Thursday, 19 October 2017

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალური ინტეგრაციის პრობლემა საქართველოში

 

ნათია გელაძე, თინათინ ლიქოკელი, ნინი ტატანაშვილი, ანა ჭყოიძე - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრები

 

თენგიზ  ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

 

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 3, 2017 

 

შესავალი

საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როდესაც საუბარია შშმ პირებისათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, სხვა საკითხებთან ერთად  დღის წესრიგში დგება შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, განათლების, ინფრომირებულობის, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, თავისუფალი გადაადგილებისა და ორიენტაციის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. 

 

საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ. ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, წლიდან წლამდე იზრდება საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯია ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა სტრუქტურები, ინსტიტუტები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

დღეისათვის სულ უფრო მკვიდრდება აზრი, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ნიჭი რაღაცის კეთების, რაც მას გამოარჩევს სხვებისგან. დღეს, საბედნიეროდ, ბევრი ცდილობს შეცვალოს ადამიანთა არასწორი წარმოდგენები შშმ პირებზე, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მკვეთრად უარყოფითი შედეგები, კერძოდ, შშმ პირების სიკვდილიანობის, ფსიქოლოგიური პრობლემების ზრდა. 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აქვთ უფლება, იყვნენ დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები; საქართველოში მწვავედ დგას შემდეგი ამოცანები [1]: 

 

•იმ ოჯახებისათვის მომსახურების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უვლიან; 

•სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა; 

•ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესება; 

•იმ დამოკიდებულებისა და ქცევითი ნორმების ტრანსფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სტიგმატიზაციას. 

 

საქართველოში 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა ფიქსირდებოდა 2-9 წლამდე ასაკის ბავშვების 14%-ში, რაც დაახლოებით 40 000 ბავშვს უდრის ამ ასაკობრივ ჯგუფში [1]. ქვეყნის მთავარ პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლება - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 12 ინკლუზიური სკოლაა; სახელმწიფომ, ადგილობრივმა თემებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებაში [1].

 

კვლევის მიზანია შშმ ბავშვთა მშობლების აზრის შესწავლა მათი შვილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.

 

კვლევის ამოცანებია: 

 

•მშობლების, მეურვეების აზრით რამდენად ტოლერანტულია საზოგადოება მათი შვილების, აღსაზრდელების მიმართ.

•მშობლების, მეურვეების შეფასებით, რამდენად სრულფასოვნად ხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან.

•შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრირების შემაფერხებელი ძირითადი მიზეზების შესწავლა.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის ობიექტია „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში“ (რომელიც აერთიანებს: „დღის ცენტრს“, „სამკურნალო პედაგოგიური სკოლას“ და „ადრეული განვითარების ცენტრს“) მყოფი ბავშვების მშობლები (მეურვეები).

 

საკვლევი ინსტრუმენტია რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც იქნება რეპრეზენტატული და შშმ ბავშვების მშობლებზე განზოგადების საშუალებას მოგვცემს. კითხვარი შედგება როგორც ღია, ასევე დახურული  კითხვებისაგან, შეფასების 5 ბალიანი სკალებისაგან და დემოგრაფიული ბლოკისაგან.

 

საკვლევი მეთოდია ნახევრადსტრუქტურირებული  ინტერვიუ, რომლის საშუალებითაც შევძლებთ  რესპონდენტებზე უშუალოდ დაკვირვებას.

 

შერჩევა: ალბათური ტიპის, მარტივი შემთხვევითი შერჩევა. შერჩევა მოხდა ცენტრში მყოფი ბავშვების მშობლების (მეურვეების) დონეზე, გამოიკითხა 100 რესპოდენტი.

 

ჰიპოთეზა:

 

•შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემის მწვავედ არსებობა

•ინტეგრაციის შემაფერხებელ ფაქტორად საზოგადოების გულგრილობა და მათი განათლების დაბალი დონე

•არასაკმარისი მხარდაჭერის არსებობა სახელმწიფოს მხრიდან

 

შედეგები

 

კვლევაში მონაწილეობდა 100 რესპოდენტი. მათი უმეტესობა, 47% არის 26-35 წლამდე  ქალბატონი, 37%  35 და მეტის და მხოლოდ მათი 16% არის 18-25 წლამდე. 

 

მათი 90% არის დაოჯახებული, რაც ბავშვის სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მეტ საფუძველს გვაძლევს.  რესპოდენტთა 53% _ის თვიური შემოსავალი შეადგენს 351 და მეტს,  10%_ის შემოსავალია 50-150 ლარის ფარგლებში, რაც ძალიან დაბალია ნებისმიერი ოჯახისთვის და მითუმეტეს მაშინ როცა შშმ ბავშვს ბევრად მეტი ზრუნვა და ხელშეწყობა სჭირდება, ეს ყველაფერი კი მატერიალურ მდგომარეობაზეა უმეტესად დამოკიდებული. 83%_ის ოჯახში 4 და 4_ზე მეტი წევრია, ვფიქრობთ შშმ ბავშვის ფსიქიკაზე მრავალწევრიამი ოჯახი უფრო კარგად იმოქმედებს თუ ოჯახის თითოეული წევრი მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს შშმ ბავშვის ზრუნვასა და ურთიერთობაში. ამგვარად შშმ ბავშვი უფრო მეტად იქნება მზად სოციალური ინტეგრაციისთვის და ალბათ უფრო მეტადაც გაუადვილდება.  მშობელთა(მეურვეთა) 58% დასაქმებულია, რაც სასიამოვნო ფაქტია.  

