Thursday, 19 October 2017

 

ქალთა კვლევა ქორწინებასა და მასზე მოქმედ სტრეს-ფაქტორებზე

 

ირინე მელქაძე, მარიამ ვარამაშვილი, ქეთი მახარაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ანი მამულია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებეთა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრები

 

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 3, 2017

 

შესავალი

 

სამართალში ქორწინება განიხილება, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის დადებული ხელშეკრულება და ამგვარად, ქორწინება მკაცრად განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობად ითვლება.  არაერთი ექსპერტის მოსაზრებით ქორწინება ადამიანის ემოციურ განწყობაზე დადებითად აისახება, რაც ასევე პოზიტიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგძლივობაზე. თუმცა, გარდა დადებითი მხარეებისა, არსებობს ქორწინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემები. იგი შეიძლება აღმოჩნდეს ხანგძლივი სტრესის წყარო. დეპრესია არის ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევა. მისი მიზეზი შესაძლოა, იყოს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ინტერპერსონალური ურთიერთობები. ინტერპერსონალური ურთიერთობები გულისხმობს ადამიანთა შორის ურთიერთობებს; ემოციებსა და რეაქციებს, რომლებსაც გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ.  ინტერპერსონალური შემთხვევებიდან, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიას, ყველაზე დიდი წონისა და მნიშვნელობის არის ოჯახი. მეუღლეების შემთხვევაში, ერთ-ერთი მეუღლის კეთილდღეობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მეორის მდგომარეობასა და, ზოგადად, მათს ქორწინებაზე. აქვე  არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ ქორწინების ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაზაზე, როგორიცაა ორსულობა, მაგალითად, ქალებისთვის ქორწინებასთან დაკავშირებული დეპრესია მჭიდრო კავშირშია პირველ ორსულობასთან და მშობიარობასთან. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ მამაკაცს, ისევე როგორც ქალს დამატებითი პასუხისმგებლობები და მოვალეობები უჩნდება, რაც ასევე ერთგვარ სტრესთან არის დაკავშირებული.  გამომდინარე აქედან, საინტერესოა  რა მდგომარეობაა ქართველ ახალგაზრდებში. არის თუ არა მათთვის ქორწინება დაკავშირებული სტრესთან, დეპრესიასთან.

 

ჩვენი კვლევის მიზანია, გავიგოთ, თუ რამდენად არის დაკავშირებული ქორწინება სტრესთან, დეპრესიასთან. მიზნის შესაბამისად დასმულია შემდეგი ამოცანები:

 

•ქორწინებაზე მოქმედი ძირითადი სტრესორების შესწავლა;

•სტრესის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შესწავლა;

•სტრესის დაძლების გზების შესწავლა.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ათი რესპონდენტი და ორი ექსპერტი. კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით, კვლევის დროს გამოყენებული იყო ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი, რამაც საშუალება მოგვცა საინტერესო თემები სიღრმისეულად შეგვესწავლა.

 

ლიტერატურის მომიხილვა

 

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირია. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა [1]. სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური (ზოგადი) რეაქციაა მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებელზე [2]. სტრესორები სოციალური ფაქტორები ან სოციალური ძალებია, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესს [2]. ერთი და იგივე სტრესული გარემოებები ყველა ადამიანში იგივე სტრესულ შედეგებს არ განაპირობებენ. არსებობენ სხვა ფაქტორები, რომლებიც ცვლიან სტრესორი - სტრესის ურთიერთობას. ამ დამატებით ფაქტორებს უწოდებენ სტრესის მედიატორებს (შუამავლები). კვლევები ადასტურებენ, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ან შეცვალონ სტრესორების ეფექტი [2].

 

ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარდა, გამოყვეს ადამიანთა სამი ჯგუფი: ადამიანები, რომლებმაც ახლახანს შექმნეს ოჯახი; ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან ქორწინებაში და ისინი ვინც იმყოფებოდა ქოწინებაში. ეს უკანასკნელი ჯგუფი გაიყო ორ ქვეჯგუფად: განქორწინებულები და ქვრივები. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის რესპონდეტები თითქმის თავისუფლები იყვნენ დეპრესიისგან, მესამე ჯგუფი მიდრეკილია და ტვირთად აწევს დეპრესია, ხოლო მეორე ჯგუფი იმყოფება ამ უკიდურესობებს შორის.

