Saturday, 16 December 2017

"მეცნიერება და გულმოწყალება" პაბლო პიკასო, 1897 წ.

 

 

მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულება ევთანაზიის  მიმართ

 

მარიამ მამულაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებეთა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრი

 

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 3, 2017

 

შესავალი

 

ევთანაზია გულისხმობს ქმედებას, რომელიც ნებას აძლევს ადამიანს უმტკივნეულოდ მოკვდეს, რათა გათავისუფლდეს ტანჯვისგან. უმეტეს ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მიუხედავად მისი თანხმობისა, დანაშაულად არის მიჩნეული.

 

ევთანაზია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (“ეუ”-კარგი, “ტჰა’ნატოს”-სიკვდილი) და “მშვიდ, ბედნიერ და უშფოთველ” სიკვიდლს ნიშნავს. ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინებაა, რაც მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა პირების მიერ სხვადასხვა ქმედებებით (მაგ: ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროდან და ა.შ.) ან უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა).

 

ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. მსოფლიოში ევთანაზიასთან მიმართებით არსებობს სამი მიდგომა: პირელი მიდგომა მოქმედებს ქვეყნებში, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი); მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებენ (გერმანია, ავსტრია); მესამე ჯგუფის ქვეყნებში მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები). 

 

ევთანაზიასთან მიმართებით, ერთ მხრივ, არსებობს პიროვნების თავისუფლება, ავტონომია, პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება, წამების აკრძალვა, ხოლო მეორე მხრივ კი - სოცოცხლის უფლება, რომელიც მიჩნეულია ადამიანის სხვა უფლებების უზრუნველყოფის წინაპირობად.

 

შვეიცარია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სახელმწიფოთაგანს, სადაც ევთანაზია კანონიერ ქმედებას წარმოადგენს და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული მიზეზის გამო, შვეიცარიაში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ევთანაზიის განხორციელების მსურველები, რამაც საკმაოდ გაზარდა იმ კერძო კლინიკების ფინანსური შემოსავალი, რომლებიც ევთანაზიას ახორციელებენ. შედეგად, ევთანაზიის განხორციელება შვეიცარიაში გარკვეილ ბიზნესად იქცა. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გამოვიდა ევთანაზიის მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით. ცვლილებები მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ევთანაზიის მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესად გარდაქმნა და იმის უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის. შვეიცარიის მთავრობის აზრით, მსგავსი შეზღუდვების დაწესება მათ თავიდან ააცილებს პრაქტიკის ბოროტად გამოყენებას და ასევე შეამცირებს ”თვითმკვლელი ტურისტების” რიცხვს ქვეყანაში.

 

საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია დასჯადი ქმედებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად,  „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“ 

 

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მომაკვდავი პაციენტის დაჟინებული თხოვნითა და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, პირის მიერ პაციენტის მკვლელობაში. მკვლელობის მიზანი კი, ამ შემთხვევაში არის პაციენტის ძლიერი ტკივილებისაგან გათავისუფლება. მოტივი  აღნიშნული დანაშაულისა არის სიბრალულის გრძნობა, რომელიც დამნაშავეს აქვს მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება მსხვერპლის თხოვნით მკვლელობის მომენტიდან. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. ანუ,  ამ შემთხვევაში, პირს შეგნებული აქვს, რომ ჩადის მკვლელობას, თუმცა, ეს ნაკარნახევია მომაკვდავი პაციენტის დაჟინებული თხოვნით და, აღნიშნული ქმდების მიზანია ავადმყოფის გათავისუფლება ძლიერი ფიზიკური ტკივილებისგან. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც დანაშაულის საერთო სუბიექტი, ასევე, სპეციალური სუბიექტი, მაგალითად, მკურნალი ექიმი. 

 

საქართველოს პარლამენტმა 2000 წლის 5 მაისს, მიიღო კანონი „პაციენტის უფლების შესახებ“. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“  ანუ, ამ კანონის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, ექიმს აქვს უფლება, პაციენტის ნამდვილი ნების შესაბამისად, გამოურთოს მას სასუნთქი აპარატი, შეუწყვიტოს უშედეგო მკურნალობა და განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება, რომელიც საბოლოოდ, პაციენტის სიკვდილს გამოიწვევს. 