 

ცხრილი 1:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების დემოგრაფიული მონაცემები 

 

 

თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას შშმ ბავშვების მიმართ, არამარტო ბავშვებისთვის არამედ მშობლების და ოჯახის წევრებისთვისაც. გამოკითხულთა 42% ნეიტრალურ დამოკიდებულებას გრძნობს საზოგადოების მხრიდან; 37% უფრო დადებითად აღიქვამს ვიდრე უარყოფითად; 16% სრულიად დადებით ენერგიასა და მუხტს გრძნობს გარშემომყოფთაგან და მხოლოდ 5% გრძნობს უფრო მეტად უარყოფით დამოკიდებულებას, ვიდრე დადებითს. 5% მოსახლეობისა რა საკვირველია ცოტაა, თუმცა  სასურველია ამ უარყოფითი დამოკიდებულების მინიმალიზაცია და უკეთეს შემთხვევაში აღმოფხვრა.  

ცხრილი 2: 

როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ საზოგადოებისგან თქვენი შვილის მიმართ?

 

რადგან ნეიტრალური და დადებითი დამოკიდებულებები ჭარბობს უარყოფითს, რესპოდენტთა 47% მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება დადებითად იმოქმედებს მათ შვილებზე. 26%-ს უჭირს პასუხის გაცემა, 16%-ის აზრით სულაც არ მოქმედებს ეს ბავშვზე, ხოლო 10% კი უარყოფითად აფასებს ამ დამოკიდებულებას.   

 

ცხრილი 3: 

როგორ მოქმედებს ეს დამოკიდებულება თქვენს შვილზე?

 

 

საინტერესოა, თუ რამდენად აწყდებიან ჩვენი რესპოდენტები სირთულეებს საზოგადოების სპეციფიური დამოკიდებულების გამო. მათი უმეტესობა, 58%, აწყდება ამ სირთულეებს,  სირთულეები ასოცირდება უარყოფით დამოკიდებულებასთან, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება საზოგადოების განსხვავებულმა და აქცენტირებულმა დამოკიდებულებამაც  გამოიწვიოს სირთულეები, მიუხედავად მისი თუნდაც დადებითი მიზანისა. 

 

ცხრილი 4: 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების გამოკითხვის შედეგები 

 

საინტერესოა ამ საკითხში სახელმწიფოს როლი და ჩართულობა. რესპოდენტთა 42% ვერ ხედავს სახელმწიფოს ზრუნვას ამ საკითხისადმი. ამ კითხვაზე პასუხების არიდების მიუხედავად  გამოკითხულთა 95% ფიქრობს, რომ არსებული სახელმწიფო პროგრამების მიუხედავად, აუცილებლად, კიდევ მოიმოქმედებდა რაიმეს რათა დახმარებოდა შშმ ბავშვებს. და მხოლოდ 5% იკავებს ამჯერად თავს პასუხისგან.     ჩვენს დროში და საზოგადოებაში დღემდე არსებობს უამრავი სტიგმატიზირებული თემა თუ შეხედულება, რაც იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას. კითხვაზე ჰქონია თუ არა ადგილი საზოგადოების მხრიდან, რაიმე უსიამოვნო ინციდენტს მათი შვილების მიმართებით, რესპოდენტთა 6% არ გვიპასუხა, ხოლო დანარჩენთა პასუხები გაიყო ორ ურთიერთსაპირისპირო აზრად. მათ ნახევარს ჰქონია, გადახდენია თავს უსიამოვნო ინციდენტი, ხოლო ნახევარს არა.  

 

ერთ-ერთ უმთავრესი და ჩვენი თემის ამომავალი საკითხია ინტეგრირების პროცესი. მშობელთა (მეურვეთა) 53% თვლის, რომ შშმ პირების ინტეგრირების პროცესი საზოგადოებაში მიმდინარეობს  უფრო ცუდად ვიდრე კარგად; 26 % ნეიტრალურია ამ საკითხისადმი;  16 % უფრო დადებითად აფასებს ვიდრე უარყოფითად; 5% მიიჩნევს რომ პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად და საბედნიეროდ არც ერთი რესპოდენტი საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრირების  პროცესს არ აფასებს რადიკალურად ცუდად. 

 

ცხრილი 5: 

თქვენი აზრით შშმ პირების ინტეგრირების პროცესი საზოგადოებაში როგორ მიმდინარეობს?

