Thursday, 19 October 2017

 სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა

 

თენგიზ ვერულავა, თამთა ლომჯარია, მარიამ კოშაძე, ნინო ბექაური 

 

შესავალი

საქართველოში მრავალი სადაზღვეო კომპანია სთავაზობს მძღოლებს ავტოდაზღვევას. იგი ავტოტრანსპორტის მფლობელს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს ავტოტრანპორტის დაზიანების/განადგურების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯები. ავტოდაზღვევასთან ერთად სადაზღვევო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას. იგი გულისხმობს უფლებამოსილი მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად მესამე პირთა გარდაცვალების ან მათი ჯანმრთელობის/ქონების დაზიანების შედეგად.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების რიცხვმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა, ავტომობილების დაზღვევის პოტენციური ბაზრის მხოლოდ მცირედია ათვისებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის მონაცემებით, სულ დარეგისტრირებულია  806 323 ავტომანქანა, დაზღვევას ექვემდებარება დაახლოებით 300 000, სულ დაზღვეულია 36 420 [1]. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (2013 წლის 6 თვის) სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ შეადგინა დასაზღვევი ბაზრის დაახლოებით 12%, ხოლო, casco-ს წილი მთლიან ბაზარზე შეადგენს 9,92%-ს [5]. 

 

უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში ავტოდაზღვევა და ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, ავტომანქანის არასათანადო მოვლა-პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების ალბათობა. როდესაც ავტოდაზღვევა სავალდებულოა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველა მონაწილე, მათ შორის ქვეითად მოსიარულეც, იღებს გარანტიას, რომ დაცულნი იქნებიან მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ქონებაზე მიყენებული ზიანის დროს.

 

საქართველოში ავტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არ არის. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, დადგა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი. იგი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.

 

ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა; თუმცა ოპონენტების განაცხადით, ევროკავშირს საქართველოსთვის მსგავსი მოთხოვნა არ წაუყენებია [7]. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძეს განცხადებით, „ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას არც ევროკავშირი ითხოვს და არც ლოგიკა. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება - თუ უნდა დაზღვევა, იყიდოს, თუ არ უნდა, ძალით არ უნდა აყიდინო“ [2].

 

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის აზრით, „ევროკავშირი არ ითხოვს ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში საქართველომ უნდა წარადგინოს დღის წესრიგი, ანუ სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება შეთანხმების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულების ვადები. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემის შემოღება იქნება“ [7].

 

საქართველოს მთავრობის განცხადებით 2015 წლიდან საქართველოში ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. პარლამენტი უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის შემდეგაც დამტკიცდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

 

ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მიზანშეწონილია სავალდებულო ავტოდაზღვევის ბაზარზე მრავალი სადაზღვევო კომპანიის მონაწილეობა, რომელთაგანაც მძღოლი სურვილისამებრ აირჩევს მისთვის სასურველს [7]. ექსპერტთა აზრით, კანონში უნდა ჩაიდოს ნორმა და ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში დაშვება ჰქონდეთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ავტოდაზღვევაში [7].

 

ავტომანქანის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება სავალდებულო დაზღვევისგან. მაგალითად, ნებაყოფლობით დაზღვევაში მნიშვნელობა აქვს ბრალეულობას. თუ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მიაყენა ზარალი მესამე პირს, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით შეიძლება არ აანაზღაუროს ზარალი, მაგრამ სავალდებულო ავტოდაზღვევის დროს დაზარალებული ამ შემთხვევაშიც დაცულია. სწორედ ეს არის სავალდებულო დაზღვევის სპეციფიკა, რომელიც ყოველთვის იცავს დაზარალებულს. 

 

სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი განტვირთვის მექანიზმია სახელმწიფოსთვისაც. სახელმწიფოს ძალიან ხშირად პირდაპირ, თუ ირიბად უწევს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგების ანაზღაურება, როდესაც მას ვერ იხდის დამზარალებელი. როგორც წესი, ავტოავარიების შედეგად დაზარალებული ადამიანები ფინანსური დახმარებისთვის ხშირად სწორედ სახელმწიფოს მიმართავენ. მაგალითად, თუ ავტოავარიიის შედეგად მოქალაქემ დაკარგა შრომის უნარი, სახელმწიფო მას უნიშნავს პენსიას. 