 

აღნიშნული ნორმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სისხლის სამართლის კოდექსი იმპერატიულად სჯის მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით და მნიშვნელობას არ ანიჭებს  იმ გარემოებებს, რა გარემოებების არსებობის დროსაც ხდება მკვლელობა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმა კი, ცალკეული პირობების არსებობის შემთხვევაში, უშვებს მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით. ანუ, სახეზეა ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, „თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.“ ვინაიდან, ჩვენს შემთხვევაში, უფრო გვიან არის მიღებული „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონი, იმოქმედებს ეს უკანასკნელი.  იგი შეიძლება გავრცელდეს:

 

•მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე;

•პირზე, რომელიც დაავადებულია განუკურნებელი სენით;

•პირზე, რომელსაც ისეთი დაავადება სჭირს, რომელიც გამოიწვევს მის ინვალიდობას.

 

დაცული უნდა იყოს ნების გამოვლენის ფორმა და განსაზღვრული უნდა იყოს ნების განმახორციელებელი პირები, კერძოდ:

 

•პირმა ნება საღ გონებაზე ყოფნის დროს უნდა გამოხატოს.

•ნების აღმსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური სუბიექტი – ექიმი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უშვებენ აქტიურ ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან და არღვევენ კონვენციის მე-2 მუხლს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააფიქსირა, რომ აქტიური ევთანაზიის ლეგალიზების საკითხი განეკუთვნება წევრ სახელმწიფოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამით სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, რათა თავიდან აეცილებინა ურთიერთდაპირისპირება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრინციპებს შორის.

 

საკვლევი პრობლემაა მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებების შესწავლა ევთანაზიის  მიმართ.

 

კვლევის მიზანია ევთანაზიის მიმართ მართლმადიდებელი მრევლის და სასულიერო პირების დამოკიდებულებების შესწავლა.

 

კვლევის ამოცანებია:

•რესპონდენტთა ინფორმირებულობის გაგება, კერძოდ, რა ინფორმაციას ფლობენ ევთანაზიის შესახებ (სოციალურ-კულტურულ, საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროს კუთხით)?

•სმენიათ თუ არა ევთანაზიის შემთხვევების შესახებ ქვეყნის შიგნით?

•რა დამოკიდებულებები აქვთ მათ ევთანაზიის მიმართ და როგორ განიხილავენ ისინი ევთანაზიის პრაქტიკებს რელიგიურ ჭრილში?

•რა არის მათთვის საუკეთესო გამოსავალი, რჩევები (პაციენტს, ექიმებს, ოჯახის წევრებს, საზოგადოებას)?

 

მეთოდოლოგია

 

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვა ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით, როგორც პირისპირი ინტერვიუთი, ასევე, ონლაინ-კითხვარის დახმარებით. ვფიქრობთ, ეს მეთოდი მოგვცემს საშუალებას მოკლე დროში გამოვიკითხოთ ჩვენთვის სასურველი რესპონდენტები. კვლევის  ფარგლებში  გამოყენებულ იქნა  მიზნობრივი  შერჩევა.

 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექსპერტთა, კერძოდ, მართმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების გამოკითხვა. ექსპერტთა  გამოკითხვის  დროს გამოვიყენეთ  თოვლის  გუნდის  მეთოდი. რესპონდენტები  შეირჩევიან   რეკომენდაციის საფუძველზე.

 

კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვის მიზნით, კითხვარში მითითებულია კვლევის მიზანი (ვინ ატარებს, რატომ ტარდება). რესპონდენტები გაეცნენ თავიანთ უფლებებს (მათ შეუძლიათ სურვილისამებრ შეწყვიტონ კითხვარის შევსება), გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, კითხვები შედგენილ იყო მარტივ და გასაგებ ენაზე, დაცულია მონაცემების კონფიდენციალურობის პრონციპი, სურვილის შეთხვევაში მათ უფლება ეძლევათ გადახედონ მათ მიერ შევსებულ კითხვარს.

 

კვლევის შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს გამოკითხული პოპულაციის სიმცირე (არსებული საგნის ფარგლებიდან გამომდინარე) და კვლევის შედეგების რეპრეზენტატულობის მცირე ალბათობა.

 

შედეგები

 

კვლევაში 50 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 40 გამოიკითხა ონლაინ კითხვარის საშუალებით, ხოლო 10 - ანკეტირების მეთოდით.

 

რესპოდენტები წარმოადგენდნენ მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს. გაამოკითხული რესპონდენტებიდან ქალი შეადგენდა 80%-ს (n=40), ხოლო კაცი 20%-ს (n=20). 18-25 წლამდე რესპოდენტები შეადგენდნენ 40%-ს (n=20), 26-34 წლამდე -28%-ს (n=14), 35-40 წლამდე - 12%-ს (n=6), 41-50წლამდე - 10%-ს (n=5), 51-60 წლამდე - 10%-ს (n=5). 60 წლის ასაკის ზემოთ მყოფი რესპონდენტი არ გამოკითხულა.