 

შედეგები

 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხვა ორი ექსპერტი: ემა კანკია, სპეციალისტი გენდერის და კონფლიქტოლოგიის საკითხებში და ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგ-თერაპევტი.

 

ორივე ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ქორწინებას, აუცილებლად, თან ახლავს სტრესი, რომელიც შეიძლება იყოს ან დადებითი ან უარყოფითი. ეს კი დამოკიდებულია სიტუაციასა და უშუალოდ პიროვნებაზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქორწინებას თან ახლავს სტრესი, ქართველი წყვილები ერთმანეთს საკმარისად არ იცონობენ, რაც განსხვავდება ევროპული პრაქტიკისგან. გამოიყო რამდენიმე ფაქტორი რის გამოც წყვილები მიმართავენ შესაბამის ექიმ სპეციალისტებს, ესენია:

 

•ორსულობა;

•მშობიარობა;

•მშობიარობისშემდგომი პერიოდი;

•მამაკაცების დაბალი სექსუალური  აქტივობა;

•კრიზისული პერიოდები ურთიერთობაში.

 

ექსპერტთა ნაწილი ოჯახში სტრესორებს კულტურული თვალსაზრისით განიხილავს. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით ხდება ქალისთვის დიასახლისისა და ბავშვის აღმზრდელის, ხოლო მამაკაცსითვის - ოჯახში შემოსავლების შემომტანის სტატუსის მიკერება. ეს კი მათთვის ცხოვრების სტილის ცვლილებებთან არის კავშირში, რაც ერთგავარ სტრესორად ითვლება. ამგვარად, ქალისა და მამაკაცის შემთვეევაში სიტუაციის შესაბამისად სტრესორები სხვადასხვანაირია. აღნიშნულისგან განსხვავებით, მეორე ექსპერტის აზრით, ქალებისა და მამაკაცების სტრესორებს შორის დიდი განსხვავება არ არის, "რადგან ხშირად, ქალებს და მამაკაცებს მხოლოდ ეჩვენებათ რომ სხვადასხვა ჯიშის სახეობები არიან, მაგრამ ასე არ არის. ადამიანები, ჩვენი განცდები ძალიან მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ უმეტესად ქალები უფრო ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. კაცებს თითქოს ეუკადრისებათ ლაპარაკი და შედარებით იშვიათია მათგან წამოწყებული საუბარი და დახმარების თხოვნა."

 

ქორწინების სასურველ ასაკთან დაკავშირებით ექსეპერტთა აზრი ორად გაიყო. პირველის აზრით, ქორწინების მიმართ მზაობას არ განსაზღვრავს ბიოლოგიური ასაკი. იგი უფრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პიროვნების განვითარებაზე, მზაობასა და შინაგან რესურსებზე. მეორე ექსპერტის აზრით, ქორწინების ოპტიმალური ასაკი ქალისთვის არის 22-23 წელი, ხოლო ვაჟისთვის - 24-26 წელი, რადგან ისინი ამ ასაკში არიან მზად არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად არამედ მორალურადაც.

 

ორივე ექსპერტის აზრით, უმჯობესია, როცა წყვილი ცხოვრობს ცალკე, რადგან ისინი  სწავლობენ პრობლემის ერთად გადაჭრას, უფრო ძილერდებიან, ხდებიან დამოუკიდებლები და ოჯახის სისტემა უფრო მდგრადია.

 

ექპერტები აღნიშნავენ, რომ ოჯახში მეუღლის გარდა სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრება სტრესის განმაპირობებელია, რადგან ამ დროს უფრო მეტად არის ხოლმე სხვისი ზეგავლენების მნიშვნელობის წარმოჩენა მათ ურთიერთობაზე.

 

 "უფროსების თანდასწრება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში ძალიან ცვლის რაღაცეებს. თუნდაც ხალასი გაბრაზება, რაც წყვილს შეიძლება გაერკვიათ ერთმანეთთან, სწრაფად განემუხტა, აღმოჩნდება ხოლმე ჩახშული, რადგან არ გაიგოს გვერდით ოთახში უფროსმა ადამიანმა ან პირიქით, არ არის შეკავებული და შემდეგ ხდება კონფლიქტი, რატომ მომაყენე შეურაცხყოფა დედაშენის წინ, მამაშენის წინ." (ექსპერტი,, ნათია ფანჯიკიძე)

 