 

ექსპერტთა ვარაუდით, სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების დროს გათვალისწინებული იქნება დაახლოებით 17-18 ათასი ლარის გადახდა, მკურნალობაზე კი 15 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა [2]. ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში ზარალის ასანაზღაურებლად დადგენლი სადაზღვევო თანხა გაცილებით დიდია. მაგალითად, სადაზღვევო პრაქტიკიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი შემთხვევა: გერმანიაში მანქანა შეეჯახა ბენზინ გადამტან ცისტერნას, ცისტერნა გადავარდა ხიდიდან და აფეთქდა, ხიდი გაცხელდა და ჩამოინგრა. უამრავი მანქანა და ადამიანი დაშავდა, იყვნენ დაღუპულებიც. სადაზღვევო კომპანიამ ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 120 მილიონზე მეტი აანაზღაურა [3].

 

ამ დროისათვის უცნობია, თუ რა ეღირება სავალდებულო ავტოდაზღვევის პაკეტი. ექსპერტთა აზრით, იგი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი, რათა მძღოლს შეეძლოს სადაზღვეო პრემიის გადახდა. ექსპერტთა გათვლებით, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა თვეში დაახლოებით 12-15 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს [7]. მათი აზრით, ასევე მიზანშეწონილია სავალდებულო მინიმალური პაკეტის არსებობა. მაგალითად, თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების ლიმიტი იქნება 20 000 ლარი, ხოლო დაზღვეულმა პირმა დააზიანა ძვირადღირებული, 50000 ლარიანი მანქანა, დამზარალებელს უნდა დაეკისროს ამ სხვაობის დაფარვა [3].

 

გარდა სავალდებულო ავტოდაზღვევისა, სახელმწიფოს ასევე განზრახული აქვს სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა, რომლის საფასური, ექსპერტთა ვარაუდით, დაახლოებით 48 ლარი იქნება [2]. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის ასაკი საქართველოში ძალიან ხანდაზმულია. არსებული ავტომანქანების ნახევარზე მეტი 20 წელს გადაცილებული ავტომანქანაა. ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებით ავტომანქანები მეტნაკლებად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს სავალდებულო ავტოდაზღვევის შედარებით უმტკივნეულოდ შემოღებას, რადგან ამით მომზადდება ნიადაგი, რომ სადაზღვევო კომპანიებს შედარებით ნაკლები ზარალი მიადგეთ. თუმცა, ექსპერტთა აზრით, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და ამით სადაზღვევო კომპანიების ნაკლები ზარალიანობა, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან პირდაპირკავშირში არ არის [3]. ეს  ორი  სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტია, მაგრამ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთგვარად იხეირებს იმით, თუ გამართული მანქანები იმოძრავებენ, იმიტომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაღაც ნაწილი გაუმართავი მანქანების გამო ხდება, თუმცა ეს მიზეზი არ არის დომინანტი. ავტოდაზღვევაში უფრო მეტად გასათვალისწინებელია სხვა რისკ-ფაქტორები: სიჩქარის გადაჭარბება, მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა და ა.შ. . 

 

კვლევის მიზანია სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია ავტოდაზღვევის საკითხებზე არსებული ქართული და უცხოური ლიტერატურა, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, სამთავრობო დადგენილებები, საქართველოს სტატისტიკი სეროვნული სამსახურის მასალები. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ კომპონენტს. მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრა ავტომობილების მფლობელები. იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისი, კონკრეტულად კი სავაჭრო და გასართობი ცენტრი „თბილისი მოლი“ და სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“. აღნიშნული ობიექტების შერჩევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩამოთვლილი სავაჭრო ცენტრები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს, შესაბამისად, უფრო მოსახერხებელია ავტოსადგომებზე მომლოდინე მძღოლებთან შედარებით მშვიდ გარემოში ინტერვიუს ჩამორთმევა. კვლევაში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუ ჩატარდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. თითოეული კითხვარი შეიცავდა ღია და დახურულ კითხვას.  კვლევა მიმდინარეობდა 2014 წლის ოქტომბერი - დეკემბრის პერიოდში. ბენეფიციართა ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 30-45 წუთი.

 

შედეგები

 

250 შერჩეული პირიდან გამოკითხვაში მონაწილეობაზე დათანხმდა 240 ბენეფიციარი (96%). 10-მა პირმა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, მათგან 7 იყო მამაკაცი და 3 ქალი. გამოკითხულთაგან 154 (64%) არის მამაკაცი, ხოლო 86 (36%) ქალი. რესპოდენტთა უმეტესი ნაწილის ასაკი შეადგენდა 36-45 წლის ასაკის პირებს (43.3%).