 

რესპოდენტთა 81%-ს ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ, ხოლო 19%-ს არ ჰქონდა. 

 

ღია კითხვაზე, რომელიც რესპონდენტებს თხოვდა საკუთარი სიტყვებით ევთანაზიის აღწერას, სხვადასხვა პასუხი დაფიქსირდა. ზოგიერთის მიხედვით, ევთანაზია უმტკივნეულო სიკვდილია: „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის უმტკივნეულოდ სიკვდილი“. ზოგიერთი კი მსგავსი განმარტებისას ამატებს პაციენტის ნებაყოფლობით სურვილს: “ტკივილისგან დატანჯული ადამიანის მოკვდინების აქტი, თავისივე სურვილიდან გამომდინარე“. ზოგიერთი კი პაციენტის მოთხოვნასთან ერთად ასახელებს ოჯახის ნებართვას. ერთი რესპოდენტის მიხედვით, ევთანაზია არის: „თვითმკვლელობის უფლების მიღება“, ან სხვანაირად “კანონიერი თვითმკვლელობა, რომელსაც პირი თვითონვე ითხოვს გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილის ან სხვა გარემოების გამო.“ თუმცა, დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“.

 

რესპონდენტებს უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ, რისთვისაც გამოყენებული იყო შეფასების 5 ქულიანი სკალა (1 ნიშნავს სრულიად არ ეთანხმებით, ხოლო 5 - სავსებით ეთანხმებით). სრულიად არ ეთანხმება 6 რესპონდენტი (12%); არ ეთანხმება ევთანაზიას 6 რესპოდენტი (12%); ნეიტრალური პასუხი დააფიქსირა 15 რეპონდენტმა (30%); 15 რესპონდენტი (30%) ეთანხმება, ხოლო 8 რესპონდენტი (16%) სავსებით ეთანხმება ევთანაზიის ქმედებას.

 

შემდეგ კითხვაზე, თუ რა არის მათი დამოკიდებულების მიზეზი, საკმაოდ მრავალფეროვანი და არგუმენტირებული პასუხები გამოვლინდა. ისინი, ვინც სრულიად არ ეთანხმებიან, ძირითადად რელიგიურ ფაქტორს იშველიებენ:

 

“სიცოცხლე, ჩემი აზრით, უფლის საჩუქარია და არავის არ აქვს მისი ხელყოფის უფლება (მათ შორიც, არც ჩვენ გვაქვს საკუთარი სიკვდილის დაჩქარების უფლება) თვითონ უფლის გარდა. მხოლოდ უზენაესს აქვს უფლება წაგვართვას იგი, როცა ამის დრო მოვა. ევთანაზიის შემთხვევაში პაციენტი, მართალია, თავისუფლდება ტანჯვისგან და ტკივილისგან, რაც ნამდვილად რთულად გადასატანია, მაგრაამ ვფიქრობ, მისი ქმედება ამ დროს სუიციდს უტოლდება, რაც როგორც რელიგიური ისე მორალური კუთხით დიდ დანაშაულად ითვლება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ევთანაზია მართლმადიდებლური მრევლისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ქმედებაა.“

 

„ვფიქრობ, რომ სიცოცხლე უფლის საჩუქარია და ჩვენი გარდაცვალებაც მისივე ნებაა. არც ერთ ადამიანს აქვს უფლება ,, შეეხოს" სხვის სიცოცხლეს.“

 

ვინც ევთანაზიას არ ეთანხმება, ამბობს რომ: “არ ვეთანხმები ევთნაზიას, რადგან არავის აქვს უფლება მოუსწრაფოს სიცოცხლე სხვა ადამიანს (თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, როცა ადამიანის მდგომარეობა უიმედოა და სხვა გზა არ არსებობს მისი ტკივილებისგან გასათავისუფლებლად).“

 

ნეიტრალურად განწყობილთა აზრით, მათი ასეთი დამოკიდებულების მიზეზია: „ნეიტრალურად ვარ განწყობილი, თან ვეთანხმები და თან არ ვეთანხმები ბოლომდე. უფრო ინდივიდუალურ სიტუაციებზეა დამოკიდებული ევთანაზიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ ადამიანის ტკივილი გაუსაძლისია და სიკვდილი გარდაუვალია, სჯობს უმტკივნეულოდ გარდაიცვალოს და აღარ იყოს ხანგრძილივი გაუსაძლისი ტანჯვა და ტკივილი, რადგან ყველას ურჩევნია, უმტკივნეულოდ და მშვიდად მოკვდეს, ვიდრე ტკივილით და ტანჯვით. ბოლომდე მისაღები იმიტომ არ არის, რომ ჩემთვის,როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მაინც უჩვეულოა ჩავერიოთ ამ ამბავში და ხელოვნურად გამოვიწვიოთ სხვა ადამიანის სიკვდილი უფრო ადრე, ვიდრე ეს ბუნებრივად მოხდებოდა. ცოტათი მიუღებელია დავაჩქაროთ სხვისი სიკვდილი. ეს საკითხი მომაკვდავმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს.“