 

 

შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების შემაფერხებელ ფაქტორებად რესპოდენტებმა დაასახელეს საზოგადოების გულგრილობა ამ ბავშვების მიმართ, მათი რეალური შესაძლებლობის  შესახებ არასაკმარისად ინფორმირებულობა, შშმ ბავშებთან სიახლოვისგან თავის არიდება და მათგან იზოლირებულად ცხოვრების მცდელობა, შშმ ბავშვები ვერ გრძნობენ საზოგადოების მხარდაჭერას, სითბოს და  ზრუნვას, რაც მათ ბევრ რამეში დაეხმარებოდათ და გაუადვილებდათ ცხოვრებას, ისინი საზოგადოებისგან ზიზღს ან სიბრალულს გრძნობენ, რაც უფრო მეტად ამძიმებს არსებულ სურათს. ასევე დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დახმარების გაწევა. რამდენიმე მშობლის განცხადებით, მათ არ გააჩნიათ ბავშვების მკურნალობისათვის საჭირო სახსრები. 

 

რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, საზოგადოების დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია ბავშვის ფსიქიკასთან და შესაბამის გავლენას ახდენს მასზე. ზოგის აზრით, შშმ ბავშვები მძაფრად აღიქვამენ, როგორც გადაჭარბებულ დადებით, ასევე გადაჭარბებულ უარყოფით დამოკიდებულებას. მშობელთა აზრით, ასეთი დამოკიდებულება ერთნაირად მოქმედებს როგორც ბავშვზე, ისევე მშობელზე. 

 

ჩვენი ჰიპოთეზებიც გამართლდა და მივიგეთ შედეგი, რომ ჩვენ საზოგადოება პირდაპირ კავშირში ვართ შშმ ბავშვების ცხოვრებასთან, მათ ნაწილს შევადგენთ, ჩვენ შეგვიძლია მათ ცხოვრებას მივცეთ სიფერადე, და ვირწმუნოთ, რომ შეძღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ისინიც ჩვენნაირები არიან. 

 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამივე ჰიპოთეზა გამართლდა სადაც ვვარაუდობდით, რომ არსებობს შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა, რასაც ხელს უწყობს საზოგადოების არასაკმარისი განათლება და სახელმწიფოსგან არასაკმარისი მხარდაჭერა. 

 

რეკომენდაციები

 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია:

•შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უზრუნველყოფა საგანმანათლებლო, პროფესიული საქმიანობისათვის მოსამზადებელი სერვისებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას. 

•არსებული პროგრამები მეტად უნდა იყოს ორიენტირებული შშმ ბავშვთა ცხოვრების დონის ზრდაზე და არამხოლოდ უზრუნველყოს შშმ ბავშვთა მოვლის ან რეაბილიტაციის ცალკეული, ერთეული კომპონენტები.

•არსებული პროგრამების მონიტორინგის განხორციელება შშმ ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით. 

•შშმ ბავშვების საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფა და მათი მეშვეობით სოციალური ფუნქციონირების ხარისხის გაზრდა.

•შშმ ბავშვთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყნის სოციალური პოლიტიკის  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კვლევის მიზანია შშმ ბავშვთა მშობლების აზრის შესწავლა მათი შვილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით განხორციელდა შშმ ბავშვების მშობლების გამოკითხვა. შედეგები, დისკუსია: არსებობს შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა, რასაც ხელს უწყობს საზოგადოების არასაკმარისი განათლება და სახელმწიფოსგან არასაკმარისი მხარდაჭერა. რეკომენდაციები: შშმ ბავშვთა უზრუნველყოფა საგანმანათლებლო, პროფესიული საქმიანობისათვის მოსამზადებელი სერვისებით, მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

Social integration of disabled children in Georgia

 

Natia Geladze, Tina Likokeli, Nini Tatanashvili, Anna Chkoidze  - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelors of Sociology.

 

Tengiz Verulava - Doctor of Medical Sciences, Professor

 

Abstract

 

Preface: The social integration and social conditions’ improvement of the disabled children is one of the biggest challenges of the country’s social policy. The purpose of research is to study the opinion of disabled children’s parents regarding public attitude towards their children. Methodology:  Within the frameworks of quantitative research disabled children’s parents have been interviewed by using semi-structured questionnaire. Results, discussions: The problem of disabled children’s social integration exists which is promoted by insufficient public education and a lack of support from the state. Recommendations:  Providing disabled children with the services to prepare them for educational, professional activities, and increasing public awareness about them.

 

ბიბლიოგრაფია

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ვებ გვერდი.

http://unicef.ge/10/შეზღუდული-შესაძლებლობების-მქონე-ბავშვები/9 [წვდომა 28.12.2016]

 

ციტირება:

 

ნათია გელაძე, თინათინ ლიქოკელი, ნინი ტატანაშვილი, ანა ჭყოიძე, თენგიზ  ვერულავა (2017). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალური ინტეგრაციის პრობლემა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა N 3. 

 

Read 973 times