ცხრილი N 1

რესპოდენტთა ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობა

 

გამოკითხულ რესპოდენტთაგან ავტომანქანა დაზღვეული ჰყავს მხოლოდ 35 პირს (15%), მათ შორის მამაკაცი შეადგენდა 60%-ს, ხოლო ქალი - 40%-ს. ავტომანქანა დაუზღვეველი ჰყავდა გამოკითხულთა 85%-ს, მათ შორის 65% მამაკაცია, ხოლო 35% ქალი. 

 

ცხრილი 2

გამოკითხულ რესპოდენტთაგან დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა

 

გამოკითხულ რესპოდენტთა ნეტ ნაწილს ავტომანქანა დაზღვეული ჰყავს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგში“ (37%), შემდეგ მოდის ალდაგი ბი სი აი (26%).

 

ცხრილი 3:

დაზღვეულ ავტომანქანების განაწილება სადაზღვევო კომპანიების მიხედვით

 

გამოკითხულ რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი ავტოდაზღვევაში იხდის თვეში 60 ლარს (19.5%), 50 ლარს (14%), 70 ლარს (11.5%). (იხ. ცხრილი 4)

 

 ცხრილი 4

დაზღვეული ატომანქანების განაწილება თვიური პრემიის მიხედვით

 

რესპოდენტთა 51% კმაყოფილია ავტოდაზღვევის პირობებით, აღსანიშნავია რომ სადაზღვევო პაკეტით უკმაყოფილო არავინ აღმოჩნდა.

 

ცხრილი 5

გამოკითხულთა კმაყოფილება ავტომობილის დაზღვევის პირობებით

 

რესპოდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ავტოდაზღვევა, შესაბამისი ქულით უნდა შეეფასებინათ კმაყოფილება (მაქსიმალური - 10 ქულა, მინიმალური - 1 ქულა). რესპოდენტთა უმეტესმა ნაწილმა 9 ქულით შეაფასა ავტოდაზღვევით კმაყოფილება (34%),  8 და 10 ქულით 17-17%-მა.

 

ცხრილი 6

გამოკითხულთა კმაყოფილების განაწილება შეფასების ქულების მიხედვით

 

რესპოდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ავტოდაზღვევა, ყველაზე მეტად მოსწონდათ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზარალის ანაზღაურების პირობები (11%), ევაკუატორის  უფასო მომსახურება ავტოსაგზაო  შემთხვევის დროს (11%), დაცულობა (6%), სადაზღვევო კომპანიის სანდოობა (6%), დამატებითი პაკეტები (6%), სხვადასხვა საჩუქრები, უფასო სერვისები (6%).

 

ცხრილი 

რესპოდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თუ რა მოსწონთ ავტოდაზღვევის პაკეტში

 

რესპოდენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ავტოდაზღვევა, ყველაზე მეტად არ მოსწონდათ სადაზღვევო პაკეტის ფასი (31%), ანაზღაურების წესი (20%), მხოლოდ ავტოავარიის ხარჯების ანაზღაურება (14%).

 

ცხრილი 8

რესპოდენტთა აზრი ავტოდაზღვევის პაკეტში მათთვის უარყოფით ასპექტებზე

 

ცხრილი 9

რესპოდენტების აზრი სადაზღვევო პაკეტში მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაზე 

 

რესპოდენტებმა, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომანქანა დაზღვეული, დაუზღვეველობის უმთავრეს მიზეზად მოიხსენიეს სადაზღვევო პაკეტის სიძვირე (41%), სადაზღვევო კომპანიისადმი უნდობლობა (29%).

 

ცხრილი 10

რესპოდენტთა აზრი ავტომობილის დაუზღვეველობის მიზეზებზე.

 

სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებას სრულიად არ ეთანხმება რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი (35%), ნაწილობრივ ეთანხმება 31%, ხოლო სრულიად ეთანხმება მხოლოდ 11%. 