 

„მართლმადიდებლობიდან გამომდინარე ეს საქციელი მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ მათთვის ვინც ამას ითხოვს ეს შეიძლება შველაც კი იყოს. ასე რომ არც სრულიად არ ვეთანხმები და არც სრულიად ვეთანხმები.“

 

ისინი ვინც, უბრალოდ ეთანხმებიან, მათი აზრი ასეთია: “როცა ადამიანი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება და კარგად აქვს გააზრებული რას აკეთებს, უფლება აქვს უმტკივნეულოდ სიკვდილი აირჩიოს, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკევული დოზით ტკივილის შემცირება მოხერხდეს კიდეც დროთა განმავლობაში, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი დაფიქრება და ალტერნატივების მოსინჯვაა საჭირო.“

 

რეპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც სავსებით ეთანხმება ევთანაზიას, მათი დამოკიდებულების მიზეზი შემდეგნაირია: „ამ დროს ადამიანი ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზეა, ტკივილები აუტანელია და თავს ზედმეტად, უფუნქციოდ გრძნობს და მისთვის ასეთი ცხოვრება შეუძლებელია. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს სურვილი ახლობლებისთვის, ის ინდივიდუალურია და ვფიქრობ პატივი უნდა ვსცეთ მის გადაწყვეტილებას.“

 

„ტანჯვისგან თავის არიდება ადამიანის უფლებაა.“

 

„ყველას აქვს არჩევანის უფლება.“

 

იყო შემთხვევა, როცა გაუჭირდათ მიზეზის ახსნა და თავისი პოზიციის დაფიქსირება.

 

მომდევნო კითხვაზე: სმენიათ თუ არა ევთანაზიის შემთხვევებზე საქართველოში, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: რესპონდენტების 86%-ს არ სმენია, ხოლო 14%-ს სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ ჩვენს ქვეყანაში.

 

კითხვაზე, მათი აზრით, კრძალავს თუ არა მართლმადიდებლური ეკლესია ევთანაზიას, რესპონდენტების 71% ფიქრობს რომ კრძალავს, ხოლო 29%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი. გადაჭრით არა, არც ერთ რეპონდენტს არ უპასუხია.

 

პასუხი კითხვაზე, თქვენი აზრით, რატომ კრძალავს მართლმადიდებლური ეკლესია ევთანაზიას, უმრავლესობის აზრი შემდეგნაირია:

 

“ალბათ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა კრძალავს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ან სხვის სიკვდილს. ადამიანის მოკვდავობა მიეწერება ზებუნებრივს, საკრარულს.“

 

„მართმადიდებლობა თვითზიანის ნებისმიერ ფორმას კრძალავს, ხელის გაჭრასაც და მითუმეტეს სიცოცხლის ხელყოფას, ვინაიდან ეს მიიჩნევა ცოდვად.“

 

„ევთანაზია თვითმკვლელობაა“

 

კითხვაზე, ევთანაზია რამდენად შეიძლება იყოს გამართლებული, რესპოდენტთა 78% (n=39) უპასუხა რომ გამართლებულია სამედიცინო კუთხით, 30%-ის (n=19) აზრით, გამართლებულია სამართლებრივად, ასევე 30%-ის (n=19) აზრით, გამართლებულია სოციალური კუთხით, 6%-ის (n=3) აზრით გამართლებულია რელიგიურად და 6%-ის (n=3) აზრით გამართლებულია კულტურული კუთხით.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა პაციენტს უფლება, მოითხოვოს უმტკივნეულო სიკვდილი, თუ კი ის უმძიმეს მდგომარეობაშია, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რესპოდენტთა 69%-ის აზრით აქვს უფლება, 26%-ს უჭირს პასუხის გაცემა, ხოლო 5%-ის აზრით არ აქვს უფლება.