ექსპერტთა აზრით, სტრესისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა ერთმანეთს შორის ურთიერთგაგების და ნდობის მიღწევა. ამაში დიდი როლი ეკისრება ექიმ-ფსიქოლოგებს. ერთ-ერთი ექსპერტის მიხედვით, ასევე მნიშვნელოვანია სასულიერო პირის ჩართულობა ადამიანის ცხოვრებაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქართულ რეალობაში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ სასულიერო პირს აქვს შეთვისებული ფსიქოლოგ-თერაპევტის როლი. სტრესისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა შვილი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი. თუმცა, ერთ-ერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ, სწორედ შვილს შეუძლია გამოიწვიოს წყვილს შორის გაუცხოება, რადგანაც "ძალიან ხშირად კაცები თავს მიტოვებულად გრძნობენ თავს, როდესაც პატარა ჩნდება, ზრუნვის ობიექტი ჩნდება" ( ექსპერტი, ემა კამკია)

 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 20 დან 38 წლამდე ქორწინებაში მყოფი 10 მდედრობითი სქესის რესპონდენტი. გაცნობითი ხასიათის კითხვების შემდეგ რესპონდენტებმა ისაუბრეს ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკზე. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ქორწინებისთვის მზაობა განისაზღვრება არა ბიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური ასაკით. თუმცა, ზოგიერთმა რესპონდენტმა მაინც ახსენა კონკრეტული ასაკი, რომელიც მერყეობდა 23-დან 28 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ქალებისა და მამაკაცებისათვის რესპონდენტები ასახელებდნენ ქორწინებისთვის მისაღებ განსხვავებულ ასაკს. ქალებისთვის ოპტიმალური ასაკი უფრო ნაკლებს შეადგენდა, ვიდრე მამაკაცებისთვის.

 

რესპონდენტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ქორწინების ასაკი პირდაპირ კავშირშია სტრესის განვითარებასთან. მათი აზრით, ქალთა დაოჯახების ოპტიმალური ასაკია 23-25 წელი, რაც დაკავშირებულია მათ რეპროდუქციულ ფუნქციასთან. ყველა რესპონდენტი ერთხმად აცხადებს, რომ ქორწინების თანმხლები მოვლენები უპირობოდ ახდენენ გავლენას სტრესის წარმოქმნაზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველ სტრესულ ფაქტორად ისინი განიხილავენ ისეთ ახალ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, როგორებიც არიან მეუღლის მშობლები და მათი ნათესავები. ასევე, ზოგიერთი მათგანისთვის სტრესულ ფაქტორს წარმოადგენდა ახალ ადამიანებთან თანაცხოვრების დაწყება და ის მოვალეობები, ემოციურ დაძებულობა და პასუხისმგებლობები რაც თან ახლავს ქორწინებას. ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, თვითონ ქორწილი, როგორც ცერემონია, სტრესული აღმოჩნდა მისთვის.  

 

“ქორწილიც კი სტრესულია, ქორწილიც კი არა, ქორწილია ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მემგონი რაც მახსენდება. ყველაფრის დაგეგმვა ძალიან რთულია და მითუმეტეს ამის ისე გაკეთება, რომ არავის აწყენინო, არცერთ მხარეს. რა სასაცილოა არა? ქორწილი შენია და უნდა იფიქრო იმაზე არ ეწყინოს რამე დედას მამას, შენსას, სხვისას (იცინის). მოკლედ ქორწინებაში ერთ ერთი პირველი სტრესი არის სწორედ ქორწილი.” (ნანა, 28 წლის).

 

ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რესპონდენტების სრული უმრავლესობა აღნიშნავს სტრესის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობად ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახთან ერთად ცხოვრებას. ანუ მათი აზრით, მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ წყვილს ჰქონდეს ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა. თუმცა, საქართველოში ხშირ შემთხვევებში, შეუძლებელია, რომ საერთოდაც ცალკე დასახლდეს წყვილი. ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახთან ერთად ცხოვრებას დამატებითი სტრესორია, რადგან რაც არ უნდა მსგავსი კულტურული და სოციალური ჯგუფების ოჯახები შეუღლდნენ, მაინც არის ინდივიდუალური, პერსონალური განსხვავებები. თანაცხოვრება მოითხოვს ძალიან დიდ კულტურას, განსაკუთრებით კი დიდ ოჯახში.  2013 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ოჯახების უმეტესობა (63%) ცალკე ცხოვრობს, (28%) კაცის მშობლებთან ან ნათესავებთან, ( 9%) კი ქალის მშობლებთან ან ნათესავებთან ერთად [4]. 