 

ცხრილი 11

რესპოდენტთა აზრი სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების თაობაზე

 

სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის უფრო სასურველია სადაზღვევო კომპანიებს შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ვიდრე არაკონკურენტული გარემო, სადაც მომხმარებელს არ აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და იძულებულია დაეზღვიოს ერთ სადაზღვევო კომპანიაში (65%), არაკონკურენტულ სადაზღვევო ბაზარს, ანუ მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევის უფლებას ეთანხმება გამოკითხულთა 18%.

 

ცხრილი 12

რესპოდენტების აზრი ერთი თუ მრავალი სადაზღვევო კომპანიის არსებობაზე, სავალდებულო ავტოდაზღვევის შემთხვევაში

 

რესპოდენტთა აზრით, სავალდებულო ავტოდაზღვევის გადასახადი უნდა დაწესდეს ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით (37%), ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიხედვით (25%), ავტომობილის წლოვანების მიხედვით (17%).

 

ცხრილი 13

სავალდებულო ავტოდაზღვევის გადასახადის დაწესების ფორმები (შესაძლებელია რამოდენიმე ფორმის შერჩევა)

 

რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, სავალდებულო ავტოდაზღვევის ღირებულება უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5 ლარს (64.2 %), 6-დან 10 ლარს (31.7%).

 

ცხრილი 14

რესპოდენტთა აზრი სავალდებულო ავტოდაზღვევის ღირებულებაზე

 

 

დისკუსია, დასკვნები

 

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმწორის შედეგად დადგა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება იქნება. საქართველოს მთავრობის განცხადებით 2015 წლიდან საქართველოში ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. 

 

ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას მანქანა დაზღვეული არ ჰყავს (85%). დაუზღვეველობის უმთავრესი მიზეზია ფინანსური პრობლემები, სადაზღვევო პაკეტის სიძვირე. გამოკითხვიდან ჩანს, რომ დაზღვეულთა მეტი ნაწილი ავდოდაზღვევის პაკეტის შესაძენად იხდის 60 ლარს (19.5%), რაც რესპოდენტთა უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში სადაზღვევო ტარიფის დაწესებისას. სავალდებულო ავტოდაზღვევის სადაზღვევო შენატანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ქართველი მძღოლების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები (35%). სავალდებულო ავტოდაზღვევის მიმართ რესპოდენტთა ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ძნელი გასაგები, რადგან არავის მოსწონს რაიმე სახის გადასახადის გადახდა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა თუ რის მიხედვით მოხდება სავალდებულო სადაზღვევო შენატანის დაწესება. ამ მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სადაზღვევო შენატანი სიდიდე უნდა განისაზღვრებოდეს ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით (37%), ან ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიხედვით (25%). 

 

სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი არჩევანის უფლება (65%). მათთვის მიუღებელია სავალდებულო ავტოდაზღვევის ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნა და შედეგად სახელმწიფოს მხრიდან ერთი მზღვეველის მონოპოლიის ხელშეწყობა. 

 

საბოლოო ჯამში, მსგავსი ხასიათის კვლევები, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც, რადგან იგი ხელს შეუწყობს ავტოდაზღვევის სფეროში სწორი გადაწყეტილებების მიღებას. მიზანშეწონილია ავტოდაზღვევის მიმართ მძღოლების დამოკიდებულების უფრო ღრმად და შედარებით უფრო მეტი მაშტაბით კვლევის ჩატარება.

  

აბსტრაქტი

 

 