 

შემდეგი კითხვა მოითხოვდა პასუხის ღიად ჩაწერას, კერძოდ, უნდა დაესაბუთებინა წინა შეკითხვაზე დაფიქსირებული მოსაზრებები. რეპონდენტებმა, რომლებმაც დააფიქსირეს პასუხი, რომ აქვთ უფლება, ასე დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრება: “თუკი მისი ასეთი მოთხოვნა იქნება სისტემატური, ანუ გარკვეული დროის ინტერვალებში თუ იგივე აზრზე იქნა, უმჯობესი იქნება ევთანაზიის გამოყენება, რადგან მას ამ შემთხვევაში გააზრებული ექნება მისი ქმედება, და თუკი ამას ითხოვს გააზრებულად, ესეიგი მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ტანჯვას მშვიდი განსვენება სჯობს.“

 

„მიუხედავად რელიგიისა და მისი დოგმებისა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ცხოვრების წარმართვის უფლება.“

 

„თუ ადამიანი არ არის რელიგიური, ან მისი მრწამსი არ უკრძალავს ევთანაზიას, მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ქრისტიანული მრწამსისთვის სრულიად დაუშვებელია.“

 

„ჩემი აზრით, იმ ადამიანზე მეტად ვერავინ განიცდის თუ რამდენად მტკივნეულია მისთვის არსებული მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, მისი სრული უფლებაა ან აიტანოს ის ტკივილები, ან უარი თქვას ამ ტანჯვაზე, რადგან სიცოცხლეში ამ აუტანელი ტკივილის გაძლებას სიკვდილი ურჩევნია.“

 

რეპონდენტებმა, რომლებმაც დააფიქსირეს პასუხი, რომ არ აქვთ უფლება, ასე დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრება: „ვფიქრობ, არცერთ პაციენტს არ აქვს იმის უფლება, მოითხოვოს უმტკივნეულო სიკვდილი უმძიმეს მდგომარეობაშიც კი, რადგან ფიზიკური ტკივილი ძალიან ხშირად მათ ამორალურ და ქრისტიანობისთვის მიუღებელი ქმედების - თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგებთ, რაც იმაზე გაცილებით დიდი ცოდვაა, ვიდრე ამ მდგომარეობაში მათ აქვთ გააზრებული.“

 

კითხვაზე, ვის ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პაციენტის სიცოცხლის ხელყოფაში ევთანაზიის პრაქტიკების დროს, რესპონდენტებს მოცემული კატეგორიები რანჟირების მეთოდით უნდა დაელაგებინათ. ამ კითხვაზე პასუხების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ექიმები - რესპოდენტთა 28% (n=14), ოჯახის წევრები -რესპოდენტთა 28% (n=14), სახელმწიფო - რესპოდენტთა 16% (n=8), სასამართლო -რესპოდენტთა 8% (n=4), ეკლესია - რესპოდენტთა 6% (n=3), საზოგადოება - რესპოდენტთა 6% (n=3), სხვა - რესპოდენტთა 8% (n=4).

 

კითხვაზე, პირს, რომელიც პაციენტის დაჟინებული თხოვნით შეასრულებს ევთანაზიის პრაქტიკას, მიიჩნევთ თუ არა დამნაშავედ, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: არ მიიჩნევს დამნაშავედ - რესპოდენტთა 56% (n=28), მიიჩნევს დამნაშავედ - რესპოდენტთა 10% (n=5), გაუჭირდა პასუხის გაცემა - რესპოდენტთა 34% (n=17).

 

კითხვაზე, თქვენ რომ მოგიწიოთ იმ პირის ადგილზე ყოფნა, რომელსაც ოჯახი წევრი თხოვს ევთანაზიის პრაქტიკის შესრულებას (გაითვალსიწინეთ პაციენტი უკურნებელი სენითაა დაავადებული და ყოველდღიურად უფრო იტანჯება, ასევე ისიც, რომ ამ ქმედებას თქვენი სარწმუნოება კრძალავს), შეასრულებდით თუ არა მის თხოვნას, პასუხები ასე გადანაწილდა: შევასრულებდი - რესპოდენტთა 34% (n=17), არ შევასრულებდი - რესპოდენტთა 38% (n=19), შევასრულებდი უფრო, თუ არ ვიქნებოდი ოჯახის წევრი - რესპოდენტთა 6% (n=3), შევასრულებდი უფრო, თუ არ ვიქნებოდი მართმადიდებელი - რესპოდენტთა 10% (n=5), შევასრულებდი თუ არ ვიქნებოდი ექიმი - 0, შევასრულებდი, თუ კანონი ამას არ ამიკრძალავდა - რესპოდენტთა 12% (n=6).

 

შედეგების ინტერპრეტაცია

 

კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ რესპოდენტების უმრავლესობას (81%) ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ საზოგადოება ინფორმირებულია, და ასე თუ ისე გააჩნია საკუთარი აზრი ევთანაზიის შესახებ. შესაბამისად, შესაძლებელია, მათ იცოდნენ ევთანაზიის დადებითი და უარყოფითი შედეგების შესახებ.