 

რაც შეეხება სტრესის განსხვავებულ სახეობებს ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, რესპონდენტების უმეტესობა, კონკრეტულად არ/ვერ გამოყოფენ მათ, მაგრამ საუბრისას მაინც გამოიკვეთა, რომ ქალისთვის უფრო მეტად სტრესული ქორწინებაში შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდი და თვითონ მშობიარობა, ხოლო მამაკაცისთვის კი იმის აღმოჩენა, რომ ოჯახის გაძღოლა ფინანსურად საკმაოდ რთულია და ამას მარტო ვერ ახერხებს ის. მამაკაცისთვის ფინანსური სიძლიერის მოთხოვნა შეიძლება ავხსნათ საქართველოში პატრიარქალური საზოგადოების არსებობით, რაც გულისხმობს მამაკაცების დომინანტ ფუნქციას ფინანსურ საკითხებთან მიმართებით. ამ მოსაზრების გასამყარებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამონარიდი ზემოთხსენებული  კვლევიდან “საზოგადოებრივი დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში”, სადაც საუბარია ქართული საზოგადოების მასკულინურ, პატრიარქატულ წყობაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კაცები მეტად ამართლებენ საზოგადოებაში მამაკაცის დომინანტურ პოზიციას, ვიდრე ქალები, ქალებმა კი იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია და რომ ბევრი რამის დათმობა უწევთ, ამან, თავის მხრივ, შეუძლებელია არ გამოიწვიოს სტრესი და უაყოფითი ემოციები. 

 

რესპონდენტების შემთხვევაში განსხვავებული იყო სტრესის გამოვლინება. მაგალითად ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს, რომ ის ძალიან ღელავდა თავის მომავალი ორსულობის შესახებ, რაზეც ფიქრი მისთვის იყო სტრესული, ამან კი გამოიწვია ძილის დარღვევა. სტრესული მდგომარეობის ფონზე განვითარდა უძილობა და შფოთური მდგომარეობის მომატება,  რამაც დაარღვია მისი ყოველდღიურობა.

 

რაც შეეხება სტრესთან ბრძოლის გზებს, გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს მეუღლის მნიშვნელოვან როლს დაძაბულობის დაძლევაში. ასევე ისინი აღნიშნავენ რაოდენ დიდ როლს ასრულებს სტრესის გადალახვაში სოციალური კავშირები, მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახისა და მშობლების ჩართულობა და მხარდაჭერა.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ მსგავს საკითხებზე ამბობენ, რომ მათი პაციენტების დიდი ნაწილი სტრესის დაძლევაში უდიდეს ყურადღებას ანიჭებს შვილს, მაგრამ მათი მოსაზრებით შვილმა შეიძლება მხოლოდ რაციონალური თვალსაზრისით გადაარჩინოს ოჯახი, როგორც სისტემა, მაგრამ რეალურად დაძაბულობა არ აღმოიფხვრას. 

 

რესპონდენტებმა ხაზი გაუსვეს ქორწინების შემდეგ საკუთარი პიროვნული ცვლილებების განცდაზე. მათ შორის გამოარჩევდნენ ისეთ თვისებებს, როგორიც არის პასუხისმგებლობის განაწილება და მისი ამაღლება საკუთარი თავის და მეუღლეების წინაშე. ქორწინება ასევე გულისხმობს ვალდებულებების გაორმაგებას ახალი ოჯახის მიმართ. ვალდებულებების გაორმაგებასა და პასუხისმგებლობის გრძნობასთან არის დაკავშირებული ასევე მოთმენის, დათმობისა და კომპრომისზე წასვლის უნარი, საჭიროების შემთხვევაში. რესპონდენტთა ნაწილი თუ ქორწინებამდე ცხოვრობდა უკომპრომისოდ და დამოუკიდებლად, ქორწინებამ მათ ცხოვრებაში შემოიტანა რიგი საკითხების დათმობის საჭიროება.  