 შესავალი: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმწორის შედეგად დადგა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება იქნება. საქართველოს მთავრობის განცხადებით 2015 წლიდან საქართველოში ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. პარლამენტი უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის შემდეგაც დამტკიცდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კვლევის მიზანია სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. მეთოდოლოგია: გამოყენებულ იქნა ავტოდაზღვევის საკითხებზე არსებული ლიტერატურა, სტატისტიკური მასალები. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით გამოკითხულ იქნენ ავტომობილების მფლობელები. შედეგები: გამოკითხულ რესპოდენტთაგან (240 პირი) ავტომანქანა დაზღვეული ჰყავს მხოლოდ 15%-ს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი (19.5%) ავტოდაზღვევაში იხდის თვეში 60 ლარს. რესპოდენტთა უმრავლესობა კმაყოფილი, ან მეტნაკლებად კმაყოფილია ავტოდაზღვევის პირობებით (91%). მათთვის ყველაზე მეტად მისაღებია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზარალის ანაზღაურების პირობები (11%), ევაკუატორის  უფასო მომსახურება ავტოსაგზაო  შემთხვევის დროს (11%), დაცულობა (6%), სადაზღვევო კომპანიის სანდოობა (6%), თუმცა უარყოფით მხარედ დასახელებულ იქნა სადაზღვევო პაკეტის სიძვირე, რაც, თავის მხრივ, მიჩნეულ იქნა დაუზღვეველობის უმთავრეს მიზეზად (41%). რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი სრულიად არ ეთანხმება სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებას (35%). სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის უფრო სასურველია სადაზღვევო კომპანიებს შორის თავისუფალი არჩევანის უფლების მინიჭება. რესპოდენტთა აზრით, სავალდებულო ავტოდაზღვევის გადასახადი უნდა დაწესდეს უმთავრესად ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით (37%) ან ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიხედვით (25%), ხოლო სავალდებულო ავტოდაზღვევის ღირებულება უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5 – 10 ლარს (95.9%). დისკუსია, დასკვნა: კვლევამ აჩვენა, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ქართველი მძღოლების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები, ხოლო კერძო ავტოდაზღვევა სადაზღვევო პაკეტის სიძვირის გამო  რესპოდენტთა უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში სადაზღვევო ტარიფის დაწესებისას. სავალდებულო ავტოდაზღვევის სადაზღვევო შენატანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც გამორიცხავს სავალდებულო ავტოდაზღვევის ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ერთი მზღვეველის მონოპოლიის ხელშეწყობას.

 

Car owners’ outlook on the new “compulsory vehicle insurance” policy

 

Tengiz Verulava, Tamta Lomjaria, Teona Chakvetadze, Mariam Lastabidze, Mariam Koshadze, Nino Bekauri, Gaga Managadze, Irakli Japaridze, Ketevan Ghambarashvili

 

 

As stated by the Georgian government, from 2015 year car insurance becomes compulsory.Parliament already is working on it.The purpose of the research is to study Vehicle owners’ point of view.  240 people were interviewed. 15 % of them had their cars insured and 19.5% of this people paid 60 Gel monthly. Majority of the  respondents are satisfied or at least mostly satisfied with their insurance products (91%). This survey and analysis show that the greater part of the Georgian vehicle owners do not support the idea of the compulsory vehicle insurance (35%). The pricing should be set according to the condition of the vehicle (37%),  or on market price of the vehicle (25%). Respondents said that the price should be between 5 – 10 Gel.This fact must be taken into the consideration while setting the price for the compulsory vehicle insurance. The cost must be affordable by Georgian citizens considering the hard economic time in the country .  The customer must have a freedom to choose between companies and monopoly on vehicle insurance must be prevented by the  government.

 

ბიბლიოგრაფია:

 

  1. ავტოპარკი 2012. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.
  2. ბაირახტარი პაატა, როდის და რა პირობებით გახდება სავალდებულო ავტოდაზღვევა. ბანკები და ფინანსები. 06.05.2014 http://bfm.ge/index.php?newsid=7951#.VGpC_J8QPu0
  3. ინტერვიუ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილთან. ჟურნალი „თბილისელები“, 26.05.2014
  4. კოტორაშვილი თამარ. რას გულისხმობს სავალდებულო ავტოდაზღვევა? სააგენტო ici.ge. 09.05.2014. http://ici.ge/news/ras-gulisxmobs-savaldebulo-avtodazrveva.html
  5. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 2013 წ.
  6. ხაჩიძე ნინო,  ინტერვიუ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილთან. ჟურნალი „თბილისელები“, 26.05.2014. http://tbiliselebi.ge/?mas_id=268441412&year=2014&rubr_id=1&jurn_id=21
  7. დევი ხეჩინაშვილი. „ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში მხოლოდ გამოცდილ კომპანიებს დავუშვებთ“. საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია. 09.05.2014 
  8. ევროპა საქართველოსთვის. ინტერვიუ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილთან. 09.05. 2014. http://www.eugeorgia.info/index.php/2014-03-13-12-45-27/22-დაზღვევა

 

ციტირება: თენგიზ ვერულავა, თამთა ლომჯარია, თეონა ჩაკვეტაძე, მარიამ ლაცაბიძე, მარიამ კოშაძე, ნინო ბექაური, გაგა მანაგაძე, ირაკლი ჯაფარიძე, ქეთევან ღამბარაშვილი. სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. ჯანჯაცვის პოლიტიკა და დაზღვევა. N 1. (2015)

 

  

Read 2043 times