 

კითხვაზე, რა არის ევთანაზია, პასუხებიდან გამომდინარე, გამოიყო შემდეგი ასპექტები. პასუხებში ჩანს რომ ევთანაზია მათთვის უბრალოდ უმტკივნეულო სიკვდილია: „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის უმტკივნეულოდ სიკვდილი“. ზოგიერთი კი მსგავსი განმარტებისას ამატებს პაციენტის ნებაყოფლობით სურვილს: “ტკივილისგან დატანჯული ადამიანის მოკვდინების აქტი, თავისივე სურვილიდან გამომდინარე“. ზოგიერთი კი პაციენტის მოთხოვნასთან ერთად ასახელებს ოჯახის ნებართვას. ასევე დაფიქსირდა პასუხი, რომ ევთანაზია არის: „თვითმკვლელობის უფლების მიღება“, ან სხვანაირად “კანონიერი თვითმკვლელობა, რომელსაც პირი თვითონვე ითხოვს გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილის ან სხვა გარემოების გამო.“

 

თუმცა, დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“.

 

რესპონდენტების თითქმის უმრავლესი ნაწილი ნეიტრალურად არის განწყობილი, ან უბრალოდ ეთანხმება ევთანაზიას. თუმცა, როცა ისინი ფაქტის წინაშე დგებიან (მომდევნო კითხვები) ამ კითხვაში დაფიქსირებული მათი თანხმობა ეჭვქვეშ დგება. ისინი ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით გაამართლონ ან არ გაამართლონ ევთანაზიის პრაქტიკები. საინტერესოა, რა არის მიზეზი მათი დამოკიდებულებისა? ამაზე საკმაოდ მრავალფეროვანი და არგუმენტირებული პასუხები გამოვლინდა.

 

ისინი ვინც სრულიად არ ეთანხმებიან, ძირითადად, რელიგიურ ფაქტორს იშველიებენ („ვფიქრობ, რომ სიცოცხლე უფლის საჩუქარია და ჩვენი გარდაცვალებაც მისივე ნებაა. არც ერთ ადამიანს აქვს უფლება „შეეხოს" სხვის სიცოცხლეს“).

 

ვინც ევთანაზიას უბრალოდ არ ეთანხმება, ამბობს რომ: “არ ვეთანხმები ევთნაზიას, რადგან არავის აქვს უფლება მოუსწრაფოს სიცოცხლე სხვა ადამიანს (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როცა ადამიანის მდგომარეობა უიმედოა და სხვა გზა არ არსებობს მისი ტკივილებისგან გასათავისუფლებლად).“

 

ისინი, ვინც ნეიტრალურად არიან განწყობილნი, ასეთი დამოკიდებულების მთავარი მიზეზია: „მართლმადიდებლობიდან გამომდინარე ეს საქციელი მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ მათთვის ვინც ამას ითხოვს ეს შეიძლება შველაც კი იყოს. ასე, რომ არც სრულიად არ ვეთანხმები და არც სრულიად ვეთანხმები.“

 

ისინი, ვინც უბრალოდ ეთანხმებიან, მათი აზრი ასეთია: “როცა ადამიანი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება და კარგად აქვს გააზრებული რას აკეთებს, უფლება აქვს უმტკივნეულოდ სიკვდილი აირჩიოს, თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკევული დოზით ტკივილის შემცირება მოხერხდეს კიდეც დროთა განმავლობაში, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი დაფიქრება და ალტერნატივების მოსინჯვაა საჭირო.“

 

რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც სავსებით ეთანხმება ევთანაზიას, მათი დამოკიდებულების მიზეზი შემდეგნაირია: „ამ დროს ადამიანი ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზეა, ტკივილები აუტანელია და თავს ზედმეტად, უფუნქციოდ გრძნობს და მისთვის ასეთი ცხოვრება შეუძლებელია. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს სურვილი ახლობლებისთვის, ის ინიდიდუალურია და ვფიქრობ პატივი უნდა ვსცეთ მის გადაწყვეტილებას.“

 

„ტანჯვისგან თავის არიდება ადამიანის უფლებაა“

 

„ყველას აქვს არჩევანის უფლება“

 

ამ პასუხებიდან ნათლად ჩანს, რომ ის, ვინც არ ეთანხმება ევთანაზიას, იშველიებს რელიგიურ ფაქტორებს (რატომ კრძალავს ეკლესია და ა.შ), მათ შორის ნეიტრალურად განწყობილი რესპონდენტები, ხოლო ისინი, ვინც ეთანხმებიან ევთანაზიის ქმედებას, ადამიანის კანონიერი უფლებები და პიროვნების თავისუფალი ნება მოჰყავთ არგუმენტად.

