაზღვევის შესახებ ლექციის ჩატარების, სოციალური ქსელების და ან სხვა საშუალებების გამოყენებით,  მოხდეს სტუდენტების ინფორმირება სადაზღვევო პირობების შესახებ. აუცილებელია უნივერსიტეტებმა გამოიჩინონ ინიციატივა და მათ ინტერესში იყოს ყველა სტუდენტი ჰყავდეს პრაქტიკულად ჯანმრთელი, მითუმეტეს, როცა სახელმწიფო სტუდენტის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. 
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს და გათვალისიწინებული იქნას პროფილაქტიკური კვლევების დაფინანსება სადაზღვევო პირობების ფარგლებში. მით უფრო, როცა საქართველოში ჩიყვის ენდემური კერები გვაქვს, აუცილებელია ენდოკრინოლოგიური კვლევების პროფილაქტიკურ ღონისძიებებში ჩართვა და მათი დაფინანსება დაზღვევის ფარგლებში, რადგან დაავადებების პროფილაქტიკა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე შემდგომი გართულებების მკურნალობა და მართვა. 

 

Research of students health condition

 

Irma Kirtadze, Aan Verulashvili, Maka Eqseulidze, Tamar Maxarashvili

 

Abstract

 

Background: A healthy lifestyle is actively debated in 21 - Century, because many factors contribute to the obesity problem and it extends widely. The research aims to identify the extent of these attributes among students and student insurance, which allows for preventive examinations. Methods: Combination of qualitative and quantitative methodology has been used. Expert’s in depth interviews were performed and structured self-questionnaire was used for students. Snowball sampling methodology allowed to recruit 392 students from 3 different Universities. Results: Mean age of study participants is 21.38 years (min=18; max=52; SD=3.75); most of them (90%) are representatives of 18- 24 age group. Half of respondents (53.7%) report taking of breakfast 4-7 times per week; 55.7% eats at home. Majority of students (43.4%) eat fruit or vegetable at least once per day. 90% of respondents report that they do not take any actions for weight corrections. Half of sample (51.5%) do not engage in sport activities. 78.7% do not smoke cigaret, 61.6% do not drink alcohol and 96.4% do not use drugs. In total 85.7% of respondens are insuransed but only52.3% are state funded students’ insurance beneficiars. For both male and female students, BMI average fall within the normal weight category with 22.92 and 20.20 respectively. 63% of respondents admit prevention actions taken during last 12 months. 61.7% received service from general practitioner. Conclusion: Accesibility of insurance gives opportunity to students to controll health and to adress timely health related issues. Sport activities should be promoted and highly encouraged among students. 

 

Key Words: healthy lifestyle, BMI, student’s insurance

 

ბიბლიოგრაფია

 

  1. თინათინ გოცაძე, 2011, მკურნალი #1 გვ.:22-23; http://www.mkurnali.ge/component/content/article/2432-ckhovrebis-jansaghi-tsesi-arsi-da-principebi.html?star - ჩამოტვირთულია 2014 წლის 20 მაისს.
  2. ელენე გრიგალაშვილი, (2012), სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, news.ge. http://news.ge/ge/news/story/8244-studentta-sagazafxulo-dasaqmebis-programistvis-registracia-dges-iwyeba - ჩამოტვირთულია 2014 წლის 20 მაისს.
  3. საქართველოს სპროტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2014; http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=930 - ნანახია 2014 წლის 20 მაისს.
  4. საქართველოს პარლამენტი, 2014; http://www.parliament.ge/ge/sajaro-informacia/parlamentis-struqtura-da-funqciebi  - ჩამოტვირთულია 2014 წლის 20 მაისს.
  5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; (2010); საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი; http://msy.gov.ge/index.php?sec_id=210&lang_id=GEO - - ჩამოტვირთულია 2014 წ. 22 მაისს.
  6. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო;(2011);საქართველოში აივ პრევენციის პროექტი; http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=620-ჩამოტვირთულია 2014 წლის 21 მაისს.
  7. საზოგადოებრივი მაუწყებელი;(2011);სანდრა რულოვსი ცხოვრების ჯანსაღი წესი;http://1tv.ge/news-view/31660- ჩამოტვირთულია 2014 წლის 1 ივნისს.
  8. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის კვლევის კავშირი;(2014);ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა საქართველოს მოზარდებსა და სტუდენტებში;http://www.hru.ge/?page_id=480&lang=ge
  9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2012, სტუდენტური ბარათები. http://studentcard.ge/text-2.html - ჩამოტვირთულია 2014 წლის 22 მაისს.
  10. ფრიდრიხ ებერტის ფონდი, (2011), სტუდენტთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში  - http://fes.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=44&Itemid=53 - ჩამოტვირთულია 2014 წლის 2 ივნისს
  11. ელენე ყაველაშვილი, (2009), პატრიოტული ბანაკები - დასვენებისა და განათლების საუკეთესო საშუალება, ჟურნალი დრონი. http://droni.ge/?m=1&AID=40 - ჩამოტვირთულია 2014 წლის 20 მაისს.
  12. Andy Field, 2013. Discovering Statistics using IBM SPSS Statistics 
  13. Iowa State University, 2014,https://www.aetnastudenthealth.com/students/student-connection.aspx?GroupID=812805 - ჩამოტვირთულია 2014 წლის 2 ივნისს
  14. Jayawardene W, Lohrmann D, YoussefAgha A. 2014. Discrepant Body Mass Index: Behaviors Associated with Height and Weight Misreporting among US Adolescents from the National Youth Physical Activity and Nutrition Study. Child Obes.  10(3):225-33. doi: 10.1089/chi.2014.0002. 
  15. John W. Creswell, 2013.  Research Design: Qualitative, Quantitative, and Mixed Methods Approaches.
  16. Julie Pallant, 2013. SPSS Survival Manual: A Step by Step Guide to Data Analysis Using IBM Spss 
  17. Statistical Package For Social Sciences-http://www.spss.co.in
  18. Sharan B. Merriam, 2009. Qualitative Research: A Guide to Design and Implementation. 
  19. William E. Martin, Krista D. Bridgman, 2012. Quantitative and Statistical Research Methods: From Hypothesis to Results. 
  20. William G. Cochran, 1977. Sampling Techniques, 3rd Edition. 
  21. Wald A., Muennig P. A., O’Connell K.A., Garber C.E., (2014), Associations Between Healthy Lifestyle Behaviors and Academic Performance in U.S. Undergraduates: A Secondary Analysis of the American College Health Association's National College Health Assessment II. AM J Health Promot. 2014 May-Jun;28(5):298-305. doi: 10.4278/ajhp.120518-QUAN-265. Epub 2013 Aug 13.
Read 3435 times