 

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგები მოგვცა. დასაწყისში ჩამოყალიბებულ ამოცანებზე ამომწურავი პასუხები მივიღეთ. როგორც აღმოჩნდა, ქართული რეალობისთვის დამახასიათებელია წყვილებს შორის არასაკმარისი ურთიერთობისა და ცნობის საფუძველზე ოჯახის შექმნა, რაც შემდგომში სტრესული მდგომარეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. ასევე ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ახალ მოვალეობებთან, პასუხისმგებლობებთან.  რაც შეეხება, ძირითად სტრესორებს, რომლებიც იწვევს დაძაბულობას ქორწინებაში მყოფი წყვილებისათვის, პირველ რიგში, ეს არის მათი ცხოვრება გაფართოვებული ოჯახური სტილით, ანუ ცხოვრება რომელიმე მეუღლის ოჯახის წევრებთან ერთად. სტრესისგან თავის დაღწევის საშუალებებად ისინი ერთხმად მიიჩნევენ კომპრომისზე წასვლის უნარს, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას და ურთერთგაგებას, რაც პირდაპირ კავშრშია ქორწინების შენარჩუნებასთან.

 

რეკომენდაციები

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქორწინების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რომელშიც ჩართული იქნება როგორც მედია საშუალებები, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლა, უნივერსიტეტი) ასევე ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგები, თერაპევტები).

 

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ქორწინება და მისი თანმდევი სტრესი საკმაოდ აქტუალური საკითხია, რაც სიღრმისეულ და მრავალმხრივ გამოკვლევას საჭიროებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართველი მკვლევრები ამ თემაზე მნიშვნელოვან ყურადღებას არ ამახვილებენ. ჩვენი, როგორც დამწყები მკვლევრების რჩევა და სურვილი იქნებოდა, რომ თემა დაიყოს კატეგორიებად ასაკთან მიმართებით (ცალ-ცალე კვლევა დაეთმოს ახალგაზრდა და ხანშიშესულ წყვილებს), რაც ,თავის მხრივ, უფრო გაზრდის კვლევის მასშტაბებს.

  

აბსტრაქტი

 

შესავალი: დღევანდელ მსოფლიოში, უამრავ სტრესულ მოვლენას შორის, ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქორწინებას თან სდევს სტრესული ფაქტორები, ან სულაც თავად ქორწინება ხდება სტრესის გამომწვევი მიზეზი. სწორედ ეს არის  კვლევის მიზანი, გავითოთ რამდენად არის დაკავშირებული ქორწინება სტრესთან. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში, გამოვკითხეთ, როგორც ექსპერტები, ასევე 10 მდედრობითი სქესის დაოჯახებული რესპონდენტი. შედეგები: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქორწინება პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ქორწინების ყველაზე გავრცელებული სტრესორი არის გაფართოებული ოჯახური სტილით თანაცხოვრება, ასევე წყვილებს შორის დამატებითი მოვალეობა-ვალდებულებების გაჩენა. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაძლიერება. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევების რაოდენობისა და მასშტაბის ზრდა.

 

 Women’s research in marriage and its current stress-factors

 

Irine Melkadze, Mariam Varamashvili, Qeti Makharashvili, Giorgi Chkhaidze, Ani Mamulia - Ivane Javakhishvili  Tbilisi State Univesity, Faculty of Social an Political Sciencies, Bachelors of Sociology.

 

Tengiz Verulava - Doctor of Medical Science. Professor.

 

Introduction: In today’s world, between of many stress-factors marriage is the one of the important. In many cases  marriage is accompanied by stress or the marriage becomes itself the reason of causing stress. The aim of our research is to find out how much marriage is connected with stress. Methodology:  Within the frameworks of qualitative research  experts and ten marriage female respondents have been interviewed by using depth interview. Results: As a result of research detected that marriage is directly connected with stress. The most spread stress is living as an extended family style. As well, the obligations and duties which accompanies in couples life. Conclusion and recommendations: It’s expediences  to increase public awareness and their participation about mentioned  topic. It’s recommended to increase the number and the scale in such studies.

 

ბიბლიოგრაფია

 

  • საქართველოს კონსტიტუცია: გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005)
  • ვერულავა თენგიზ (2016). ჯანდაცვის პოლიტიკა. თბილისი. 2016.
  • ვერულავა თენგიზ (2016). ჯანდაცვის სოციოლოგია. სალექციო მასალები. თბილისი. 2016.
  • "Marital Status, Life Strains, and Depression" - Pearlin, Leonard I. and Joyce C. Johnson. American Sociological Review 42:704-15. 1977.
  • “საზოგადოებრივი დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში” - ACT. 2013.

 

ციტირება:

 

ირინე მელქაძე, მარიამ ვარამაშვილი, ქეთი მახარაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ანი მამულია, თენგიზ ვერულავა. ქალთა კვლევა ქორწინებასა და მასზე მოქმედ სტრეს-ფაქტორებზე. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა N 3, 2017.

 

Read 858 times