 

შედეგებიდან გამომდინარე, რესპონდენტების უმრავლესობას (86%) არ სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ საქართველოში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ რაოდენ მართმადიდებლური ეკლესია კრძალავს ასეთ ქმედებას, ამაოდენ ევთანაზია ჩვენს ქვეყანაში ხშირად არ ხორციელდება, თუ კი, მაშინ ეს იმდენად ტაბუდადებული თემაა, რომ მისი საზოგადოებაში ინფორმაციის სახით გავრცელება იკრძალება. მითუმეტეს, რომ ეკლესია და სასულიერო პირები მეტად დომინანტი აქტორები არიან ქართულ-მართლმადიდებლურ სივრცეში.

 

რესპონდენტების თითქმის უმრავლესობამ (71%) იცოდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს ევთანაზიას. ამის მიზეზად, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს თვითმკვლელეობაა, ან ცოდვა, რომელიც ჩვენი რელიგიით ისჯება.“ალბათ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა კრძალავს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ან სხვის სიკვდილს. ადამიანის მოკვდავობა მიეწერება ზებუნებრივს, საკრარულს.“

 

„მართმადიდებლობა თვითზიანის ნებისმიერ ფორმას კრძალავს, ხელის გაჭრასაც და მითუმეტეს სიცოცხლის ხელყოფას, ვინაიდან ეს მიიჩნევა ცოდვად.“

 

„ევთანაზია თვითმკვლელობაა“

 

რესპონდენტების 39%-ის  აზრით, ევთანაზია გამართლებულია სამედიცინო კუთხით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლები ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს მიიჩნევს იმ ფაქტორებად, რომლის ფარგლებშიც შეიძლება სავსებით გამართლდეს ევთანაზიის ქმედება.

 

გამოკითხულთა 69%--ის აზრით, პაციენტს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, შეუძლია მოითხოვოს უმტკივნეულო სიკვდილი. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მათ მოსაზრებებთან (როგორც მართლმადიდებელ მრევლთან, რომლებიც უარყოფენ ევთანაზიას ყოველგვარი ტანჯვის ფონზე, რადგან რელიგია კრძალავს). 69%-ში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც წინა შეკითხვებზე არ გაამართლეს ევთანაზიის ქმედება. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დააფიქსირეს პასუხი, რომ აქვს უფლება - არგუმენტად ისევ და ისევ მოყავთ ადამიანის უფლებები და რელიგია (თუ კი მისი რელიგია ევთანაზიას არ კრძალავს). ვინც გასცა პასუხი - აქვს უფლება, დასკვნა შეუცვლელია - ისინი თვლიან, რომ ეს მათი სარწმუნოებისთვის მიუღებელია, ეს ცოდვაა.

 

 საინტერესოა, შედეგები იმ თვალსაზრისით, თუ ვის ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პაციენტის სიცოცხლის ხელყოფაში ევთანაზიის პრაქტიკების დროს. მართლმადიდებელმა მრევლმა თანაბარი პასუხისმგებლობა მიანიჭა როგორც ექიმებს, ისევე ოჯახის წევრებს, ხოლო შემდეგ სახელმწიფოს. ამ კითხვის შედეგები შეიძლება დავუკავშიროთ იმ კითხვის შედეგებს, სადაც განხილული იყო, თუ  რომელი სფეროს კუთხით არის გამართლებული ევთანაზია. ამ შემთხვევაში რესპონდენტებმა სამედიცინო კუთხით მეტად გაამართლეს. ამ შედეგებშიც მეტ პასუხისმგებლობას და ნდობას ექიმებს უცხადებენ. ხოლო ოჯახის წევრებს ალბათ იმიტომ, რომ ოჯახი საქართველოში ძლიერი სოციალური ინსტიტუტია. ბევრი ჩვენგანი ხშირად ვითვალისწინებთ ოჯახის წევრების რჩევებს, როცა საქმე თუნდაც სიცოცხლისთვის ასე საფრთხილო ქმედებას ეხება.

 

პირი, რომელიც პაციენტის დაჟინებული თხოვნით შეასრულებს ევთანაზიის პრაქტიკას, მიიჩნევენ თუ არა დამნაშავედ, 28 რესპონდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, 17-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. აქ მოსალოდნელი იყო, რომ რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევდა ამ ადამიანს დამნაშავედ. ეს იქიდან გამომდინარე, რომ 50 რესპონდენტი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და თითქმის უმრავლესობას, ევთანაზიის განხილვისას ცოდვა და რელიგიური აკრძალვა მოჰყავდა არგუმენტად.

 

ბოლო კითხვა დილემის წინაშე აყენებდა რესპონდენტს. კითხვაზე, თუ მას მოუწევდა იმ პირის ადგილზე ყოფნა, რომელსაც ოჯახი წევრი თხოვს ევთანაზიის პრაქტიკის შესრულებას, შეასრულებდა თუ არა მის თხოვნას, პასუხები რადიკალურად განსხვავებული არ ყოფილა. 17-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ შეასრულებდა. ხოლო 19-მა რესპონდენტმა დააფიქსირა პასუხი, რომ არ შეასრულებდა. გამოკითხული რესპონდენტების რაოდენობის ფონზე მაინც დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შეასრულებდნენ ევთანაზიის ქმედებას.

 

საბოლოო ჯამში, რესპონდენტების ნაწილი, რომელსაც ევთანაზიის კრიტიკისას არგუმენტად ცოდვა და მართლმადიდებლური წესები მოჰქონდა, მაინც დათანხმდნენ ევთანაზიის ქმედებას, როცა კი ფაქტის წინაშე დადგნენ. თუმცა, გამოკითხული მართლმადიდებელი მრევლის სიმცირის გამო, რთულია თამამად გამოიტანო რამე დასკვნები და კვლევა რეპრეზენტატულად ჩათვალო. მაგრამ, კვლევა მაინც შედგა და არსებული რეალობა ასე თუ ისე მაინც დაგვანახა. გამოჩნდა ქართველი მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებები და ქმედებები ევთანაზიის საკითხის მიმართ.

 

რეკომენდაციები

 

მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით. იგი უფრო გაუადვილებს ადამიანს მორალურ, ეთიკურ თუ რელიგიურ ღირებულებებში გათვითცნობიერებას. სასურველია, მსგავსი კვლევების მეტი ჩატარება, საკუთარი აზრის უფრო მკაფიოდ და დასაბუთებულად დაფიქსირება, სხვისი აზრის, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთნიკური იდენტობის პატივისცემა.

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან იგი ერთ-ერთი საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. კვლევის მიზანია მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებების შესწავლა ევთანაზიის  მიმართ. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა გამოკითხვა ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეპონდენტების უმრავლესობას (81%) ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“. ვინც არ ეთანხმება ევთანაზიას იშველიებს რელიგიურ ფაქტორებს (რატომ კრძალავს ეკლესია და ა.შ). ისინი ვინც ეთანხმებიან ევთანაზიის ქმედებას, არგუმენტად მოჰყავთ ადამიანის კანონიერი უფლებები და პიროვნების თავისუფალი ნება. რესპოდენტების უმრავლესობას (86%) არ სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ საქართველოში. რესპონდენტების უმრავლესობამ (71%) იცოდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს ევთანაზიას. რესპონდენტების 39%-ის აზრით, ევთანაზია გამართლებულია სამედიცინო კუთხით. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით. სასურველია, მსგავსი კვლევების მეტი ჩატარება.

 

Orthodox attitudes towards euthanasia

 

Mary Mamulashvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelor of Sociology

 

Tengiz Verulava - Doctor of Medical Science, Professor

 

Introduction: Nowadays the right of Euthanasia is the subject of the worldwide discussion, since this is one of the controversial medical, religious, political or ethical issues. The reason for the study is to find out orthodox parish’s opinion regarding the Euthanasia. Methodology:  Within the frameworks of quantitative research interviewees have been interviewed by using semi-structured questionnaire. Results, discussion: The study detected that the most of the interviewees (81%) had information regarding the Euthanasia.  Dominant opinion is that the Euthanasia is:  consent of the life termination during the illness, when there is no solution and recovery is not possible or “a person with incurable disease voluntarily decides to terminate his/her life painlessly. Those who don’t agree with Euthanasia use religious facts, (thy religion prohibits etc.) Those who agree with Euthanasia use human legal rights and individual’s free will as arguments. The most of the interviewees (86%) have never heard about Euthanasia practice in Georgia. Most of them (71%) knew that church prohibits Euthanasia. The 39% of interviewees knew that Euthanasia is a sound decision from the point of medicine. Conclusion: it is advisable to increase public awareness about Euthanasia from the point of religion, medicine, culture and law. It is recommended to increase the number of such studies.

  

ბიბლიოგრაფია

 

  1. ჟურნალი “მართლმსაჯულება და კანონი” N 3 11, გვ 124-134 
  2. კანონი „პაციენტის უფლების შესახებ”. თბილისი, 2000 წლის 5 მაისი
  3. თენგიზ ვერულავა (2016). ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
  4. თენგიზ ვერულავა (2016). ჯანდაცვის სოციოლოგია. სალექციო მასალები. 

 

ციტირება:

 

მარიამ მამულაშვილი, თენგიზ ვერულავა. მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა N 3, 2017.

Read 1335 times